“კახელი რეკავს ”სილქნეტში”, “გოგო რეკავს Iphone პლიუსში”, “ოპერატორი მაგარს ეღადავება” – Youtube-ისა და Myvideo-ს არქივებში მსგავსი სათაურის მქონე არაერთი აუდიოჩანაწერი იძებნება. იმ აბონენტების ჩანაწერები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის ქოლცენტრში რეკავენ და სერვისთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ, “სატელეფონო პრიკოლების ჟანრში” სოციალური ქსელების მეშვეობით გასაჯაროვდა. ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ვიდეოებში, რომელთა უმრავლესობა ძალიან პოპულარულია და ზოგიერთი მათგანის საერთო ნახვების რაოდენობა 300 ათასსაც აღწევს, ადამიანები საკუთარ სახელსა და გვარს, ასევე, მისამართსა და ტელეფონის ნომერსაც ასახელებენ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი ტიპის ჩანაწერები პერსონალურ მონაცემად ითვლება, რადგან პირის იდენტიფიკაციაა შესაძლებელი და მათი ნებართვის გარეშე გასაჯაროება კანონდარღვევაა, რომელიც ფულადი ჯარიმით ისჯება.
“კომპანიას უფლება აქვს ჩაიწეროს ადამიანის საუბარი იმ მიზნით, რომ თავისი მომსახურება გააუმჯობესოს, ეს კანონიერი საფუძველია და, რაც მთავარია, ადამიანი გაფრთხილებულია, რომ მისი საუბარი იწერება, მაგრამ ამ ჩანაწერების გასაჯაროება, სოციალური ქსელებით გავრცელება უკვე მონაცემების დამუშავებაა კანონიერი მიზნის გარეშე, ანუ ეს სცდება პერსონალური მონაცემების დაცვის კანონით გათვალისწინებულ მიზნებს”, – ამბობს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.
ისეთ ვებგვერდზე, როგორიცაა Youtube და Myvideo, რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ დგას იმ ინტერნეტ-ნიკის უკან, ვინც ესა თუ ის ჩანაწერი ატვირთა: კომპანია, კომპანიის რომელიმე თანამშრომელი თუ აბონენტი, რომელმაც ქოლცენტრში დარეკა. თუმცა მსგავსი ტიპის სატელეფონო ჩანაწერებში უხერხულ მდგომარეობაში სწორედ ის აბონენტები არიან გამოყვანილი, რომლებიც პრობლემებზე სასაუბროდ კომპანიაში რეკავენ. ასევე, ისინი ასახელებენ ტელეფონის საკუთარ ნომრებსა და სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რაც იმის ალბათობას, რომ ადამიანებმა საკუთარი თავის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები თვითონ ატვირთეს ქსელში, ამცირებს. გიორგი გოცირიძის თქმით, საჭიროა კონკრეტული საქმის შესწავლა, რომელმაც უნდა გამოავლინოს, ვის მიერ მოხდა ჩანაწერის გავრცელება. საქართველოს კანონმდებლობით ამ საკითხზე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი მუშაობს, თუმცა 2016 წლის 1 იანვრამდე ამ უწყებას კერძო სექტორის ინსპექტირების და დაჯარიმების უფლება არ აქვს:
“აქ არის ერთი პრობლემა. საქმე ის არის, რომ კანონის 34-ე, 35-ე და 39-ე მუხლები არ ვრცელდება კერძო სექტორზე 2016 წლის 1 იანვრამდე. ანუ ინსპექტორს არ აქვს უფლება შეისწავლოს კერძო კომპანიებთან მიმართებაში არსებული საჩივრები, გაუგზავნოს მათ პერსონალური მონაცემების დაბლოკვის თაობაზე მოთხოვნა, ინსპექტორს არ აქვს უფლება კერძო კომპანიებს ჯარიმა გამოუწეროს, ან მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. 2016 წლის პირველ იანვრამდე კერძო სექტორის მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში არ არსებობს რაიმე ეფექტური მექანიზმი, რაც ამ შემთხვევებში შეიძლება იქნას გამოყენებული”.
საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი 2013 წლის ივლისში შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე. ინსპექტორი ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს. მის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმი უნდა გააუქმოს, პირდაპირ ითხოვს, რომ ზემოხსენებული კანონი კერძო სექტორზეც ვრცელდებოდეს. კანონი პრინციპების დონეზე კერძო სექტორზე ვრცელდება კიდეც, თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებულია მორატორიუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლების ინსპექცია ან სანქცირება ზემოხსენებულ თარიღამდე ვერ მოხდება. კანონმდებლების მოტივაცია ამგვარი იყო: საჭიროა გარკვეული პერიოდი კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებისათვის. მსგავს მოტივაციას იურისტი გიორგი გოცირიძეც იზიარებს, თუმცა მან არ იცის, ადეკვატურია თუ არა მორატორიუმისათვის აღებული რამდენიმეწლიანი პერიოდი.
დღეისათვის ინსპექტორის ინსტიტუტს მხოლოდ საჯარო დაწესებულებების ინსპექტირების უფლება აქვს. კანონიერი საფუძვლის გარეშე მონაცემთა დამუშავება 500 ლარით ისჯება, ხოლო თუ ერთ წელიწადში მეორედ დაირღვევა ეს კანონი, უწყება 2000 ლარით დაისჯება, თუმცა სანქცია არ იქნა გამოყენებული, მაგალითად, განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც ამა წლის აპრილში 53-ე სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე ამ სკოლის 3 მშობლის მიერ სამინისტროს ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარების ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჩანაწერში არ ფიგურირებს არც ერთი მშობლის სახელი და გვარი, თუმცა სამივე მათგანი ერთ კონკრეტულ თემაზე, ჩაშლილ სასწავლო პროცესზე საუბრობს და ერთ-ერთი მშობელი ასახელებს საკუთარი შვილის სახელსა და გვარს:
“პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს უნდა მიემართა განათლების სამინისტროსთვის, რომ ეს მონაცემები წაეშალათ”, – აღნიშნავს გიორგი გოცირიძე.
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აცხადებს, რომ მათ ეს საქმე არ შეუსწავლიათ, ამიტომ ვერ ისაუბრებს იმაზე, დაარღვია თუ არ განათლების სამინისტრომ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი. ნეტგაზეთის შეკითხვას, რატომ არ შეისწავლეს თავის დროზე ეს თემა, იგი ასე პასუხობს:
“ეს საკითხი ჩვენი შესწავლის საგანი ნამდვილად არ გამხდარა. შეიძლება უბრალოდ არ ვიცოდით, ჩვენ ხომ აპრიორი ყველაფერს თვითონ ვერ ვაკეთებთ, თუ მოქალაქე მოგვამართავს და ჩათვლის, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაირღვა, ამაზე ვრეაგირებთ. სხვა მექანიზმიც გვაქვს, ჩვენი ინიციატივა, მაგრამ ან მედიასაშუალებებით უნდა გავრცელდეს აქტიურად… ვერ დავდებთ თავს, რომ ყველა მოვლენას შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, გვაქვს შემოსული განცხადებები, ვცდილობთ ყველა ძირითად მოვლენას მივადევნოთ თვალყური, მაგრამ არსებული რესურსი ყველაფრის მონიტორინგის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს. ბევრი თანამშრომელი არ გვყავს”.
რაც შეეხება კომპანიების ქოლცენტრებში განხორციელებულ ჩანაწერების არსებობას, რომლებიც სოციალურ ქსელებში დღემდე პოპულარულია, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა ეს ინფორმაცია ჩვენგან გაიგო და განაცხადა, რომ ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლიდა. მისი თქმით, რეაგირების თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩანაწერების უმეტესობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ არის ატვირთული, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ძალაში არ იყო შესული. ამ საკითხს სხვანაირად უყურებს გიორგი გოცირიძე:
“თუ დღესაც დევს ეს ინფორმაცია კონკრეტულ საიტზე და დაბლოკილი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონის ამოქმედების მომენტშიც გრძელდება ეს დარღვევა. რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოხდა ქმედება, ამ მომენტისთვისაც ირღვევა [იმ აბონენტის უფლება], ანუ დარღვევა გამოდის, რომ განგრძობადი ხასიათისაა, ხომ არ აღმოფხვრილა. პერსონალურ მონაცმების დაცვის ინპექტორმა თავისი უფლებამოსილება უნდა განახორციელოს და შეისწავლოს, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს 2016 წლის 1 იანვრამდე, ვერ გამოიძიებს, როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ, ვერ მოსთხოვს კომპანიებს, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდონ და ვერც სანქციებს დააკისრებს ვერავის”.
სოციალურ ქსელების ის მომხმარებლები, რომლებსაც ზემოხსენებული აუდიოჩანაწერები თავის ანგარიშებზე აქვთ ატვირთულები, რამდენიმე კომპანიას მიუთითებენ და ამტკიცებენ, რომ “ამ პრიკოლებს” ადგილი ძირითადად ინტერნეტ პროვაიდერების ქოლცენტრებში ჰქონდა. 2008, 2009 წლების ჩანაწერებში სოციალური ქსელის მომხარებლების მიხედვით ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეული იყო კომპანია ტელეკომი, რომელიც 2010 წელს ორ კომპანიასთან ერთად გაერთიანდა სილქნეტის ბრენდის ქვეშ. ნეტგაზეთი განმარტებისთვს დაუკავშირდა დღეს მოქმედ რამდენიმე კომპანიას, მათ შორის კავკაზუს ონლაინს, სილქნეტს, რესპუბლიკა ბანკსა და კომპანია Iphone plus-ს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სილქნეტმა გვიპასუხა:
“კომპანია „სილქნეტი“ მკაცრად იცავს „ქოლ-ცენტრში“ მიღებული ზარების აუდიო-ჩანაწერების კონფიდენციალურობას. სატელეფონო ჩანაწერების მიზანია მომსახურების ხარისხის კონტროლი და არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რაც გარეშე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კონფიდენციალური ინფორმაციის კონტროლის მოთხოვნები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და „სილქნეტი“ სრულად იზიარებს პოზიციას, რომ პირადი საუბრების გასაჯაროება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა, რისთვისაც კომპანიაში მოქმედებს მათი დამუშავებისა და გაცემის კანონმდებლობის შესაბამისი წესები. რაც შეეხება Youtube-ზე განთავსებულ ძველ ჩანაწერებს, კომპანია „სილქნეტი“ არ ფლობს მათი მონაწილეების შესახებ ინფორმაციას. არც ერთი ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება, რომ სატელეფონო ჩანაწერებში „სილქნეტის“ ოპერატორები საუბრობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნეტგაზეთთან საუბრისა და საკითხის შესწავლის შემდეგ გუშინ, 11 ივნისს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა განცხადება გაავრცელა და თქვა:
“გახშირდა ინტერნეტ-სივრცეში კომპანიების „ქოლ-ცენტრში“ განხორციელებული ზარების აუდიო-ჩანაწერების გავრცელება. ჩანაწერთა უმრავლესობა გასართობი მიზნითაა გასაჯაროებული და ხშირ შემთხვევაში მოქალაქეთა სრული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას სატელეფონო საუბრის ჩაწერა და ამ გზით პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა ემსახურებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ კანონიერ მიზანს, ხორციელდებოდეს სამართლიანად, კანონიერად, და არ უნდა ლახავდეს მოქალაქეთა ღირსებას.
ორგანიზაცია, რომელიც სატელეფონო საუბარს იწერს სერვისის გაუმჯობესების ან სხვა ლეგიტიმური მიზნით, ვალდებულია დაიცვას პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და მიიღოს ყველა ზომა მათი უკანონო გავრცელების თავიდან ასაცილებლად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოუწოდებს ყველა ორგანიზაციას: მიიღონ სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები ჩანაწერების უსაფრთხო შენახვისა და უკანონო გავრცელების თავიდან ასაცილებლად; გაამკაცრონ შიდა კონტროლი თანამშრომელთა მიერ ჩანაწერებზე წვდომასა და არამიზნობრივ გამოყენებაზე; მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მათ მომსახურებასთან დაკავშირებული, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ჩანაწერების წასაშლელად, თუ არ არსებობს ჩანაწერის გავრცელებაზე მოქალაქის თანხმობა და ჩანაწერი იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას. ჩანაწერებში იდენტიფიცირებული პირების უფლებების დასაცავად ინსპექტორი თხოვს ინტერნეტ-მომხმარებლებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების შემდგომი ტირაჟირებისაგან.
მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ აუდიოჩანაწერების გავრცელებით მათი უფლებები შეილახა, შეუძლიათ დაუკავშირდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს”.
რა შეუძლია ინსპექტორს დღეს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ზემოხსენებული ვიდეოებიდან უკვე ინტერნეტ-სივრცე იცნობს? თამარ ქალდანის განცხადებით, შესაძლებელია კონკრეტული ვებგვერდების ადმინისტრაციებთან დაკავშირება ჩანაწერების დაბლოკვის მიზნით. მისი თქმით, ქართული ვებგვერდების ხელმძღვანელები ინსპექტორთან კარგად თანამშრომლობენ. რაც შეეხება Youtube-ზე ატვირთულ მასალებს, ქალდანი ამბობს, რომ აქ საქმე გაცილებით რთულადაა:
“გუგლის სისტემაში [მონაცემების დაბლოკვა] გამარტივდა, ბევრი მოქალაქე მოგვმართავს და მაქსიმალურად ვეხმარებით, მაგრამ Youtube-ის შემთხვევა სხვანაირია იმიტომ, რომ ვიღაცის ექაუნთით ხდება მონაცემთა ატვირთვა…”.
უკვე ატვირთული ვიდეოების წაშლის პერსპექტივებს (რომელთა უკვე არაერთი კოპიო არსებობს) პესიმისტურად უყურებს გიორგი გოცირიძე. მისი თქმით, არსებული მორატორიუმიდან გამომდინარე მხოლოდ ვებგვერდების ადმინისტრაციების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, წაშლიან თუ არა ისინი ამა თუ იმ მასალას.