სამხრეთ კავკასიის ამბები

ომი უკრაინაში და მისი ნეგატიური გავლენა საქართველოს კონფლიქტებზე

9 მაისი, 2022 • 2457
ომი უკრაინაში და მისი ნეგატიური გავლენა საქართველოს კონფლიქტებზე

ავტორი:  დავით ჯიშკარიანი, თბილისი


რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ომის  დაწყებამ, მსოფლიოში თუ არა, ევროპაში საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა ნამდვილად შეცვალა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური გარემო სწრაფად და დინამიკურად იცვლება. ეს ცვლილებები რას მოიტანს, ახლა რთული სათქმელია, შეუძლებელიც კი,  მაგრამ ცვლილებები გარდაუვალია.

უკრაინის ომი არამარტო საქართველოს შიდაპოლიტიკურ დისკურსზე ახდენს გავლენას. ის ნეგატიურად მოქმედებს საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებზე, ჩიხურ სიტუაციას უფრო ართულებს და მომავალს მეტად ბუნდოვანს ხდის.  კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, მოგვარებაზე და საქართველოს სივრცეში ინტერგრაციაზე საუბარი უფრო რთულდება. ემოციური სურვილების მიღმა რეალური სიტუაცია ძალიან სუსხიანია. ამ ომმა, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს, მეორე მხრივ კი, გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრება აფხაზებსა და ოსებს შორის გაუცხოება კიდევ უფრო გაზარდა.

უკრაინაში საომარი მოქმედებების თეატრი რამდენიმე ასეულ კილომეტრზეა გაჭიმული. აქ  სხვადასხვა ეროვნების ხალხი მონაწილეობს ომში. უკრაინის გენერალურ შტაბს ემორჩილება უცხოური ლეგიონი, რომლის შემადგენლობაში ქართველებიც იბრძვიან.  უკრაინელების მხარეს ასევე იბრძოდნენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და საქართველოს პარლამენტის მოქმედი  წევრი ალექსანდრე ელისაშვილი. საქართველოს დროშა მეომრების სამკლაურ ნიშანზე, ასევე, ხშირად ჩნდება მსოფლიო მედიაში, როდესაც  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

თბილისში რამდენიმე ხალხმარავალი აქცია გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად.  ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული  ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი კიევში ერთად წასვლაზე ვერ შეთანხმდა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ ყველა ჩავიდა უკრაინის დედაქალაქში მხარდაჭერის გამოსახატად.

ამ ომის პირველი დღეებიდან საქართველოს მოქალაქეები ომის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, აფხაზები და ოსები კი – მეორე. ონლაინ სივრცეში ინტენსიურად ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იბრძვის აფხაზებისგან დაკომპლექტებული სამხედრო შენაერთი დონეცკის სახალხი რესპუბლიკის შემადგენლობაში.

მისი მეთაური ახრა ავიძბა 2014 წელსაც მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში დონბასში. შემდეგ აფხაზეთში ეცადა პოლიტიკური კარიერის შექმნას, თუმცა, უშედეგოდ. სიტუაცია რადიკალურად შიეცვალა 2019 წელს, როდესაც სოხუმის ცენტრში  ორი კანონიერი ქურდი, ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა მოკლეს. კრიმინალური საქმის გარჩევა სოხუმში რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებიდან გადაყენებით დასრულდა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ მოკლული ალხაზ ავიძბას ბიძაშვილს, ახრა ავიძბას. მან ქუჩის მობილიზაციის ხარჯზე მოახდინა ხელისუფლების ცვლილება. თუმცა პოლიტიკური კარიერა ვერ გაიკეთა და მისი აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლობაც ხანმოკლე აღმონდა.  რუსეთ-აფხაზეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც მან მანქანით გაიტანა შლაგბაუმი, მცირე ხნით დაპატიმრებულიც კი იყო.

უკრაინის ახალ ომში ახრა ავიძბა უფრო ორგანიზებული ჩანს და უკვე არა მარტო ათეული, არამედ უფრო დიდი სამხედრო შენაერთი ემორჩილება. ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩნდება მამაკაცი, რომელიც ამაყობს, რომ იყო აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის დაცვის უფროსი, ახლა კი დონბასში ცდილობს, მათი ბაბუების დაწყებული საქმე – „ფაშისტების“ განადგურება დაასრულოს.  ამ სამხედრო შენაერთებს ხშირად ღიად უჭერენ მხარს აფხაზი პოლიტიკოსები. მათ საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტისგან მხარდაჭერა გააჩნიათ.

აფხაზეთში რამდენიმე საჩვენებელი აქციაც გაიმართა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს ამართლებდა. მცირერიცხოვან აქციებზე გამოსახული იყო Z ნიშანი. ეს განწყობები გასაკვირი არცაა, რადგან აფხაზური საზოგადოება ძირითადად ინფორმაციას რუსული სატელევიზიო არხების საშუალებით იღებს და სრულიად არიან ამ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრირებული. უკრაინაში ომს, საერთაშორის პოლიტიკას და მიმდინარე პროცესებს რადიკალურად განსხვავებული თვალით ხედავენ. გარდა ამისა, მათ აღქმაში ევროპა და ნატო მათი მოწინააღმდეგენი არიან.

ამ კუთხით სიტუაცია თითქმის იდენტურია სამხრეთ ოსეთში. აქაური საზოგადოებაც ინფორმაციულად რუსულ სივრცესთანაა მიბმული და ეს არის მათი ინფორმაციის ერთადერთი წყარო.  სამხრეთ ოსეთის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ განაცხადა, რომ სხვის ომში ოსი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ.  ამ მოვლენას წინ უძღოდა სამხედრო შენაერთის დაბრუნება უკრაინიდან სამხრეთ ოსეთში.  მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებით ხშირად ჩნდება ცნობა ამ ომში დაღუპული ეთნიკურად ოსი მებრძოლების შესახებ, რომლებსაც შემდეგ საკუთარ სამშობლოში ჩამოასვენებენ.

უკრაინაში ომმა თვალსაჩინო გახადა, რომ საქართველოს მოქალაქეები და პოლიტიკური ელიტა უკრაინის და მისი პარტნიორების მხარდამჭერია, ხოლო საქართველოს ტერიტორიას გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები იბრძვიან რუსეთის ფეერაციის ან ფედერაციის მიერ მხარდაჭერილ დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში. პოლიტიკურ კრიზისების დროს ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. 

ომის დასრულების შემდეგ,  შედეგის მიუხედავად,  მეხსიერების პოლიტიკის წარმოების პროცესში, საქართველო ერთ მხარეს, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მეორე მხარეს აღმოჩნდებიან. ეს კი კიდევ ერთი რთული საკითხი იქნება, რომელიც ამ კონფლიქტების მოგვარების ხანგრძლივ საქმეს წინ გადაეღობება.

მასალების გადაბეჭდვის წესი