ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის რეფორმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სომხეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. მისი თქმით, აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ ევროკავშირი შემოდგომაზე სომხეთში გაგზავნის მისიას, რომელიც პროგრესს შეაფასებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ყველა აუცილებელ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, შესაძლებელი გახდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რაც რეფორმების გატარებას მოითხოვს.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა 2029 წლისთვის ვიზალიბერალიზაციის „სიტუაციის“ შექმნის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, პროცესის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებზე.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას ელის და არჩევნებშიც სწორედ ამ მიმართულების მხარდაჭერა დააფიქსირა. „ჩვენ არ შეგვიძლია ამ შესაძლებლობის დაკარგვა და მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ ამ მიზნის მისაღწევად“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
