ადვოკატ მარკ ფეიგინის ცნობით, უკრაინელი მფრინავის კიევისთვის გადაცემის პროცედურა დაიწყო. ამ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.
“მივიღე სავჩენკოს განცხადება იმის თაობაზე, რომ თანხმობას აცხადებს, სასჯელი მოიხადოს უკრაინაში. ვვარაუდობ, რომ დიახ, პროცედურა დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის არ იქნება სწრაფი და შეისაძლოა 1-დან 2 თვემდე დრო დაჭირდეს,” – განაცხადა ფეიგინმა.
გასულ კვირაში კი რუსეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მაისის ბოლოს ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლიდნენ უკრაინაში გასამართლებულ რუსეთის მოქალაქეებზე – ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევზე. აღნიშნული პირები უკრაინაში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთში სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 22 მარტს. იგი დამნაშავედ ცნეს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიმართა რუსეთის მთავრობას, რომ გაეცვალათ უკრაინელი მფრინავი ეროფეევისა და ალექსანდროვის სანაცვლოდ.