უკრაინის რადას წევრი, ყოფილი სამხედრო პილოტი ნადია სავჩენკო, რომელიც მოსკოვის ციხეში რუსეთის მოქალაქეების მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა, უკრაინის მთავრობას გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.
სავჩენკოს სანაცვლოდ უკრაინულმა მხარემ რუსეთს უკრაინაში გასამართლებული 2 რუსეთის მოქალაქე- ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი გადასცა. ისინი უკრაინაში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
Мати і сестра Савченко в аеропорту Бориспіль вже чекають прильоту Надії.
Прибуття Надії відбудеться не пізніше 14:45 pic.twitter.com/N71EIrrlVS— Vasilisa Shuter (@IriskaVasiliska) May 25, 2016
ფოტო ტვიტერზე: ნადია სავჩენკოს დედა და და მის დაბრუნებას ელოდებიან.
ნადია სავჩენკო რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს. გამოძიებამ ერთ წარმოებაში გააერთიანა ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელთა მიხედვითაც უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლს ბრალად ედებოდა რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთა. განაჩენის გამოტანამდე 20 თვეზე მეტი ხანი იმყოფებოდა პატიმრობაში. 22 მარტს, კი სასამართლომ სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებით.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ პუტინს ნადია სავჩენკოს ორ რუს ჯარისკაცში გაცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, ნადია სავჩენკომ უკრაინაში ექსტრადირების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. ამავე მოთხოვით სამოქალაქო საზოგადოება იკრიბებოდა პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, საქართველოში.