სამხრეთ კავკასიის ამბები

“ეს როგორ დავუშვით?”- 70 ათასზე მეტი დევნილი ყარაბაღიდან სომხეთში

28 სექტემბერი, 2023 • 8860
“ეს როგორ დავუშვით?”- 70 ათასზე მეტი დევნილი ყარაბაღიდან სომხეთში

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, სომხეთი


აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტევის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის სომხები იძულებული არიან, საკუთარი სახლები დატოვონ, ამჯერად, სამუდამოდ. ადამიანების უმრავლესობა სომხეთში რამდენიმე ჩემოდნითა და საჭირო დოკუმენტებით მოდის. მთიან ყარაბაღში კი ტოვებს- საკუთარ სახლებს, მიწას, ქონებას და მოგონებებს.

როგორც წესი, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად ორი საათია საჭირო, თუმცა, ახლა, საცობის გამო ადამიანები გზაში 20-25 საათი დგანან. ზოგიერთი ყარაბაღელი სომხეთში მეზობლის ან ახლობლის მანქანით ჩამოდის, ზოგიერთი – ფეხით.

სახლების დატოვებამდე ყარაბაღელებმა ცხრათვიანი ბლოკადა და შიმშილი გამოიარეს.  შესაბამისად, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ჩამოსვლისთანავე ყველას ურიგდება საკვები. ბედნიერება კი სახეზე მხოლოდ ბავშვებს ემჩნევა – ბლოკადის შემდეგ პირველად სინჯავენ ტკბილეულს. 

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლის მსურველებს ლაჩინის გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამოწმებენ. განსაკუთრებულად კონტროლდება ავტომობილების საბარგულები, რომლითაც აზერბაიჯანი აკონტროლებს იარაღის შესაძლო გადატანასა და ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ჩინოვინკების გადასვლას. 

უკანასკნელი მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე ჩავიდა 70 ათასზე მეტი ადამიანი.

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

სომხეთის სახელმწიფო ეხმარება ყველას, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი ან ბინის დასაქირავებელი ფული. მათი განთავსება ხდება დროებით საცხოვრებელში. ჯერ უცნობია, რამდენ ხანს მოუწევთ ყარაბაღელებს ამ პირობებში ცხოვრება და რა სახელმწიფო პროგრამებით დაეხმარებიან ადამიანებს.

ამ ეტაპზე სომხეთის მთავრობის მიერ ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირების პირველადი საჭიროებისთვის 10 მილიარდი სომხური დრამია გამოყოფილი. სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ყარაბაღიდან სომხეთში ჩასული საპესნიო ასაკის მოსახლეობა სომხეთის საპენსიო სისტემაში ჩაერთვება. 

ამ ეტაპზე სომხეთში ცდილობენ, ჯერ მოთხოვნილებების მინიმუმი დაუკმაყოფლონ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს – საკვები, ტანსაცმელი, სამედიცინო მომსახურება და თავზე ჭერი.

ქალაქი გორისი, სომხეთი. გორისის თეატრის შენობაში ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრია გახსნილი.  ამავე ქალაქში დევნილები რეგისტრაციას გადიან, შემდეგ კი საცხოვრებელში გადაჰყავთ.  

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

მათ შორისაა მასწავლებელი ქალაქ მარტაკერტიდან, რომელიც უკანასკნელ დღეებს “ჯოჯოხეთად” იხსენებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ეს ამბები მის თავს ხდება.

“სკოლაში ვიყავი, როცა დაბომბვა დაიწყო. ვერ დავტოვე მოსწავლეები და შვილთან ვერ წავედი. სწრაფად შევკრიბე ყველა და თავშესაფარში ჩავიყვანე. თითქმის ორი დღე იქ ვიყავით და ორი დღე არ ვიცოდი, ჩემი შვილი სად და  როგორ იყო. შემდეგ კი შეგვატყობინეს, რომ სტეპანაკერტში გადაგვიყვანდნენ ევაკუაციისთვის. ტირილი ამივარდა, რომ სახლში შვილთან მისვლა და ნივთების წამოსაღებად არ გამიშვეს. ახლაც იმავე ტანსაცმლით ვარ, რაც იმ დღეს სკოლაში მეცვა. აღმოჩნდა, რომ  სტეპანაკერტში სხვა ავტობუსით ჩემი შვილიც ჩამოიყვანეს. იქ მთელი ღამე ვეძებდი, რომ მეპოვა. ტელეფონები და კავშირი არ გვქონდა. საბოლოოდ, ერთმანეთი ფეისბუკის საშულებით ვიპოვეთ. სომხეთში კი მეზობლის მანქანით ჩამოვედით ორივე ”,  – ამბობს ქალი.

ქალი ამბობს, რომ წლების განმავლობაში აშენებდნენ ყარბაღში სახლს, შექმნეს ყველა პირობა საცხოვრებლად, იქორწინეს, შვილები გააჩინეს და ახლა მშიერ, უსახლკარო დევნილებად იქცნენ.

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

ყარაბაღიდან დევნილი ბებია აცრემლებული ჰყვებოდა, რომ ეს ჩაიდანი ჯერ კიდევ დედამისმა აჩუქა ქორწინების დღეს. 

“ეს ერთადერთი ხსოვნა დედისგან, ფოტოსურათიც კი არ მაქვს მისი. ჩვენი სახლი დაბომბეს, სოფელში შემოვიდნენ და ყველაფერი გაანადგურეს. მაშინ დავკარგეთ ყველაფერი”. 

განსაკუთრებით რთული დღეები უდგათ მრავალშვილიან დედებს. ისინი ჰყვებიან, რომ ცხრათვიანი ბლოკადის დროს ბავშვებისთვის წამლებს ვერ შოულობდნენ აფთიაქებში, რის გამოც შესაბამისი მკურნალობა ვერ ჩაუტარდათ და ზოგიერთ ბავშვს ქრონიკული დაავადება განუვითარდა. 

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

ინგაც ქალაქ მარტაკერტიდანაა. ხუთი არასწრულოვნის დედა იმედს გამოთქვამს, რომ სომხეთის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იქნება მისი შვილების მკურნალობა და ნორმალურ საცხოვრებელსაც გამოუყოფენ, სადაც ზამთარში გათბობის პრობლემა არ ექნებათ.

“ბოლო თვეებში ისე ცუდად ვკვებავდით ბაშვებს, გამოიფიტნენ. ძალიან გვიჭირდა საკვების შოვნა. მით უმეტეს, ჩვენ გვქონდა მიწა, მოგვყავდა რაღაც ბოსტნეული. ქალაქში კი ამის საშულებაც არ ჰქონია ხალხს, ბენზინიც კი არ იშოვებოდა, რომ სოფლებში ჩამოსულიყვნენ და რამით დავხმარებოდით. რატომ გადავიტანეთ ეს სირთულეები, იმისთვის, რომ საბოლოოდ მაინც ყველაფერი, სახლი, მიწა, დაგვეკარგა? ხვალ, ალბათ, სხვა იცხოვრებს ჩვენს, ჩვენი შვილებითვის აშენებულ სახლებში. როგორ დავუშვით ეს?”- ამბობს ინგა და თან ჰუმანიტარული დახმარებიდან შესაბამისი ზომების ტანსაცმელს არჩევს შვილებისთვის. 

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

photo: Goris; Lusine Arakeliyan/netgazeti, 2023

აქ ყველა ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება კი არწმუნებს მათ, რომ დარჩნენ და ცხოვრება გაგრძელონ მთიან ყარაბაღში, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ ერთად ცხოვრება მათთან, ვინც შვილები, ქმრები და მამები მოუკლა. 


მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი