სამხრეთ კავკასიის ამბები

სავჩენკოს მხარდასაჭერად ბაქოში ათკაციანი აქცია გაიმართა

25 მარტი, 2016 • 1311
სავჩენკოს მხარდასაჭერად ბაქოში ათკაციანი აქცია გაიმართა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, რუსეთის საელჩოსთან ათმა აქტივისტმა უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართა. აქციის შესახებ უფლებადამველი, აქციის მონაწილე სამირა აგაევა ნეტგაზეთთან ამბობს:

“რუსეთის საელჩოსთან ჩვენ მოვითხოვეთ ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლება. სავჩენკოს პორტრეტების პარალელურად, გვქონდა ხადიჯა ისმაილოვას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სურათებიც. მიზანი იყო დიპლომატიური მისიების წარმომადგენლეთა ყურადღების მიქცევა უკანონო პოლიტიკური დაკავებების საკითხში”, – ამბობს სამირა აგაევა.

აქცია მოძრაობა D18-ის [დემოკრატია -1918 – აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკად ჩამოყალიბების წელი] მიერ იყო ორგანიზებული.

“დემოკრატიული სამყარო არ უნდა გაჩუმდეს პუტინის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ და სად არღვევს დემოკრატიის პრინციპებს, ამაზე ჩვენ არასდროს არ უნდა გავჩუმდეთ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

იმის მიუხედავად, რომ აქცია არასანქცირებული იყო,  პოლიციას, რომელიც ადგილზე მივიდა, მომიტინგეები არ დაუკავებია. აქციის გამართვის შემდეგ მონაწილეები მალევე დაიშალნენ.

22 მარტს რუსეთის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დამნაშავედ ცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები თბილისში და სომხეთშიც გაიმართა.

ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია ბაქოში რუსეთის საელჩოსან. ფოტო აქციის მონაწილის, სამირა აგაევას არქივიდან. 2016

ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია ბაქოში რუსეთის საელჩოსან. ფოტო აქციის მონაწილის, სამირა აგაევას არქივიდან. 2016

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი