სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის საზოგადოებაში ცვლილებებს ქალები შეიტანენ – ანა შაჰნაზარიანი, ფემინისტი სომხეთიდან

19 მაისი, 2016 • 2190
სომხეთის საზოგადოებაში ცვლილებებს ქალები შეიტანენ – ანა შაჰნაზარიანი, ფემინისტი სომხეთიდან

ანა შანჰაზარიანი სომხეთის ფართო საზოგადოებისთვის 2014 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ეკოლოგიის მინისტრს მოუწოდა, იმ მდინარიდან დაელია წყალი, რომელშიც წყალსაცავის ნარჩენები ხვდება. ეკოლოგიური პრობლემების პარალელურად, ანა ქალების უფლებებზე მუშაობს და აქტიურ ფემინისტად მიიჩნევა სომხეთში, სადაც დღესდღეობით ფემინისტური ორგანიზაციები, თითქმის, არ არსებობს.

ეკოლოგიური პრობლემებიდან ფემინიზმის საკითხებზე გადახვედი. როგორ ფიქრობ, დღეს ეს თემა სომხეთისთვის უფრო აქტუალურია?

მე ეკოლოგიც ვარ და ფემინისტიც, ორივე სფერო ჩემთვის მნიშვნელოვანია. ფემინიზმის პრობლემებით, როგორც პოლიტიკური აქტივიზმის ფორმით, უფრო გვიან დავკავდი, თუმცა ქალების უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობის პრობლემების გააზრების ფორმირება ჩემში უფრო ადრე მოხდა. დედაჩემი სომხეთის ქალთა ასოციაციის წევრი იყო. პირადად მე ამ ორგანიზაციასთან ცალსახა დამოკიდებულება არ მაქვს. თუმცა ამ ორგანიზაციის წყალობით დედას მოჰქონდა ადგილობრივი და საერთაშორისო ლიტერატურა ფემინიზმის შესახებ, რომელსაც ვკითხულობდი. შემდეგ უფრო საფუძვლიანად დავიწყე ამ ყველაფრის შესწავლა. ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას შეიძლება უწოდო სამართლიანობისთვის და უფლებების დაცვისთვის ბრძოლა.

როგორ ეძებთ ძალადობის მხვერპლ ქალებს, რეგიონებში დადიხართ? სად ესაუბრებით ქალებს?

ქალთა მდგომარეობის ანალიზს, პირველ რიგში, საკუთარი ცხოვრების მაგალითით ვახდენ. მე არ ვარ ქორწინებაში, მაქვს განათლება, შემოსავალი, დამოუკიდებლად ვიღებ გადაწვეტილებებს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ. თუმცა პატრიარქალური წყობა დარტყმებს მეც მაყენებს – თუ ჩემს მეზობელ ქალს ქმარი სცემს და მე ეს მესმის, ჩარევას ვიწყებ, პოლიციას ვუკავშირდები და ამ პროცესში მეც ვხდები ჩართული. ან როდესაც მიტინგზე გამოვდივარ და მეუბნებიან- შენ ქალი ხარ, პირველი რიგებიდან უნდა გამოხვიდე და რუპორი მამაკაცს გადასცე.

რომანტიზებას არ ვახდენ, მაგრამ სომხეთში ცვლილებების მატარებელნი, ვისაც პოტენციალი აქვს, ქალები არიან. დიდი ხნის განმავლობაში ქალები დათრგუნული იყვნენ. დღეს კი კარგად აცნობიერებენ საჭიროებას და აუცილებლობას, ამ მდგომარეობას თავი დააღწიონ. თუკი ისინი გადადგამენ გაბედულ ნაბიჯებს, ყველა მოძრაობის ლიდერები გახდებიან.

როდის და რატომ დაიწყო სომხეთში ფემინიზმის აღქმა რადიკალურად?

ფემინიზმის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას სომხეთში ღრმა ფესვები აქვს და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდს უკავშირება. ამასწინათ კვლევა წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ 90-იანი წლების გარდამავალ პერიოდში სომხეთში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ ის საკითხები ისმებოდა, რომლებიც აქტუალური იყო მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენს ცნობიერებაში არ იყო ადაპტირებული. მაგალითად, გენდერული თანასწორობის თემა. ამ კვლევაში ჩართული იყვნენ 1990-2000-იან წლებში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად ეს ორგანიზაციები არ მიიჩნევდნენ თავს ფემინისტურ ორგანიზაციებად. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ ფემინიზმი ცუდია და მათი საქმიანობა მხოლოდ ქალთა პრობლემებს უკავშირდება. ამის თქმა მოუმწიფებლობაზე მიუთითებს. ქალთა საკითხი არ განიხილებოდა სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემად და უთანასწორობისა და პატრიარქალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლად. განიხილებოდა, როგორც ინსტრუმენტი ფულის მისაღებად და პროგრამული ვალდებულების შესასრულებლად.

ის მცირეოდენი ადამიანები, რომელბმაც საკუთარი თავის პოზიცირება ფემინისტებად დაიწყეს, უმრავლესობის სამიზნედ გადაიქცნენ. მმართველი პოლიტიკური სისტემის მომსახურე გაერთიანებებმა, ორგანიზაციებმა და ცალკეულმა პირებმა ხელისუფლების თვალში ქულების დასაწერად ეს ხალხი “ტალახში გასვარა”. მმართველი პარტიის პოლიტიკის მიზანია, ქალები მომსახურე მდგომარეობაში ამყოფოს და ამ იდეის გარშემო შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი.

დღეს, ომის პირობებში, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო მილიტარიზაცია მიმდინარეობს, ფემინისტების მიმართ თავდასხმები უფრო აშკარა გახდა. ის მცირე სივრცეც კი, რომელიც ქალების თავისუფლების საკითხებისთვის არსებობდა, სამხედრო საკითხებით ჩანაცვლდა.

არსებობენ ადამიანები სომხეთში, რომლებიც პრინციპში არ არიან წინააღმდეგი ფემინისტური იდეების, თუმცა მიიჩნევენ, რომ თავად ფემინისტური მოძრაობა ფემინიზმთან მებრძოლ ნაციონალისტებზე უფრო აგრესიულია. რატომ ფიქრობს სომხეთის საზოგადოების თუნდაც ნაწილი ასე?

ეს არის აღქმის პრობლემა. როგორ აღიქვამენ ეს ადამიანები ბრძოლას მონათმფლობელობის წინააღმდეგ? ისინი ვერ ხედავენ, რომ ეს მოძრაობა მათი გათავისუფლებისკენ არის მიმართული. თუ დიქტატურის ჩამოყალიბებას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება, პატრიარქალური წყობა არის მოვლენა, რომელიც ბევრად დიდი ხნის განმავლობაში ყალბიდებოდა. ამის გათვალისწინებით, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ პატრიარქატისგან რადიკალური და გარდამტეხი ზომების გარეშე?! როდესაც მტერს კლავ ან მის დროშას წვავ, ეს არ არის აგრესია, და როდესაც ქალების სექსუალურ უფლებებზე და თავისუფლებებზე საუბრობ, აგრესიაა? ვფიქრობ, სერიოზული ცვლილებების მოტანა შეუძლიათ რადიკალურ სამოქალაქო მოძრაობებს.

როგორ ფიქრობ, რა არის დღეს სომხეთის ფემინისტური მოძრაობის მიზანი- პოლიტიკის არსებითად შეცვლა, თუ ქალთა უფლებების გამოხატვა?

სწორედ ქალები უნდა იბრძოდნენ პოლიტიკაში ცვლილებებისთვის. ფემინისტების ამოცანა ყოველთვის იყო ბრძოლა ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ, რაც ასევე პოლიტიკაა. როდესაც ქალები ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან, ეს არის ქალთა პოლიტიკური პრობლემა. დღეს სომხეთში სიტყვა “პოლიტიკას” უფრო სხვა გაგება აქვს და პოლიტიკური ელიტა პოლიტიკაში მონაწილეობის ექსკლუზიურ უფლებას არავის უთმობს.

რა ძირითადი პრობლემის წინაშე დგანან დღეს ფემინისტები სომხეთში?

იმ ფემინისტურ ჯგუფებს, რომლებთანაც ვმუშაობ, არ აქვთ მკაფიოდ ფორმულირებული სტრატეგია. ის, რაც კეთდება ამ სფეროში, შეიძლება ჩავთვალოთ ფემინისტურ მოძრაობად და შეიძლება არც ჩავთვლოთ. შეიძლება ჩავთვალოთ იმ გაგებით, რომ საზოგადოებაში არებობს ჯგუფები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომელთაც დღის წესრიგში ნამდვილად აქვთ ფემინისტური საკითხები: არსებობს პროცესი, დინამიკა და ადამიანები რაღაც ნაბიჯებს დგამენ. თუმცა, თუ პოლიტიკური თეორიის კუთხით შევხედავთ, სიცარიელეს დავინახავთ, სადაც არ არსებობს შედეგზე ორიენტირებული და კოორდინირებული სამუშაო პროცესი.

გარკვეული პერიოდის წინ სომხეთში ტერმინი “გენდერი” ამოიღეს ხმარებიდან. კანონში “ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ” ცვლილება შევიდა და ეს ტერმინი კანონიდან ამოიღეს. რას ფიქრობ ამის შესახებ?

ტერმინ “გენდერის“ ბლოკირება ისევე ხდება, როგორც “ფემინიზმის”. სომხეთში სახელმწიფო დონეზევე იბლოკება ყველანაირი მრავალფეროვნება და განსხვავებული აზროვნება. თუკი რამე უმრავლესობისა და ჰეტეროსექსულობისგან განსხვავებულია, იდევნება. აუცილებელი პირობაა, მათი მსგავსი იყო. ტერმინი “გენდერი” წარმოადგენს იდენტობას, რომელიც არა მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორით განისაზღვრება, არამედ ქცევითი ფაქტორებით და თვითგამოხატვით. მმართველი პარტიისთვის ეს მიუღებელია არა იმიტომ, რომ უვიცები არიან, პირიქით, მათი იდეოლოგები საკმაოდ განათლებული და გათვითცნობიერებული არიან. კარგად იციან, რა არის “ფემინიზმი”, “გენდერი” და საფრთხეებს ხედავენ ამაში.

ანა შაჰნაზარიანი; ფოტო:  teghut.am

ანა შაჰნაზარიანი; ფოტო: teghut.am

მასალების გადაბეჭდვის წესი