“თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების – რეპელენტების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება.
ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები მოერიდონ ტყიან, მაღალი ბალახითა და ფოთლებით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას.
“აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. ეს ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას და მნიშვნელოვნად ამცირებს ლაიმის დაავადების განვითარების რისკს”, – აცხადებენ უწყებაში.
სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს.
ტკიპის მოშორების შემდეგ, აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება.
“ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების, მათ შორის – მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში – მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს”, – აცხადებენ უწყებაში.
ნეტგაზეთი Mayo Clinic-ზე დაყრდნობით გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ტკიპა გვიკბენს.
ტკიპის ნაკბენების უმეტესობა უმტკივნეულოა და იწვევს მხოლოდ მცირე ნიშნებსა და სიმპტომებს, როგორიცაა კანის ფერის შეცვლა, შეშუპება ან წყლული. თუმცა, ზოგიერთი ტკიპა ავრცელებს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ დაავადებებს, მათ შორის ლაიმის დაავადებას [იგივე ბორელიოზი]. ზოგადად, ლაიმის დაავადების გასავრცელებლად საჭიროა, რომ ტკიპა ადამიანის კანზე მიმაგრებული იყოს მინიმუმ 36 საათის განმავლობაში. სხვა ინფექციები შეიძლება გადაეცეს რამდენიმე საათში ან რამდენიმე წუთშიც კი.
როდის უნდა მოითხოვოთ გადაუდებელი დახმარება
დარეკეთ 112-ზე (ან თქვენი ადგილობრივი გადაუდებელი დახმარების ნომერზე), თუ განგივითარდათ:
- ძლიერი თავის ტკივილი
- სუნთქვის გაძნელება
- დამბლა
- გულის ფრიალი (გულისცემის აჩქარება)
მკურნალობა
ტკიპის ნაკბენის მოსავლელად:
ამოიღეთ ტკიპა სხეულიდან დაუყოვნებლივ და ფრთხილად. გამოიყენეთ წვრილთავიანი პინცეტი, რათა ტკიპას რაც შეიძლება ახლოს მოჰკიდოთ ხელი კანთან. ნაზად ამოიღეთ ტკიპა ნელი და სტაბილური, ზევით მიმართული მოძრაობით. მოერიდეთ ტკიპის დატრიალებას ან მოჭერას/შეჭმუხვნას. არ შეეხოთ ტკიპას შიშველი ხელებით. არ გამოიყენოთ ვაზელინი, ფრჩხილის ლაქი ან ცხელი ასანთი მის მოსაშორებლად.
შეინახეთ ტკიპა და გადაუღეთ სურათი. ფოტო დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ექიმს, ამოიცნოთ მისი ტიპი და გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა დაავადების გადადების რისკი. შეგიძლიათ ტკიპა წებოვან ლენტზე (სკოჩზე) მიაკრათ, რათა სანაგვეში უსაფრთხოდ გადააგდოთ. ახალი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლოა თქვენს ექიმს ტკიპის ან ფოტოს ნახვა დასჭირდეს.
დაიბანეთ ხელები და დაიმუშავეთ ნაკბენის ადგილი. გამოიყენეთ თბილი წყალი და საპონი, სპირტი ან იოდის ხსნარი.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ:
ვერ ახერხებთ ტკიპის სრულად ამოღებას. რაც უფრო დიდხანს რჩება ტკიპა კანზე მიმაგრებული, მით უფრო იზრდება მისგან დაავადების გადადების რისკი. შესაძლოა კანიც გაგიღიზიანდეთ.
გამონაყარი იზრდება. ტკიპის ნაკბენის ადგილას შესაძლოა პატარა ბორცვაკი გაჩნდეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ ის დიდ გამონაყარში გადაიზრდება ან სხეულის ნებისმიერ ადგილას გაგიჩნდებათ გამონაყარი (სამიზნის ფორმის), ეს შეიძლება ლაიმის დაავადების ნიშანი იყოს. გამონაყარი ჩვეულებრივ 3-დან 14 დღემდე პერიოდში ჩნდება. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან მაშინაც კი, თუ გამონაყარი გაქრება, რადგან დაავადების რისკი შეიძლება კვლავ არსებობდეს. დაავადების განვითარების რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობთ ან მოგზაურობთ, რამდენ დროს ატარებთ გარეთ ტყიან და ბალახიან ადგილებში და რამდენად კარგად იცავთ თავს.

გივითარდებათ გრიპის მსგავსი ნიშნები და სიმპტომები. გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს სიცხე, შემცივნება, დაღლილობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი და თავის ტკივილი.
ფიქრობთ, რომ ნაკბენის ადგილი ინფიცირებულია. ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ტკივილს, კანის ფერის შეცვლას ან ნაკბენიდან სითხის გამოჟონვას.
ფიქრობთ, რომ ირმის ტკიპამ გიკბინათ. შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიბიოტიკები.
თუ შესაძლებელია, ექიმთან ვიზიტისას თან იქონიეთ ტკიპა ან ტკიპის ფოტო.
