კომენტარი

ზვიად ტომარაძე: ჯაჭვლიანი საპატრიარქოს მხრიდან ალბათ უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა

15 თებერვალი, 2016 • 4520
ზვიად ტომარაძე: ჯაჭვლიანი საპატრიარქოს მხრიდან ალბათ უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა

ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ იმ “ალიაქოთის”  შემდეგ, რომელიც საზოგადოებაში “რელიგიური გრძნობების შერაცხყოფის” შესახებ კანონპროექტის საკითხზე ატყდა, ასევე საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ამ საკითხზე თავს ენერგიულად და მხნედ ვეღარ გრძნობდა.

ზვიად ტომარაძე საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ე-ს ხელმძღვანელი და იმ კანონპროექტის ავტორია, რომელიც ჯაჭვლიანმა პარლამენტში ჯერ შეიტანა, ხოლო დღეს უკან გაიტანა.

ზვიად ტომარაძე და სოსო ჯაჭვლიანი © პარლამენტის პრესსამსახური

ზვიად ტომარაძე და სოსო ჯაჭვლიანი © პარლამენტის პრესსამსახური

ტომარაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ჯაჭვლიანს ამ საკითხზე მასთან არ უსაბრია და კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის შესახებ ინფორმაცია მისთვის დღეს მედიასაშუალებებიდან გახდა ცნობილი.

“გარკვეულ პირებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ. ეს კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იყო დამუშავებული და ყველგან აღვნიშნეთ, რომ ამ კანონპროექტით არც კრიტიკის და არც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ ხდებოდა. აქ საუბარი იყო მიზანმიმართულ შეურაცხყოფაზე. ლაპარაკია მოტივსა და მიზანზე. ამ იდეას მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც დაუჭირა. ითქვა, რომ ეს დასახვეწი იყო და ამას მეც ვეთანხმებოდი, რადგან ერთი მხრივ, უნდა დაგვეცვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები. მე კომიტეტის სხდომაზეც ვთქვი, რომ ეს ადვილი საქმე არ იყო, თუმცა მთავარი იყო ის, რომ ჩვენ პრინციპზე ვთანხმდებოდით და ეს უნდა ასახულიყო, მაგრამ როგორ გაგრძელდებოდა მუშაობა: რა ჩაიწერებოდა ან რა გამოაკლდებოდა კანონპროექტს, ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელებულიყო.

თუმცა ამ საკითხის ირგვლივ შეიქმნა ასეთი სიტუაცია: ძალიან ბევრი ადამიანი დაუპირისპირდა მას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თუ სხვა და შემდგომ დიდი გავლენა იქონია იმ ფაქტორმაც, რომ საპატრიარქოს განცხადებიდან არავითარი სურვილი არ გამოჩნდა… ანუ საპატრიარქო ცალსახად გაემიჯნა ამ კანონპროექტს”, – აცხადებს ტომარაძე ნეტგაზეთთან და დასძენს, რომ როდესაც მათ კანონპროექტი მოამზადეს და პარლამენტში შეიტანეს, საპატრიარქო საქმის კურსში მართლაც არ ყოფილა:

“საპატრიარქოს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ შესაძლოა მას განცხადება ასეთი სტილით გაეკეთებინა  და ეთქვა: მართალია, ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ის პრინციპი მისაღებია. მარტო საპატრიარქოზე არაა, ეს კანონპროექტი ყველა რელიგიის მორწმუნეთა უფლებებს დაიცავდა

მე სოსოთან [ჯაჭვლიანი] არ მისაუბარია, მაგრამ ვეჭვობ ბატონი სოსო მარტო აღმოჩნდა ამ საკითში. მარტოს პიროვნულად არ ვგულისხმობ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს, იგივე დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოსო მანჯავიძე, მე როგორც კანონპროექტის ავტორი, ნიკოლოზ მჟავანაძე, იგივე პარლამენტშიც. ალბათ, ის უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდებოდა იგივე საპატრიარქოს მხრიდან თუნდაც იმ კუთხით, რომ როგორც პრინციპს საპატრიარქო მხარს ღიად დაუჭერდა. ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც.  ქართული ფილმში “დაკარგული სამოთხე” არის იდეალური ფრაზა: მასპინძელს უხარია და შენ ვინ გკითხავსო. დაახლოებით იგივე სიტუაცია დაიხატა”, – ამბობს ტომრაძე.

ტომარაძის აზრით, გამორიცხულია, რომ ჯაჭვლიანის გადაწყვეტილებაზე კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გატანის კუთხით გავლენა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშილს მოეხდინა.

“ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ  ალიაქოთის ატეხვის და თუნდაც საპატრიარქოს ამ განცხადების შემდეგ [სოსო ჯაჭვლიანი] ისე ენერგიულად ვეღარ იყო და თავს ისე მხნედ ვეღარ გრძნობდა ამ საკითხთან მიმართებაში”, – აცხადებს ტომარაძე.

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომელმაც პარლამენტიდან უკან გაიტანა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, პარლამენტის ბიუროსადმი მიმართვაში ამის მიზეზს ასე ხსნის:

“საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის შემდგომი დახვეწის მიზნით, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს”.

საუბარია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე ჯარიმებს ითვალისწინებს და რომელიც  დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში 2015 წლის დეკემბერში შეიტანა.

კანონპროექტი, რომელიც დიდი დისკუსიის საგანი გახდა,  პლენარულ სესიაზე 19 თებერვლამდე უნდა განხილულიყო, თუმცა ის მოულოდნელად ჯაჭვლიანმა უკან გაიტანა. სხვა კომენტარი ამ დროისთვის ჯაჭვლიანს არ გაუკეთებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი