კომენტარი

დათო ბარბაქაძის ღია წერილი

4 მაისი, 2011 • 1282
დათო ბარბაქაძის ღია წერილი

ძვირფასო მოქალაქეებო!

მხოლოდ დღეს, და ისიც შემთხვევით, შევიტყვე იმ არაადამიანური (უფრო სწორად, ადამიანური) უსამართლობის შესახებ, რომლის მსხვერპლიც 2006 წელს გახდა 14 წლის მოსწავლე გვანცა ყუფარაძე. საინფორმაციო წყაროები იუწყებიან:

2006 წლის 14 ნოემბერს გვანცა ყუფარაძე, დაკავებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის 5 (ხუთი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა გამოსაცდელ ვადად. ამ დროისათვის გვანცა ყუფარაძე იყო 14 წლის.

მე არც გამომძიებელი ვარ, არც – სამედიცინო ექსპერტი, არც – მომხდარი ფაქტის თვითმხილველი, არც გვანცა ყუფარაძეს და მის მშობლებს ვიცნობ და არც გამოძიების საქმეები შემისწავლია. მაგრამ ეს ყველაფერი არაარსებითია.

არსებითი ის არის, რომ მე არ ვარ იდიოტი, ამიტომ აღნიშნულ თემაზე ინტერნეტში ერთი ღამის განმავლობაში მოძიებული მასალების გაცნობამ დამარწმუნა: გოგონა უდანაშაულოა!

მე არ ვარ იდიოტი, ამიტომ ინტერნეტში მოძიებული მასალების გაცნობამ დამარწმუნა, რომ გოგონას უდანაშაულობა ცნობილია მისთვის განაჩენის გამომტანთათვის!

მე არ ვარ იდიოტი, ამიტომ ინტერნეტში მოძიებული მასალების გაცნობამ დამარწმუნა, რომ გოგონას უდანაშაულობა ცნობილია მე-12 საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისთვის!

მე არ ვარ იდიოტი, ამიტომ ინტერნეტში მოძიებული მასალების გაცნობამ დამარწმუნა, რომ გოგონას უდანაშაულობაში იოლად დარწმუნდება ნებისმიერი, ვინც არ არის იდიოტი!

და მაინც, უკვე მეხუთე წელია, გვანცა ყუფარაძე პატიმარია!

რა თქმა უნდა, შეიძლება მწყობრი, ლოგიკურად გამართული და არგუმენტებით აღსავსე მსჯელობით ამ გოგონას უდანაშაულობის მტკიცება, მაგრამ მე არ ვარ იდიოტი და ამიტომ არ დავიწყებ ასეთ მსჯელობას საღორედ ქცეულ იმ ქვეყანაში, რომელშიც პიროვნული მონობის და მათხოვრობის ყოველდღიური პროპაგანდა მწერალთა, მხატვართა, მუსიკოსთა, რეჟისორთა, მომღერალთა, მოცეკვავეთა, ჟურნალისტთა, მეცნიერთა, პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ცხოვრების დაუწერელი კანონია. ცხადია, მე მათ ასეთი არსებობისთვის ვერ დავძრახავ, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ერთგული ადამიანები არიან და პატიოსნად მისდევენ ცხოვრების იმ წესს, რომელიც მათ მშობლებმა უანდერძეს. მათი შვილებიც, აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში, პატიოსნად გააგრძელებენ ცხოვრების იმ წესის დაცვას, რომელსაც ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ.

ჩემთვის უცხოა რევოლუციური პათოსი. არც ის მგონია, რომ აღმოსავლური რეჟიმის ქვეყნებში არსებითად უკეთესი და უარესი ხელისუფლებების არსებობაა შესაძლებელი. არც იმის იმედი მაქვს, რომ მორალურად დაცემულ და განადგურებულ ჩვენს ქვეყანაში რამე გამოსწორდება. ამიტომ, უბრალოდ, როგორც მოქალაქე, ინტერნეტში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით და ჩემი ინტერპრეტაციით, შევაჯამებ მომხდარს:

მასწავლებლებმა 14 წლის უდანაშაულო, სწავლაშიც და ყოფაქცევაშიც წარჩინებული მოსწავლე გოგონა სატუსაღოში გამოამწყვდიეს, ამის მერე კი, უკვე მეხუთე წელია, ყოველდღიურად თვალებში უყურებენ მოსწავლეებსაც და ერთმანეთსაც, ატარებენ გაკვეთილებს, იღებენ ხელფასს, საუზმობენ, სადილობენ და ვახშმობენ, სძინავთ, ზრუნავენ საკუთარი შვილების კეთილმოწყობილ და დალხენილ მომავალზე, ან უკვე შეჰხარიან მათ დალხენილ აწმყოს, მათგან უფრო მეტ წინსვლას მოელიან, სტანდარტულ ქართულ ილეთებებს იყენებენ მათ წინწასაწევად და ა.შ.

იგივე მიზნებით, ოცნებებით და პრაქტიკული სამოქმედო გეგმებით შეიარაღებული იღვიძებს ყოველ დილით მოსამართლე, რომელმაც 14 წლის უდანაშაულო გოგონა სატუსაღოში გამოამწყვდია. ალბათ, მასაც ჰყავს ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, რომლებიც ერთმანეთის კეთილმოწყობილ ყოფას უზრუნველყოფენ.

საკუთარი შვილების, შვილიშვილების, დედმამიშვილების, ნათესავების და მეგობრების უზრუნველყოფილი ცხოვრების დასაცავად იღწვიან და ერთმანეთს ყოველდღიურად თვალებში უყურებენ ის ადამიანებიც, რომლებმაც მოსამართლეს უბრძანეს და 14 წლის უდანაშაულო გოგონა სატუსაღოში გამოამწყვდევინეს.

ისინი, ყველანი ერთად, არიან ძლიერი ადამიანები, ვინაიდან მათ 14 წლის უდანაშაულო გოგონაზე გაიმარჯვეს.

სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციამ, მასწავლებლებმა გაიმარჯვეს მოსწავლეზე. უკეთ: მათ შური იძიეს მოსწავლეზე, რომელიც არ აღმოჩნდა მათსავით ბნელი და უბადრუკი!

მათ, ყველამ ერთად, გაიმარჯვეს იმ მოზარდებზეც, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, დაიმალნენ და უკვე ვეღარასდროს მიხვდებიან, თუ რატომ გაწირეს ისინი მათმა მშობლებმა და პატრონებმა გადამალული არსებობისთვის, სიცოცხლის ბოლომდე ლაჩრობით დაღდასმული და ჩამოწერილი სიცოცხლისთვის.

ეს გადამალული ახალგაზრდებიც დაოჯახდებიან, ყოველდღიურად თვალებში ჩახედავენ თავიანთ ცოლებს, ეყოლებათ ქალიშვილები და იმ მაგალითის მიხედვით იზრუნებენ თავიანთი ქალიშვილების კეთილმოწყობაზე, რომელსაც მათ საკუთარი მშობლები უანდერძებენ.

მერე მათ შორისაც ვიღაც ვიღაცას აჯობებს, უკეთესად დაამცირებს, უკეთესად შეურაცხყოფს და ძალაუფლებას გაინაწილებს გამარჯვებულებისთვის მომზადებული სცენის ნებისმიერ სექტორში: ხელისუფლებაში, მართლმსაჯულებაში, ხელოვნებაში, განათლებაში… იბრძოლებს და მიიღებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის…

ეს ყველაფერი ბიზნესია. გვანცა ყუფარაძის შემთხვევა სწორედ ამ ბიზნესიდან ამოვარდა და ამიტომ აღმოჩნდა გოგონა სატუსაღოში. ამ ბიზნესმენებმა, რომლებიც მწერლებს, მხატვრებს, მსახიობებს, მოსამართლეებს, მოხელეებს, მუსიკოსებს და ეშმაკმა უწყის, კიდევ რას უწოდებენ თავიანთ თავს, სხვისი შვილი ერთად მიაცილეს სატუსაღომდე, მერე მშვიდად ამოისუნთქეს და იმ ყოფას დაუბრუნდნენ, რომელიც, ალბათ, ცხოველების სამყაროსთვისაც კი დამამცირებელია.

მე არ ვიცი, რა შემიძლია გავაკეთო ამ უდანაშაულო ადამიანის დასაცავად. ალბათ – არაფერი, რადგან მეც მასავით უმწეო და დაუცველი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ მეც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე ვარ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, როგორც ადამიანმა, როგორც ქალიშვილის მამამ და როგორც მწერალმა, არის მხოლოდ ჩემი შიშის, წყვდიადში არსებობით გამოწვეული ჩემი ძრწოლის გახმოვანება.

რა თქმა უნდა, მეც იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომლებიც უანგაროდ იბრძვიან გვანცას გამოსახსნელად. რა თქმა უნდა, მეც იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, ვინც არ მონაწილეობს საქართველოს მორალური განადგურების დაჩქარების პროცესში. რა თქმა უნდა, მეც მათსავით გული ამერევა იმ უღირსებო ხალხზე, რომელიც უდანაშაულო ბრალდებულის გამართლებისთანავე მიეტმასნება უდანაშაულო გოგონას თავისუფლებისთვის მებრძოლ ღირსეულ ადამიანებს და ამ საზარელი პრეცენდენტის გამოყენებას მოინდომებს უბინძურესი სატელევიზიო შოუების გასაფორმებლად.

მიამიტობა იქნება ვიფიქროთ, რომ იმ სიბნელეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც ორგანულად აგრძელებს ჩვენს უბადრუკ ისტორიას, უსამართლობა და უღირსებობა რაღაც უჩვეულო და არაჩვენეული ამბავია.

მიამიტობა იქნება იმის მტკიცებაც, თითქოს მხოლოდ დღეს შეუტიეს დაუცველ გოგონებს და ქალებს, ღარიბ და უპატრონო ადამიანებს.

ეს ხომ ამაყი, თავისუფლებისმოყვარე, არტისტული და ინდივიდუალისტი ადამიანების ქვეყანაა! ეს ხომ იმ ლაჩარი ადამიანების ქვეყანაა, რომლებიც უცხოს თავზე თმის ღერს ვერ აუშლიან, საკუთარის დამცირება და აბუჩად აგდება კი არანორმალურ სიამოვნებას ჰგვრით!

ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ პედაგოგიურად ჩამორჩენილი იმ ერის სამკვიდროა, რომელსაც არა მხოლოდ მოჩვენებითი დამოუკიდებლობა მიუგდეს, არამედ იმაშიც დაარწმუნეს, რომ თურმე თავისუფალია. უფრო მეტიც: რომ თავისუფლება თავადვე მოუპოვებია! ამიტომ ექცევა ახლა ეს ერი ნათხოვებ თავისუფლებას ისევე უდიერად, როგორც ნებისმიერი დაუდევარი ადამიანი ექცევა სხვის საკუთრებას.

პირადად მე თუ რამე მეამაყება, არის ის, რომ ჩემი შინაგანი განვითარებით, ჩემი ბიოგრაფიით, არამათხოვრული და არაპარაზიტული არსებობისთვის თავაუღებელი შრომით მოვიპოვე უფლება, რომ არ ვგავდე უმრავლესობას და არ ვიყო ამაყი, აგრესიული და ყეყეჩი ქართველი, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ ქვეყნის ძლიერები 14 წლის უდანაშაულო გოგონას უთანასწორო ბრძოლაში იწვევენ და ყველა აკრძალული ილეთის გამოყენებით ამარცხებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გოგონას არ აღმოაჩნდა ძლიერი პატრონები, გავლენიანი მშობლები და ნათესავები.

დიახ, მოვიპოვე უფლება – მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ხმამაღლა, ყველას გასაგონად, პატიოსნად მეშინოდეს და ვძრწოდე, როცა სკოლის მასწავლებლები პირს კრავენ, გაერთიანებული ძალებით სკოლიდან აძევებენ და საპყრობილეში ამწყვდევენ ყოფაქცევაში და სწავლაში წარჩინებულ 14 წლის გოგონას.

ამის მერე ისღა დამრჩენია, რომ გვანცა ყუფარაძეს საჯაროდ მოვუხადო ბოდიში ჩემი უმწეობისთვის. ხოლო თუ მაინც შემიძლია რამით გამოვადგე იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც გვანცასთან ერთად იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ, მეც მათ გვერდით მიგულონ.

ასევე, მზად ვარ, როგორც კი გვანცა საპყრობილის კედლებს დატოვებს, თუ ის და მისი მშობლები ჩემს მოკრძალებულ თანადგომას იკადრებენ, ჩემი ცოდნის, კომპეტენციის და პიროვნული შესაძლებლობების ფარგლებში, მხარში ამოვუდგე ამ კეთილშობილ, გონიერებით და სინათლით აღსავსე ადამიანს (ამაზე მისი პრინციპულობა და ჩვენს გასაგონად საპყრობილეში დაწერილი მისი წერილიც უპირობოდ მეტყველებს), რათა მან შეძლოს არა უღირსი, ზნეობრივად განადგურებული და სხვების განადგურებისთვის აქტიურად მოღვაწე მანქურთების „საზოგადოებაში“, ამ ჯოჯოხეთურ ქართულ სამოთხეში ინტეგრირება, არამედ – პრინციპულობის, შინაგანი სიძლიერის შენარჩუნება, ამ ხალხისგან თავისი განსხვავებულობის გაფრთხილება, ცოდნის მიღება, განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბება და საკაცობრიო კულტურულ მემკვიდრეობასთან ზიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი