კომენტარი

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს

24 მაისი, 2011 • 1621
ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს

მოგესალმებით!

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს პატივი და პასუხისმგებლობა, გაგაცნოთ პატიმარი ქალის წერილი, რომელიც მან ნანა კაკაბაძეს გამოუგზავნა საპატიმროდან. ცხადია, წერილს ვამოკლებ ისე, რომ ავტორის ამოცნობა გაჭირდეს, რადგან აბსოლუტურად ვაცნობიერებ იმ საშიშროებას, რომელიც ამ ამოცნობას შეიძლება მოჰყვეს იმ ადამიანისთვის, რომლის დახმარებასაც ამ წერილით ვცდილობ:

” …  ნანა, ახლა რასაც გწერ, ყველაფერი მართალია და არაფერია გაზვიადებული. მოკლედ, ჩვენ გვქვია სიკვდილმისჯილები! აქ ერთი დღე უდრის მინიმუმ სამ დღეს, მაქსიმუმ ხუთ დღეს. პირადად მე მირჩევნია, ფიზიკურად მისწორდებოდნენ ვიდრე დღითიდღე მშლიდნენ ჭკუიდან, თავისი უსაქციელობით, გულგრილობით, უსამართლობითა და უმოქმედობით. არ ვიცი, შენ ჩემგან განხსოვს თუ არა, მაგრამ მე მედიკო ალანიას ახლობლობა, ნაცნობობა და გინდაც პატიმრობა არ მეთაკილებოდა. პირიქით, ვამაყობდი მისი ადამიანობით, პროფესიონალიზმით, ბრძოლისუნარიანობით, ბევრი კეთილი საქმეებითაც. ეს ის ქალი არ არის, სამას სამოცი გრადუსით უკუღმა შემოტრიალებულ-შემობრუნებულია. ნეტავ, ნამდვილი “ფაიზაღი” როდის იყო, ადრე თუ ახლა?

თუ დამიჯერებ, გულით მტკივა მისი დღევანდელი პოზიცია. არადა, შეუძლია თავისი სწორი პოლიტიკით, გამოცდილებით, დიდი პროფესიონალიზმით ბევრი კარგი საქმის გაკეთება. ძალიან, ძალიან ცუდ დღეში ვართ, დ ი დ  ხ ა ნ ს  ვ ე რ  გ ა ვ ჭ ი მ ა ვ თ, ნამდვილად. ვეცდები, დაახლოებით ჩამოგიყალიბო:

1. პაემნები შუშებში. რომ შემოგვხედოთ, მაიმუნების შეგშურდებათ. ისინი ერთმანეთს ხელით მაინც ეხებიან, ჩვენ ტურტლიანი შუშების მიღმა ვუღიმით და ტელეფონში კივილით თუ ვაგებინებთ ერთმანეთს. უკან რომ ვბრუნდებით, ორი დღე გაოგნებულნი ვართ და მომავალში აღარავის პაემანზე გასვლა აღარ გვინდა.

2. С (ცე) კორპუსის მეორე სართულზე არის ათი საკანი, კარცერი კი არა – უარესი “ბური”. ამ “ბურში” სვამენ დასჯილ პატიმრებს. მთელი დღის და ღამის საათებში ისმის ნგრევის, მტვრევის, წივილ-კივილის და განწირული ტირილის ხმა. ცემით ალბათ არ ცემენ, მაგრამ უყურადრებოდ ჰყავთ მიყრილები და არ ენაღვლებათ, თავს დაისერავენ, დაიწვავენ თუ ჩამოიხრჩობენ. ამას კი ყველაფერს ვუსმენთ და ვუყურებთ ჩვენ, პატიმრები, ყოველდღე თითქმის.

3. ტელეფონებზე რიგებია და იცი, რატომ? თავის ხუშტურებზე რთავენ ეს მშიშრები, როცა უნდათ (განსაკუთრებით თუ ქალაქში ოცკაციანი მიტინგიც არის).

4. მაღაზიაში ერთი და იგივე, მცირე ასორტიმენტია ცეცხლის ფასად.

5. ნაკელის სუნია ისეთი, ფერმაში გეგონება თავი.

6. სამხედრო ნაწილიდან სროლებია დილა-საღამოს, ომის წინა ხაზზე გეგონება თავი.

7. ფეხებქვეშ ბეტონის იატაკი, გვერდებში ჩახუტებული “ბრიზგიანი” ბეტონის კედლები.

8. თანამშრომლები ყველაფრის მიმართ გულგრილები და ავი ძაღლებივით მაყეფრები – უხეშები.

9. ამანათები კაცებზე შეზღუდულია პროდუქტით. მომსვლელ ოჯახის წევრებსაც აწამებენ. შიშველ ადგილზე რიგი, თავი რომ რამეს შეაფარონ, მსგავსი არაფერი არსებობს, ხეზე და ბუჩქებზე ლაპარაკი ხომ არ არის. 5-6-სათიან რიგში მყოფ ხალხს გარეთ ტუალეტიც არ გაუკეთეს, ფასიანიც კი.

10. მედიკამენტები არ არსებობს, დაძახებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ ცარიალი ხელებით, ქოშინით მოვა ექიმი და იქეთ გაგლანძღავს შეწუხებისთვის, “ცარიელი ხელით” რა გიშველოთო! იცი, რა მახსენდება? “საბრალდებო დასკვნა” ნ. დუმბაძის, ყველა ავადმყოფისთვის “ლუმინალი” ანუ აქაური “ანალგინი”.

ნანუკა, შევეცადე, როგორღაც მიმახვედრებინე, რა ხდება, მაგრამ ეს 10 პუნქტი ცოტაა და უფრო რბილად აღწერილი. გარეთ რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, მეც არ დამეჯერებინა ბოლომდე და მეფიქრა, გაზვიადებულია ყველაფერი–მეთქი. პირადად მე სამი რამ მემუქრება: რეაქტიული ფსიქოზი, სახსრების დეგრადაციადაკუტება და ბოლოს თავში გაჟონვა. ბოლოს ურიკაზე დაგდება და უმოწყალოდ “ვახტის ჭიშკრის” გადაღმა გადაგდება. არ ვხუმრობ, მე  ეს პერიოდი მაქსიმუმ ერთ წელიწადში დამეწყება, სხვას უფრო ადრე, თუ არადა, “აღდგომა და ხვალეო”. მაისის ბოლოდან შემოგვესევიან ხვლიკები, გველები და, ალბათ, დინოზავრებიც. ამ ჟამად ჩაგვისახლდნენ ყვავისხელა პეპლები, ჯორცხენას ზომის კალიები და ახლადდაბადებული გოჭების ზომა-წონის ხოჭოები, რომლებსაც ეშვებიც კი აქვთ. იუმორის გრძნობა, ცოტა არ იყოს, შემრჩა კიდევ, ხედავ? მაგრამ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

მარტის თვეში ე.წ. “ჩისტკა” იყო ადმინისტრაციაში. მოგვავლინეს სამი-ოთხი ახალგაზრდა მეგრელი “კაძახი”, სუპერ-მეგრელებად მოაქვთ თავი, მაგრამ საქმის კეთების მაგიერ ხელბურთით არიან დაკავებულნი მოედანზე და გართობით თუ ვერ დაკმაყოფილდნენ, “ზონდერ კამანდებივითგადაუვლიან საკნებს და პატიმრებს, თითქოსბინ ლადენისმიმდევარს ვმალავდეთ.

… დრო ცოტაა, ნანა. უკვე ის დრო დადგა ყველასთვის, “საცა ვიწროა იქ გაწყდეს”…  სიმართლეს გეტყვი, მე ჯერ ჩოჩორიკი ცხენივით კისერზე არ შემომჯდომია, მაგრამ ელემენტარული საშიშროების შემთხვევაში, შეიძლება, თავი ამომაყოფინონ ე.წ. “ბურში”, ამათ დაკრულზე ვერ ვიცეკვებ ორმოცდაათი წლის ქალი. ამჟამად ვცოცხლობ, კი არ ვცხოვრობ, მაგრამ იქნებ მეღირსოს “ტკბილი სიბერე”, რაც ყველაზე სასურველი ყოფილა… ”

 

ამ წერილთან ერთად მინდა თქვენი და შსს მინისტრის საპარლამენტო გამოსვლები გაგახსენოთ:

“ თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც, კრიმინალი რომ არ მოეკლა, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (2005 წლის 10 ნოემბერი).

“მოკლეს დამნაშავე ქუთაისში და ძალიან კარგი, რომ მოკლეს! მან დაგვიჭრა პოლიციელი და ღმერთმა ქნას, რომ არ დაინვალიდდეს…. მე ვადასტურებ, რომ მექნება ნულოვანი ტოლერანტობა დამნაშავის მიმართ. ( 2011 წლის, 11 თებერვალი, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა).

მხოლოდ ორი შეკითხვა მაქვს თქვენთან:

– თქვენ, როგორც ქვეყნის მეთაური და იურისტი, ხედავთ თუ არა რაიმე კავშირს თქვენ მიერ დეკლარირებულ ”ნულოვან ტოლერანტობას”, თქვენი მთავრობის წევრის მიერ დამნაშავის მოკვლისკენ (!!!) მოწოდებასა და იმ სიტუაციას შორის, რომელსაც პატიმარი ქალი აღწერს?

– ხედავთ თუ არა განსხვავებას დამნაშავის დასჯასა და დამნაშავის მოკვლას შორის?

p.s. ძალიან მცირე იმედი მაქვს იმისა, რომ თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ, ისევე, როგორც აბსოლუტურად არ მაქვს თქვენთან შეხვედრის იმედი. მაგრამ მგონია, რომ ხელისუფლების მეხოტბეთაგან ვინმე ”ენას მოგიტანთ” . ეს კი პატიმარი ქალის/ქალების მდგომარეობის გამოსწორების ოპტიმიზმს ბადებს ჩემში და ამ ოპტიმიზმით ველოდები თქვენს გამოხმაურებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი