ამ წერილის დაწერას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბლოგზე (liberali.ge) გამოქვეყნდა გივი შადურის წერილი, გადავწყვიტე უფრო ვრცელი და ინფორმაციული ჩანაწერი გამომექვეყნებინა.
თავდაპირველად ავღნიშნავ, რომ ძალიან რთულია დისკუსიაში შესვლა, როდესაც ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, ოპონენტი პირად შეურაცხყოფაზე გადმოდის. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში რაღაც მაინც არ მასვენებს. ჩემი ოპონენტისაგან განსხვავებით, მხოლოდ სამართლებრივ კონტექსტში შევეცდები განვიხილო ის საკითხი, რომელიც უკვე რამოდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილის ყურადღების ცენტრში მოექცა და ინტერნეტ სივრცეში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია გამოიწვია.
არ შემიძლია არ დავეთანხმო სტატიის ავტორს იმ ნაწილში, როდესაც ახდენს კონკორდატის არსის შეფასებას. ავტორი აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო შეთანხმება არეგულირებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებს და წარმოადგენს ჩარჩო-ხელშეკრულებას. თვით კონკორდატშივეა აღნიშნული, რომ ცალკეული საკითხები ცალკე ხელშეკრულებებით უნდა დარეგულირდეს და შეთანხმების მუხლები მხოლოდ საბაზისო პრინციპებს შეიცავს.“
ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, წარმოადგენს ორ ან მეტ პირს შორის შეთანხმებას. ხელშეკრულებით მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ აიღონ ერთმანეთის წინაშე ვალდებულებები და ბუნებრივია ისინი მას სხვას (გარეშე პირებს) ვერ დააკისრებენ. ამავდროულად, როგორც წესი, ერთი მხარის ვალდებულება მეორე მხარის უფლებას წარმოშობს და პირიქით.
ცხადია, საკონსტიტუციო ხელშეკრულების, როგორც კერძოსამართლებრივი გარიგების განხილვა შეუძლებელია მისი საართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ისევე როგორც მას ვერ განვიხილავთ, როგორც საერთაშორისო შეთანხმებას. ის განსაკუთრებული ბუნების აქტია.
მიუხედავად ამისა, ის წარმოადგენს ნორმატიულ აქტს (იხ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი) და კანონმდებლობის იერარქიაში გვხვდება როგორც კონსტიტუციის შემდეგ მდგომი აქტი (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხება. ამ შემთხვევაში პრიმატი საერთაშორისო ნორმებს აქვს).
კონკორდატის განსაკუთრებული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ის არა მარტო ორ მხარეს აკისრებს ურთიერთვალდებულებებს, არამედ ის, როგორც ნორმატიული აქტი, ქცევის ზოგად წესს ადგენს ყველა იმ პირისათვის, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში მოექცევა (სხვა საკითხია რამდენად შეეხება მისი ყველა დებულება ყველა პირს, ანუ რა შემთხვევებში ვრცელდება მისი ნორმები ამა თუ იმ პირზე, თავად ნორმის ჰიპოთეზის გათვალისწინებით).
შესაბამისად, ამავე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია ეკლესიის ვალდებულება, თავისი საქმიანობა წარმართოს კანონიკური სამართლის (შიდა საქმეების წარმოებისას) და საქართველოს კონსტიტუციის, კონკორდატის და ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რომ არა კონკორდატი, ეკლესიის ვალდებულება მისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან
კონკორდატის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის განსაზღვრავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ძირითად პრინციპებს, საკითხთა ნუსხას, რა სფეროებში და რა სახით თანამშრომლობენ ხელშეკრულების მხარეები. ამავდროულად, თითოეულ ნორმას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.
ნორმის განმარტების აუცილებლობის საკითხი მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც ნორმა რამოდენიმე სახის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც იურისტები (მე, სამწუხაროდ, არ ვიცი ბატონი გივის პროფესია) ასეთი საკითხის წინაშე ვდგებით, მივმართავთ ნორმის განმარტების იმ საყოველთაოდ ცნობილ მეთოდებს, რომელიც სამართლის თეორიაში გვხვდება და მას აქტიურად ვიყენებთ პრაქტიკაში.
როდესაც ჩემს წერილს ვწერდი (პირველი წერილი), მივიჩნიე, რომ მე-10 მუხლი რაიმე განსაკუთრებულ განმარტებას არ საჭიროებდა (ყოველ შემთხვევაში არ ვფიქრობდი, რომ რომელიმე იურისტი ამ საკითხთან დაკავშირებით შემეკამათებოდა), თუმცა როგორც აღმოჩნდა, თურმე იმ მეთოდების შესახებ უნდა მომეყოლა, რომელიც ნორმის განმარტებისას გამოვიყენე.
თუ ბატონი გივი იურისტია, მაშინ მისი წერილი შემიძლია მხოლოდ ბელეტისტრიკას მივაწერო, ხოლო თუ იურისტი არ არის, აქ (ამ წერილში) ნამდვილად გამიჭირდება ნორმის განმარტების ხერხების მიმოხილვა და, შესაბამისად, მის პასუხსაც ნაკლებ მტკივნეულად აღვიქვამ.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ეწერა ნორმატიული აქტის პროექტში, ან რა მოსაზრებები გამოითქვა დისკუსიისას, არამედ ის, თუ თავად ნორმა რა ფორმულირებით არის წარმოდგენილი, ხოლო მისი განმარტება წარმოადგენს ნორმაშემფარდებლის კომპეტენციას.
კარგად მესმის ბატონი გივის სურვილი, კონკორდატის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი განიხილოს სხვა მუხლებთან კონტექსტში და ამგვარად ამტკიცოს ის, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო, საპატრიარქოსთან შეეთანხმებინა პოზიცია სხვა სახელმწიფოსთან ზემოხსენებულ საკითხებზე მოლაპარაკების წარმოების შესახებ.
საბოლოოდ ჩემი და ბატონი გივის ფაქტებისა და ნორმების შეფასებაში განსხვავებული ხედვები რომ ჩამოვაყალიბოთ, ის ასეთი სახით იქნება წარმოდგენილი.
1. მე ვთვლი, რომ როდესაც საპატრიარქო თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონსატრების მესაკუთრედ აცხადებს თავს, ის შესაძლოა ეყრდნობოდეს მხოლოდ ისტორიულ წარსულს და ეს არ გამომდინარებოს არსებული რეალობიდან. ცალსახაა, რომ ამ ეკლესია-მონასტრების მესაკუთრე თურქეთის სახელმწიფოა.
ბატონი გივი კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განცხადება ემყარება სწორედ კონკორდატს. მესაკუთრეობის ნაწილში კონკორდატი საპატრიარქოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონსატრების მესაკუთრედ აცხადებს და არა თურქეთის, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. შესაბამისად, ამ ნაწილში ბატონი გივის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. საპატრიარქოს პოზიცია, რომ ხსენებული ეკლესია-მონასტრების მესაკუთრეა, არ გამომდინარეობს კონკორდატიდან. მიუხედავად იმისა, რა მოსაზრება გააჩნია ამ საკითხზე საპატრიარქოს (და ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ ამ ეკლესია მონსატრების მესაკუთრეა), საქართველო მათ მესაკუთრედ თურქეთის სახელმწიფოს განიხილავს.
2. რაც ჩვენს პოზიციებს ერთმანეთისაგან რადიკალურად განასხვავებს, არის ის, რამდენად იყო (ან არის) სახელმწიფო ვალდებული, შეათანხმოს პოზიცია საქართველოს საპატრიარქოსთან თურქეთთან მოლაპარაკების წარმოებისა და პირობების შესახებ.
კონკორდატის მე-10 მუხლის თანახმად: „სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.“
მოცემული ნორმა აღწერს ქცევის ზოგად წესს, ყოველგვარი წინაპიროების (ჰიპოთეზის) გარეშე.
ნორმის თანახმადსახელმწიფო ვალდებულია:
აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან, მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის:
ა) დაცვის თაობაზე;
ბ)მოვლა-პატრონობის თაობაზე;
გ)საკუთრების თაობაზე;
განსხვავებით მე-9 მუხლისგან (რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლვ კომპეტენციას ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობების … სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით), მე-10 მუხლი ეხება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქართული მართლმადიდებლური ტაძრებს, მონასტრებს, მათი ნანგრევებს და სხვა საეკლესიო ნაგებობებს და მათ არ მოიხსენიებს იმავე ტერმინოლოგიით (ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე).
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ნორმა (მე-10 მუხლი) ეხება უცხოეთში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათი ნანგრევებს და სხვა საეკლესიო ნაგებობებს (მიუხედავად მათი ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა), ხოლო მეორე ნორმა (მე-9 მუხლი) ეხება ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებს.
ხსენებული ნორმები (მე-9 და მე-10 მუხლები) ცალ-ცალკე მუხლებად სწორედ იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ მათ განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება ევალებათ.
საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი, კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, მის სივრცით იურისდიქციას განსაზღვრავს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით, რომელიც 1991 წლის 21 დეკემრის მდგომარეობით შემოიფარგლება.
შესაბამისად, კონკორდატის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სტატუსი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ძეგლს შეიძლება მიენიჭოს. ამისათვის კი დამატებითი პირობები (ძეგლის ასაკი და ა.შ.) არის საჭირო, რაც კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ არის განსაზღვრული.
ასევე აბსოლუტურად გაურკვეველია საპატრიარქოს პოზიცია, თუ რატომ უნდა შეთანხმდეს მასთან საქართველოში მეჩეთის მშენებლობა და მისი საკუთრების საკითხი. ისეთი დებულება, რომელიც თუნდაც არასწორი ინტერპრეტაციის პირობებში იძლეოდეს საშუალებას საპატრიარქოს ასეთი კომპეტენცია მიანიჭოს, არც კონკორდატში და არც სხვა საკანონმდებლო აქტში არ გვხვდება.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ დავსძენ, რომ სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ წინასწარ შეათანხმოს პოზიცია საქართველოს საპატრირქოსთან თურქეთის სახელმწიფოსთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ.
სხვა საკითხებში ჩემი და ბატონი გივის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.
ავტორის შესახებ გიორგი მშვენიერაძე, იურისტი |
ამავე თემაზე:
განმარტება კონკორდატზე საპატრიარქოს განცხადების გამო