ტექნოლოგიები

პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური აქტივისტები

28 სექტემბერი, 2011 • 1111
პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალური აქტივისტები

ბაქრაძის შეხვედრა მისი ფეისბუქის გვერდის აქტივისტებთან
ბაქრაძის შეხვედრა მისი ფეისბუქის გვერდის აქტივისტებთან

ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურობენ ქართველი პოლიტიკოსების facebook-გვერდებზე, უკომენტაროდ არ ტოვებენ არც ერთ ბმულს, ცხარე კამათში შედიან სხვა მომხმარებლებთან? მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ნერვიულობენ, როდესაც საყვარელი პოლიტიკოსის ფოტოს 666 კომენტარი აქვს და საკუთარ მეგობრებს თხოვენ, სასწრაფოდ დატოვონ ექვსას სამოცდამეშვიდე. სხვები კი, უბრალოდ, მოკრძალებით ულოცავენ საეკლესიო დღესასწაულებს თანამდებობის პირებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გვერდს  30 ათასამდე ასეთი მხარდამჭერი ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარე პირველად საკუთარი facebook-გვერდის მომხმარებლებს 9 აგვისტოს შეხვდა. როგორც ჩანს, ის კმაყოფილი დარჩა, რადგან 21 სექტემბერს შეხვედრა გაიმეორა.

ბაქრაძის მხარდამჭერებს  შორის, იმ ხალხთან ერთად, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს, არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან.

”არ ვიცი სხვები, მაგრამ მოზღვავებულმა ემოციებმა იმ ღამით თვალი არ დამახუჭვინა, ვცდილობ, გავიხსენო ყველა დეტალი!” – წერს ნინო მარშანია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ facebook-ზე განთავსებულ ფოტოზე.

ნათია ცინცაძე კი იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც შეხვედრაზე მისვლა ვერ მოახერხა.

”ძალიან ვწუხვარ და ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, ცრემლები მომდის, ამ სურათს რომ ვუყურებ, დიდი ბოდიში, ბატონო დავით” – ეს კომენტარი მას პარლამენტის თავმჯდომარესთან გადაღებულ საერთო სურათზე აქვს დატოვებული.

ის, რომ დავით ბაქრაძე facebook-ზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები თავს მის მეგობრებად მიიჩნევენ. რომან კოხრეიძე წერს: ”ბატონყმობა ხომ დიდი ხნის წინ გადავარდა, დავითს ბატონობით ვერ მივმართავ, სიყვარულოვიჩით შეიძლება მივმართო, იმიტომ, რომ საყვარელი ადამიანია”.

facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი კი პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს, ქუთაისში ჩასვლის შემდეგ არ დაივიწყოს მეგობრები და პარლამენტში დაპატიჟოს.

ქეთი ბუცხრიკიძე დავით ბაქრაძესთან ერთად
ქეთი ბუცხრიკიძე დავით ბაქრაძესთან ერთად

33 წლის ქეთი ბუცხრიკიძეს, როგორც თავად ამბობს, ძალიან გაუმართლა: 21 სექტემბერს ის ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც დავით ბაქრაძეს შეხვდა. ქეთი სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ზესტაფონიდან ჩამოვიდა თბილისში. უხარია, რომ ხალხის არჩევისას რეგიონში მცხოვრებლებს უპირატესობა მიენიჭათ. მანამდე თავს არ ზოგავდა, კომენტარებს ტოვებდა და როგორც შეეძლო, აქტიურობდა პარლამენტის თავმჯდომარის facebook გვერდზე, იყვნენ მასზე უფრო აქტიური მომხმარებლებიც, მაგრამ მაინც მას გაუმართლა.

”როცა მასთან შესახვედრად მივდიოდი, საშინლად დაძაბული ვიყავი, მაგრამ შემდეგ ხელი ჩამოვართვი და მაშინვე მომეხსნა დაძაბულობა”, – ამბობს ქეთი.

ის ზესტაფონში მეუღლესთან და 11 წლის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე უმუშევარია, თავად კი ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მოლარედ მუშაობს. განათლებით დაწყებითი კლასების მასწავლებელია, იცის, რომ პედაგოგებს მასზე მეტი ხელფასი აქვთ: ”ალბათ, კარგ სპეციალისტებს 300 ლარიც ექნებათ, მაგრამ არ მიცდია პროფესიით სამსახურის ძებნა”. დავით ბაქრაძესაც სწორედ დასაქმებასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა და ახლა იმედი აქვს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანისას ხალხი მშენებლობაზე დასაქმდება, შემდეგ კი უკვე სხვა სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.

ქეთი ამბობს, რომ იმ პოლიტიკოსების გვერდებს კითხულობს, ვინც facebook-ზე აქტიურია, ასეთები კი, მისი თქმით, უმეტესად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან: ”ხელისუფლების წევრებს არ ვამჯობინებ, უბრალოდ, აქ ვერ ვიპოვე ოპოზიციის ვერაფერი.” ამის გამო ის ფიქრობს, რომ ოპოზიციას მხარდამჭერიც ნაკლები ჰყავს, შეხვედრით კი მათაც სიამოვნებით შეხვდებოდა: ”მე მგონი, ყველა ადამიანის სურვილია ის, რომ შეხვდეს თანამდებობის პირს”.

ქეთი მიხეილ სააკაშვილის ნახვაზეც ოცნებობს: ”მიშა დავითზე უფრო თავისუფალი და გულღია ადამიანი ჩანს”, – საბოლოოდ კი, იმ იმედით, რომ ცნობილ ადამიანებს კიდევ შეხვდება, მომავალშიც გააგრძელებს facebook-ზე აქტიურობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი