საზოგადოება

#Freesavchenko – ნადია სავჩენკოს სოლიდარობის აქცია თბილისში [ფოტო/ვიდეო]

9 მარტი, 2016 • 2284
#Freesavchenko – ნადია სავჩენკოს სოლიდარობის აქცია თბილისში [ფოტო/ვიდეო]

“თავისუფლება ნადია სავჩენკოს!”- სოლიდარობის აქცია თბილისში, რუსეთის საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სავჩენკოს გამოსახულებით ფრანები გაუშვეს.

“თავისუფლება ნადია სავჩენკოს!”- სოლიდარობის აქცია თბილისში უკრაინის საელჩოსთან. #Tbilisi #FreeNadiyaSavchenko

Posted by netgazeti.ge on Tuesday, March 8, 2016

 

სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები იმართება კიევში, რუსეთის საელჩოსთან. მსგავსი დემონსტრაცია ჩატარდა მოსკოვის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც ათეულობით ადამიანი დააკავეს. თბილისში გამართული აქციის ინიციატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება.

თბილისში გამართული აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ნადია სავჩენკო რუსეთის ხელისუფლებას უკანონოდ ყავს პატიმრობაში. როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინელი პილოტი ქალი დღეს მთელი მსოფლიოსთვის არის თავისუფლების სიმბოლო.

“ნადია სავჩენკო არის დღეს თავისიფლების სიმბოლო და გარკვეულწილად მთელი მსოფლიოსთბის გზავნილი, რომ რაღაც არ არის წესრიგში, როდესაც თავისუფლების სიმბოლო არის დაკავებული. როდესაც რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას და ვერავინ აჩერებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დაინგრა საბჭოთა კავშორი და ის ტიპები გახდნენ თავისუფლები. ასევე, სავჩენკო გახდება თავისუფალი. თავგანწირვასაც ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, ეს ქალი აღფრთოვანებას იწვევს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგდ დამთავრდება,” – ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი.

ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას არ აპირებს. 8 მარტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნადია სავჩენკოს უკრაინელი ხალხის სიამაყე და ძალა უწოდა.

რატიანის თქმით, საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა გაგრძელდეს: “ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც არის ევროპაში, სავჩენკომ შემოატრიალა და აჩვენა ყველას, რომ ამაზე შეგუება არის შეუძლებელი. აი, ეს არის მნიშნელოვანი. ის, რომ ვიღაცამ შეიძლება თვალი დახუჭოს კომფლიქტზე და აღარ მიაქციოს ამას სათანადო ყურადღება, მან მოახერხა, რომ ეს გახდა ყველა თავმოყვარე ადამიანისათვის ღირსების საკითხი.”

სოლიდარობა ნადია სავჩენკოს - აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ნადია სავჩენკოს – აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ამბობს, რომ დღეს ნადიას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას და სავჩენკოს გათავისუფლებაზე მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა. როგორ პაიჭაძე აცხადებს, ნადია დღეს არის მსოფლიოს N1 პატიმარი თავისი უდრეკობით და წინააღმდეგობით იმ ქვეყნის წინაშე, რომელსაც ყავს დატყვევებული.

“სიტყვები, რომლებიც ნადიამ თქვა, არის სარწმუნო. ასეთ სიტყვებს ძალიან დიდი ტვირთი ახლავს და ამ ადამიანს ეს ტვირთი აქვს წამოკიდებული. ასე რომ, მისი გათავისუფლება გადარჩენის ტოლფასია. სავჩენკო ამბობს, რომ ცოცხალი ან მკვდარი ის ციხიდან მაინც გავა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს, რომელიც არის აღუმატებელი ღირებულება ამ შემთხვევაში. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს მნიშვნლობა სავჩენკო, როგორც საჯარო ფიგურა. ნადიამ კარგად იცის, რომ ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დახვდე მოძალადე სახელმწიფოს, როგორც შეიძლება ერთმა ადამიანმა თავისი წინააღმდეგობა და უდრეკობა. ძალიან დიდი მორალური ძალა აქვს ამ ადამიანის ქცევას დღეს. ამიტომ, ბუნებრივია, გვინდა, რომ ის დარჩეს ცოცხალი და არ გვინდა, რომ ის იყოს გმირი. გმირი არის ის, ვინც განიგმირა. არა – ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს ცოცხალი,” – ამბობს ჟურნალისტი.

სოლიდარობა ნადია სავჩენკოს - აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ნადია სავჩენკოს – აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

პაიჭაძის თქმით, საჭიროა, პუტინმა იგრძნოს, რომ მის წინააღმდეგ გამოიყენებენ უფრო დიდ ძალას, ვიდრე ამ სიტყვებს. როგორც ჟურნალისტი ამბობს, თუკი პუტინის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს დაემატება არამხოლოდ ეკონომიკური სანქციები, არამედ გარკვეული ძალის გამოყენების სრულიად ცხადი ალბათობა, მაშინ ის შეიცვლის პოზიციას:

“სხვა შემთხვევაში, მას მიუფურთხებია მთელი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრისთვის. ეს მან არაერთხელ დაადასტურა. სამხედრო კომპროტაცია, რა თქმა უნდა, ძნელად წარმოსადგენია. ვგულისხმობ ეფექტს, რომელიც პუტინს ძალიან დააზარალებს, თუკი ასეთი პოლიტიკური ან ეკონომიკური ხასიათისა ნაბიჯი შეიძლება გადადგას მსოფლიომ, იმიტომ, რომ შეიძლება ეკონომიკური საკითხების მიმართაც იყოს მოწვლადი. სამხედრო ნაბიჯების ალბათობას ახლა ვერ ვხედავ. რაგინდ დიდი ადამიანი იყოს თავისი სულიერი ძალით სავჩენკო, არ მგონია, მსოფლიო ლიდერებმა პუტინთან დაძაბონ ურთიერთობა.”

დავით პაიჭაძე მიიჩნევს, რომ თეორიული შანსი სავჩენკოს დახსნისა შეიძლება იყოს მისი გაცვლა, თუკი რუსეთის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ეყოლებათ უკრაინელებს: “თუნდაც სპეცოპერაციების შედეგად ან სხვა ხერხებით, ამ შემთხვევაში შეიძლება ვაჭრობა და გაცვლა სავჩენკოსი. ამის ალბათობა როგორია, არ ვიცი. ასეთ პრაქტიკას მსოფლიო იცნობს, როდესაც ერთი მეორისთვის ღირებული პატიმრები გაცვლილან და ამით მათი სიცოცხლე გადარჩენილა. ეს უკვე მთლიანად უკრაინის ან რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მერე უკვე პოლიტიკურ ნებაზე.”

სოლიდარობა ნადია სავჩენკოს - აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სოლიდარობა ნადია სავჩენკოს – აქცია თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლებოდა ნადია სავჩენკოსთვის, არის სოლიდარობის გამოხატვა:

“ნადია სავჩენკო დღეს არის თავისუფლების სიმბოლო. ის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გამარჯვებული, როგორც არ უნდა დამთავრდეს მისი ეს ბრძოლა. თუმცა, ჩვენ, დანარჩენმა სამყარომ ყველაფერუ ყნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მისის სიცოცხლე. ის არის სრულიად არაჩვეულებრივი ქალი. ეს არის ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია – სოლიდარობის გამოხატვა.”

თბილისში სოლიდარობის აქცია ღამის 12:00 საათზე დაიწყო. ორგანიზატორებმა რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაზე პროექტორით, სხვადასხვა გამოსახულებებთან ერთად, წერდნენ: Stop the butchek, Free Savchenko, Indifference kills.

#indifferenceKills #freeSavchenko – Disfunctional Embassy of Russian Federation, Tbilisi, Georgia, 09 March

Posted by Tamara Chergoleishvili on Tuesday, March 8, 2016

 

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ანა ჭაია ამბობს, რომ ნადია სავჩენკოს თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ერთ-ერთი ტესტი მთელი განვითარებული და ცივილიზებული სამყაროსთვის. მისი თქმით, ერთხელ მოპოვებული თავისუფლება, კიდევ ბევრჯერ საჭიროებს ბრძოლით მოპოვებას:

“ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევა, როცა კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, თუ რა არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და როგორ ვიცავთ ჩვენ თავისუფლებას, როგორ ვიცავთ ადამიანებს, ვინც თავის პრინციპების ფასად საკუთარ სიცოცხლეზეც კი ამბობენ უარს. სოლიდარობის გამოხატვის გარდა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო სამართალში არსებობს სხვადასხვა ბერკეტები. თითოეული მოქალაქე, თითოეული ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ დაიცვას პრინციპები და მონაპოვარი, რითიც ის ყოველდღე სარგებლობს – თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის სწორედ ისეთი შემთხვევა, როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც თვლიან, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია, ყველა უნდა იყოს სოლიდარული ნადია სავჩენკოს მიმართ.”

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. 3 მარტს ნადია სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წყლის მიღებაზეც იტყვის უარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი