ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის სამკურნალოდ სახელმწიფო დააფინანსებს მედიკამენტ „ჯაკავს“.

უწყება ამბობს, რომ პრეპარატი GVHD რეაქციის მქონე ყველა პაციენტს სრულად დაუფინანსდება.

ონკოლოგიური პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD – „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“.

„ეს არის მდგომარეობა, როდესაც დონორის გადანერგილი უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვის“, – წერია უწყების განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, ამ გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად აღიარებულია „ჯაკავი“ („რუქსოლიტინიბი“).

„მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ შესყიდული
მედიკამენტი „ჯაკავი“ უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.