კომენტარი

ვინ ითხოვს მეჩეთს ბათუმში?

21 იანვარი, 2011 • 1214
ვინ ითხოვს მეჩეთს ბათუმში?

“დიალოგმა”, რომელიც “ტვ-25”-ის ეთერით ჩვენი ქალაქის მოსახლეობამ 18 იანვარს იხილა, არაერთგვაროვანი გამოძახილი ჰპოვა.

დიალოგის წამყვანმა, ჯაბა ანანიძემ, რესპონდენტად ქართველ მუსლიმთა წინამძღვარი- ტარიელ ნაკაიძე მიიწვია სტუდიაში, რომლის “ბოდვებმა” და  “ოცნებებმა” არა მარტო ჩემი, არამედ ჩვენი ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობის გაოცება გამოიწვია.

ტარიელ ნაკაიძე თავგამოდებითა და დაჟინებით ღაღადებს, რომ არსებული მეჩეთი მლოცავებს ვერ იტევს, რომ ხორციელდება რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმთა ჩაგვრა და დისკრიმინაცია, რომ სკოლებში ამ აღმსარებლობის ბავშვები დაჩაგრულნი არიან.

ასეთი პასკვილები უახლოეს წარსულშიც მოგვისმენია, მხედველობაში მაქვს 1991 წლის 22-23 აპრილის მოვლენები, რომელსაც წითელი ხაზივით გასდევდა რელიგიური სეპარატიზმი და შუღლი. უფლის წყალობით, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

ტარიელ ნაკაიძე მოითხოვს მეჩეთის აღდგენას იმ ადგილზე, რომელსაც დღეს თავისუფლების მოედანი ჰქვია და სადაც აღმართულია ილია ჭავჭაძის ძეგლი; აქვე განისვენებს 50 ქართველი გმირი, რომლებიც ჩვენი ქალაქის განთავისუფლებისთვის შეეწირნენ თურქ დამპყრობლებს. აქ მეჩეთის აღმართვა ცინიკური და გმირების სულში ჩაფურთხებაა.

300 წელი იბატონა ოსმალომ საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, თავისი დაღი დაასვა და ძალადობით, ხმლითა და მახვილით დაამკვიდრა თავისი რელიგია.

ამავდროულად, დედასამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს არასოდეს დაუკარგავთ ქართული ცნობიერება და ტრადიციები. ქართველი ქალები ფარულად მაინც ახერხებდნენ ქართული ენისა და სულიერების შენარჩუნებას, პურსა თუ მჭადზე ხელით ჯვარს გამოხატავდნენ.

საბედნიეროდ, დღეს აჭარაში უამრავი ეკლესია თუ მეჩეთი აშენდა და შენდება, ვისაც უნდა, იქ ილოცოს.

ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს ტარიელ ნაკაიძის ქადაგება. 2000-მდე სტამბულის სამუსლიმო სკოლებშია მივლინებული, მოტყუებით გინდათ მათ გზა-კვალი აურიოთ.

რაც შეეხება მეჩეთის აშენებას, პირადად მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ამის მოთხოვნა არსებობს, ოღონდ თქვენი ქადაგება ბევრ ეჭვს ბადებს.

მაშ, ვინ ითხოვს მეჩეთს ბათუმში?

 

 

რედაქცია: ეს მოსაზრება ერთ–ერთია იმ წერილებიდან, რომლებიც გაზეთმა  „ბათუმელებმა“  მკითხველებისგან  მიიღო ბათუმში გამართული ცხარე დისკუსიების შემდეგ. პატრიარქის განცხადების შემდეგ, რომელიც  თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების მშენებლობის (რესტავრაციის) შესახებ საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებას შეეხებოდა, დისკუსია  ჯერ ბათუმის პრესკაფეში გაიმართა, შემდეგ კი  ტელეარხი 25–ის  ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი