უკრაინელმა ყოფილმა სამხედრო პილოტმა, რადას წევრმა ნადია სავჩენკომ 2-წლიანი პატიმრობიდან დაბრუნებს შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. სავჩენკომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ავიაციაში დაბრუნება და ფრენა სურს, თუმცა უკრაინისათვის მზად არის, ყველაფერი გააკეთოს. მათ შორის- იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.
“მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მე მიყვარს ფრენა, მინდა ფრენა. მაგრამ მინდა უკრაინისათვის რამე გავაკეთო, არის რაღაც, რაც სარგებლის მომტანი იქნება. თქვენ მე მწერდით, თქვენ ჩემზე იმედებს ამყარებთ. მე იქ ვიქნები, სადაც უკრაინის დაცვა იქნება საჭირო. წავალ ველზე. თუ ხვალ საომარი ქმედებები დაიწყება, პირველ ხაზზე ვიქნები. იქ თუ აღარ გავხდები საჭირო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო ვიყო აქ. რაც საჭირო იქნება უკრაინისათვის, სანამ ცოცხალი ვარი, მას გავაკეთებ.
კითხვა დავსვათ ასე: უკრაინელებო, გჭირდებათ, რომ მე დღეს ვიყო პრეზიდენტი, მე ვიქნები პრეზიდენტი. მე უბრალოდ არ მჯერა, რომ ხალხმა ისწავლა, საკუთარი ხმა წიწიბურაში არ გაცვალოს,” – განაცხადა სავჩენკომ.
ნადია სავჩენკო 31 მაისს უკრაინის პარლამენტში მისვლას გეგმავს.
მან ასევე განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა საერთაშორისო კომიტეტის შექმნა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე იმუშავებდა.
სავჩენკო, რომელიც მოსკოვის ციხეში რუსეთის მოქალაქეების მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა, უკრაინის მთავრობას 25 მაისს გადასცეს.