სამხრეთ კავკასიის ამბები

როცა გოგოს ბიჭი ურჩევნიათ – სომხეთში შერჩევით აბორტს აკრძალავენ

14 ივლისი, 2016 • 1516
როცა გოგოს ბიჭი ურჩევნიათ – სომხეთში შერჩევით აბორტს აკრძალავენ

სომხეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც სქესის მიხედვით აბორტებს აკრძალავს. სომხეთის საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეზღუდვა ადრევე უნდა დაწესებულიყო.

“პირველი გოგო გამიჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ამ ფაქტის გამო ქმარი და დედამთილი ცოტა იმედგაცრუებული იყვნენ, სამშობიარო სახლში მაინც სიხარულით შეგვხვდნენ. მას შემდეგ ყოველ ჯერზე ისევ გოგოზე ვორსულდებოდი”, – ჰყვება ანი [მისი სახელი შეცვლილია].

მეორე შვილის დაბადებამდე ქმრის ოჯახის წევრებმა 4-ჯერ აიძულეს ორსულობის შეწყვეტა, რადგან ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკლევით ყველა ჯერზე ქალის სქესი დგინდებოდა. ანი ჰყვება, რომ ქმარი რამდენჯერმე განქორწინებით დაემუქრა, “თუ ბიჭს ვერ გაუჩენდა”. მეექვსე ორსულობის დროს გაირკვა, რომ ნაყოფი მამრობითი სქესისაა.

ნაყოფის სქესის გამო ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, სომხეთში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. სომხეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობის ანგარიშის “ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზები სომხეთში” მიხედვით, ქვეყანაში ყოვეწლიურად, სქესის შერჩევის მიზეზით, 1400 გოგო არ იბადება. სპეციალისტების პროგნოზით, თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდა, 2060 წლისთვის სომხეთი 93 000 ქალს დაკარგავს.

ამავე ანგარიშის შესაბამისად, სქესის მიხედვით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პროცენტული მაჩვენელებლებით სომხეთი მხოლოდ ჩინეთს ჩამოუვარდება და მეორე ადგილს იკავებს. 100 ქვეყანას შორის აბორტების ზოგადი მაჩვენებლით კი სომხეთი 26-ე ადგილზეა.

ონკოლოგ-გინეკოლოგი, ვაგე ტერ მინასიანი ამბობს, რომ გოგონებს სომხეთში უმართლებთ, თუკი ისინი ოჯახში პირველები იბადებიან.

“ჩემი, როგორც ექიმის დაკვირვება აჩვენებს, რომ სომხურ ოჯახებში ბიჭი განსაკუთრებით სასურველია. თუ გოგო პირველი შვილია, ეგუებიან ამას, თუმცა მეორე შვილზე ორსულობისას იმავე სქესის შემთხვევაში, ურჩევნიათ აბორტი გაიკეთონ”, – ამბობს ექიმი.

ტერ-მინასიანის აზრით, სომხეთში სელექციური აბორტების ერთ-ერთი მიზეზი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა: საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გოგო გაიზრდება, გათხოვდება და მშობლებზე ვერ იზრუნებს. მათი აზრით, ბიჭი უფრო საიმედოა: გაიზრდება, მშობლებთან ერთად იცხოვრებს და მათ სოციალურ მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებს”.

თუმცა სქესის მიხედვით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა  სოციალურად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვისაც არ არის უცხო.

ნარინე [სახელი ასევე შეცვლილია] ფინანსურად უზრუნველყოფილია. სამი შვილი ჰყავს, სამივე – გოგო. ნარინე ჰყვება, რომ პირველ შვილს სიხარულით შეხვდა ოჯახი. მეორე გოგონას დაბადების შემდეგ მშობლების დაჟინებული თხოვნით ბიჭის გაჩენა დაგეგმეს. ნაყოფის არასასურველი სქესის გამო 7 აბორტი გაიკეთა. მერვე შემთხვევაში, მუცლად ყოფნის დროს ნაყოფი ისეთ მდგომარეობაში იყო, სქესის დადგენა ექიმებს გაუჭირდათ. მხოლოდ 6.5 თვეზე დაადგინეს, რომ ისევ გოგო დაიბადებოდა.

“ამ პერიოდში ბავშვის მოძრაობას უკვე ვგრძნობდი და ვერაფრით წავიდოდი აბორტზე. ამ ფაქტმა ოჯახში სევდა და იმედგაცრუება გამოიწვია”, – ამბობს ნარინე.

ის ჰყვება, რომ მანამდე, სანამ ბავშვის სქესს დაადგენდნენ, ნაყოფის მდგომარეობის შესაცვლელად სიმაღლეებიდან ხტებოდა, ხელებს იტყამდა მუცელზე, თუმცა, უშედეგოდ.

ბავშვის სქესის დასადგენად მიმართულ ამ ქმედებებს უკვალოდ არ ჩაუვლია – ბავშვი ჯანმრთელობის პრობლემით დაიბადა.

ნარინემ და მისმა ქმარმა კიდევ გადაწყვიტეს ცდა: იქამდე ვეცდებით, სანამ ბიჭი არ დაიბადება. აბა, რა ვქნათ? ბიჭი აუცილებელია – ოჯახის, გვარის გასაგრძელებლად”, – ამბობს სამი გოგოს დედა.

სომხეთში ჯერჯერობით არ არის კანონი, რომელიც სელექციურ აბორტებს კრძალავს. სომხეთის რესპუბლიკის “რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადამიანის რეპროდუქციული უფლებების შესახებ” კანონის თანახმად, 12 კვირამდე ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქალის განცხადების საფუძველზე ხდება. ამავე მუხლის მესამე პუნქტით, 22 კვირამდე ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას სამედიცინო ჩვენება და ქალის თანხმობა სჭირდება. უკვე წლებია, საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებრივ პლატფორმებზე განიხილავენ კანონმდებლობის მიღებას, რომელიც სელექციურ აბორტებს კრძალავს.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული კრების საგანგებო ხდომის დროს, დეპუტატებმა მეორე მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ძირითადი მიზანია ბრძოლა სქესის მიხედვით აბორტების წინააღმდეგ.

კანონპროექტის მიხედვით, ორსულობის 12-დან 22 კვირამდე იკრძალება ორსულობის ხელოვნული შეწყვეტა კანონით გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარდა, მათ შორის ნაყოფის სქესის მიხედვით.

ამავე დროს, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რიცხვის შემცირების მიზნით, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ქალებს, რომლებიც კანონით დაშვებული ორსულობის შეწყვეტის მიზნით მიდიან სამედიცინო დაწესებულებებში, გადაწყვეტილების საბოლოოდ მისაღებად 3 კალენდარული დღე მიეცეთ. მსგავსი პრაქტიკა არსებობს დასავლეთის ქვეყნებშიც: გერმანიაში ეს ვადა 3, ნიდერლანდებში 5, იტალიასა და ეპანეთში 6, აშშ-ში კი 18 საათიდან 3 დღემდე განისაზღვრება. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა საქართველოს კანონმდებლობითაც არის დადგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი