ნეტგაზეთი | საპატრიარქო: კანონპროექტი რელიგიურ გრძნობებზე ჩვენი ინიციატივა არაა საპატრიარქო: კანონპროექტი რელიგიურ გრძნობებზე ჩვენი ინიციატივა არაა – Netgazeti
RU | GE  

საპატრიარქო: კანონპროექტი რელიგიურ გრძნობებზე ჩვენი ინიციატივა არაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე მათი ინიციატივა არაა.

“სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებშიც ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა,“ რაც რეალობას არ შეესაბამება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა.

რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში იგეგმება ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა”, – წერია დღეს, 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სოსო ჭავლიანის ინციიატივას, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ისეთი შინაარსის მუხლი, რომლის თანახმადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ქმედება ხდება.

კანონპროექტი საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ბუნდოვანების გამო გააკრიტიკეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com