დღეს, პირველ დეკემბერს, ბრიტანულმა მედიაგამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს შეასხეს “კამიტე” – ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ უწყვეტ აქციებზე, რომლის პირველ დღეებში სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.
BBC-ის გამოძიებაში საუბარია ქართველი ექიმების კვლევაზე, რომლებმაც შეისწავლეს დარბევისას გამოყენებული ნივთიერებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა გამოქვეყნებულია სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალში “ტოქსიკოლოგიური მოხსენებები”.
კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებიც პროევროპული აქციების დასაწყისში დარბევების ეპიცენტრში მოხვდნენ, თვეების შემდეგაც აღენიშნებოდათ ცვლილებები გულსა და ფილტვებზე.
თავდაპირველად, ექიმთა ჯგუფმა შეადგინა კითხვარი, რომელიც აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებულმა 347-მა ადამიანმა შეავსო. ამ კითხვარში მათ აღწერეს სიმპტომები, რომლებიც აღენიშნებოდათ უშუალოდ ნივთიერებასთან შეხების დროს და მომდევნო კვირების განმავლობაში. ასევე, 30 დღის შემდგომ პერიოდში. მათგან 69-ს ჩაუტარეს ანალიზები და შეუმოწმეს სხვადასხვა მონაცემები. ამ მონაცემებს ისინი ადარებდნენ ე.წ. საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს. ეს არის 31 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ, არ ცხოვრობენ პარლამენტის მიმდებარედ და დარბევების დროს და შემდგომ პერიოდში არ ყოფილან მიმდებარე ტერიტორიაზე. მარტივად, მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ იმ ნივთიერებასთან, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს.
ნეტგაზეთი ესაუბრა კვლევის ერთ-ერთ ავტორს, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს.
- ბატონო კონსტანტინე, დავიწყოთ იმით, თუ როდის და რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული კვლევის ჩატარება.
ჩვენ ირგვლივ ბევრ ადამიანს ჰქონდა კონკრეტული სიმპტომები [ხველა, სუნთქვის გაძნელება, სისხლდენა ცხვირიდან და ა.შ.]. საჯარო ინტერესიც იყო და პროფესიულიც იყო, რომ სამეცნიერო ასპექტები შეგვესწავლა… და დოკუმენტირებული ყოფილიყო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს კვლევა. კიდევ იგეგმებოდა კვლევები, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შევძელით და ყველაფერი ვერ შევისწავლეთ.
- რა სიმპტომები უფიქსირდებოდათ ყველაზე ხშირად კვლევის მონაწილეებს?
30 დღის შემდგომ რა სიმპტომები გაქვთ? – აი, ეგ კითხვა გვქონდა კვლევის მონაწილეებთან და ცხრილი გვაქვს გაკეთებული. პირველ ადგილზე იყო ხველა და დაღლილობა. კიდევ, ფსიქოლოგიური გაგრძელებაც ჰქონდა – პანიკური შეტევები, შფოთვა და ა.შ. მაგას აღნიშნავს კიდევ 125 მონაწილე. ანუ სიმპტომების პირველ სამ ადგილზე არის: დაღლილობა, ხველა, შფოთვა.
კვლევის მიხედვით, გარდა ამ სამი სიმპტომისა, მოქალაქეებს დარბევიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც აღენიშნებოდათ: სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან სისხლდენა, გულისრევა და ღებინება, თავის, მუცლისა და სახსრების ტკივილი, დიარეა, მაღალი არტერიული წნევა, გულის აჩქარება, კანის გაღიზიანება, თვალის წვა და ა.შ. [ნეტგაზეთის შენიშვნა].
- მოგვიყევით კვლევის მეთოდებზე – ვინ, როდის და როგორ შეისწავლეთ და რა გამოავლინა თქვენმა მუშაობამ.
კითხვარს და მონაცემებს ვაგროვებდით იანვარში. კვლევა, უშუალოდ ჩვენთან რომ მოვიდნენ და ანალიზები ავიღეთ, ეგ იყო თებერვალში, პირველ მარტამდე. ანუ საკმაო ხანი იყო გასული უკვე დარბევებიდან.
თავიდან დავდეთ კითხვარი. 347-მა ადამიანმა შეავსო. შემდეგ დავუკავშირდით თითოეულ მონაწილეს, თუ შეძლებდნენ მოსვლას უშუალოდ [სამედიცინო კვლევებისთვის]. თავიდან, ჩვენი მიზანი იყო, რომ მინიმუმ 100 კაცი აგვეგროვებინა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგმა ვერ მოახერხა, ზოგმა უარი თქვა და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში, 69 კაცი მოვიდა და ადგილზე შევისწავლეთ: კარდიოგრამა გადავუღეთ, წნევა გავზომეთ, ანთროპომეტრიული მონაცემები [სიმაღლე, წონა და ა.შ.] ავაგროვეთ, სისხლის საერთო ანალიზი და კოაგულოგრამა გაკეთდა, ჩატარდა კაპილაროსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და ა.შ.
იქიდან გამომდინარე, რომ ბევრს ჰქონდა ცხვირიდან სისხლდენები, ჩვენთვის საინტერესო იყო, გაგვერკვია, სისხლის შედედების პრობლემა ფიქსირდებოდა თუ არა; ასევე, შეიძლება ცხვირიდან სისხლდენები გამოიწვიოს კაპილარების დაზიანებამაც და კაპილაროსკოპიაც მაგიტომ ჩავრთეთ კვლევებში; კარდიოგრამა, რახან გულის ფუნქციასაც ამოწმებს და, შესაბამისად, შეიძლება ირიბად მარჯვენა მხარის დაზიანებამ მიგვანიშნოს ფილტვების დაზიანებაზე. ესეც გამოვიკვლიეთ – ელექტროკარდიოგრაფიაც გავაკეთეთ, რომ გულის ფუნქციები შეგვესწავლა.
ჩვენი ჰიპოთეზა დადასტურდა – კარდიოგრაფიულად მარჯვენა მხარე იყო გადატვირთული, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ფილტვებში ჟანგბადის მიწოდების პრობლემა გრძელვადიანად დარჩა კვლევის მონაწილეების რაღაც ნაწილში. იმიტომ, რომ საკონტროლო ჯგუფში არ იყო იგივე ტიპის ცვლილებები იგივე სიხშირით, კაპილაროსკოპიაზეც გარკვეული ცვლილებები აღმოჩნდა უფრო ხშირად, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. თუმცა, რადგან საკვლევი ჯგუფი მცირე იყო, სტატისტიკური სხვაობა არ მოგვცა.
- როგორ აღნიშნეთ, კვლევა ეხებოდა იმ ეფექტების დადგენას, რომლებიც დაზარალებულებს ჰქონდათ ამ ნივთიერებასთან შეხებიდან თვეების შემდეგაც კი. BBC-ის საგამოძიებო მასალა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად, თქვენ კვლევასაც ეყრდნობა, ამბობს, რომ დარბევისას სპეცრაზმი იყენებდა ქიმიურ ნივთიერებას. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით?
რა ნივთიერება იყო გამოყენებული, ეგ ჩვენ არ ვიცით. ჩვენი მიზანი იყო, გაგვესინჯა ამ კონკრეტული აგენტის ეფექტები დემონსტრანტებზე. BBC-ის შიდა ინფორმაციაც აქვს გამოტანილი თვითონ სტრუქტურიდან და, შესაბამისად, მათ უფრო შეუძლიათ საუბარი, ვიდრე მე, კონკრეტულად რა აგენტი იყო გამოყენებული.
უკვე საკმაოდ განსხვავებული კონტექსტი გვაქვს: თუ დადასტურდა, რომ აი, ეს “კამიტე” გამოიყენეს, რაც BBC-იმ გამოიკვლია, მაშინ სულ სხვა კონტექსტია. ჩვეულებრივი CS გაზი, ანუ ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზი, რასაც ხშირად იყენებენ ხოლმე – ესეც კი არ არის მთლად ისეთი უსაფრთხო, როგორც ამბობენ. მაგალითად, ორი პაციენტს, რომლებიც ჩვენთან გამოკვლევაზე არ მოსულან, მაგრამ დავურეკეთ ტელეფონით და გაგვიზიარეს თავისი სამედიცინო ისტორია, ჰქონდა პნევმონიტი, ანუ ფილტვების დაზიანება მიღებული იმ ნივთიერებებისგან, რაც გაუშვეს – ეს “კამიტე” იყო თუ სხვა რამე, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
საბოლოო შეჯამებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზიც არ არის ასე აქტიურად და ინტენსიურად გამოსაყენებელი. მით უმეტეს, ისეთ არეალში, სადაც არის მჭიდრო დასახლება. მჭიდრო დასახლების დროს მოსახლეობა ექცევა ზემოქმედების ქვეშ. პოლიციის მიზანი უნდა იყოს, კონკრეტულად თუ ვინმე რამეს აფუჭებს, იმის შეჩერება და არა მშვიდობიანი მოქალაქეების დასჯა – 100 000, 200 000 ან 300 000 კაცის. შესაბამისად, ჩვეულებრივი ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც არის შეზღუდული და განსაკუთრებული რეგულაციები სჭირდება. თუ მართლაც ეს “კამიტე” გამოიყენეს, რამდენადაც წავიკითხე, კონვენციებითაც აკრძალულია. ამას უკვე სხვა სამართლებრივი მსვლელობა უნდა მიეცეს, გამოძიებაა დასაწყები.
- ბატონო კონსტანტინე, რამდენიმე კვირის წინ, 9 ოქტომბერს დააკავეს თქვენი მამა, გოგი ჩახუნაშვილი, რომელიც ამ კვლევის თანაავტორია. მას ბრალი წარდგენილი აქვს სტრატეგიული ობიექტის [პრეზიდენტის სასახლის] ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით და 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯერ კიდევ გასულ წელს, პროევროპული აქციების პირველ დღეებში, ადმინისტრაციული წესით დაგაკავეს თქვენც. თქვენი ოჯახი დღემდე აქტიურადაა ჩართული საპროტესტო მოძრაობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ ამ კვლევის გასაჯაროების შემდეგ გაიზრდება რეპრესიული პოლიტიკა თქვენ მიმართ?
ვნახოთ. ეს კვლევა გავაგზავნეთ მანამდე, 8 აგვისტოს. უბრალოდ, განხილვას დიდი დრო სჭირდება. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ჩვენი პოზიცია ყველამ იცის. თუ რაიმე მოჰყვება, გვეცოდინება, რომ ამის გამო დამიჭირეს მე, ან ჩემი ძმა, ან მამაჩემი.
კონსტანტინე ჩახუნაშვილის გარდა, კვლევის ავტორები არიან მისი ძმა დავით ჩახუნაშვილი, მამა – გოგი ჩახუნაშვილი, ასევე ექიმები – ნინო ჯობავა და გელა ღუნაშვილი.
რაც შეეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას, ის ზემოთ აღნიშნული კვლევის გარდა ეყრდნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მამხილებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ყოფილი მაღალჩინოსნებისგან მიღებულ ინფორმაციას, ქიმიური იარაღის ექსპერტებსა და ექიმების შეფასებებს.
BBC-იმ მოიპოვა განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარის ასლი. გამოცემის ცნობით, ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ ჩამოთვლილი იყო როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
“ჩვენ გვსურდა შეგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს ინვენტარი ავთენტური, ამიტომ ის სპეცრაზმის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ვუჩვენეთ, რომელმაც დაადასტურა მისი სავარაუდო ნამდვილობა. მან აღნიშნული ორი უსახელო ქიმიკატი დაასახელა, როგორც ის ნივთიერებები, რომლებიც სავარაუდოდ ემატებოდა წყლის ჭავლს. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები.
UN1710-ის იდენტიფიცირება მარტივი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი. ეს გამხსნელია, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს. შემდეგ უნდა გაგვერკვია, რომელი ქიმიკატის გახსნაში ეხმარებოდა ის პოლიციას. UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, საიდანაც ყველა საშიშია.
ერთადერთი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ და რომელიც ოდესმე გამოყენებულა, როგორც მასობრივი არეულობის სამართავი საშუალება, არის ბრომბენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite) და მოკავშირეების მიერ შეიქმნა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად”, – წერია BBC-ის მასალაში.
“ქართული ოცნება” BBC-ის მიერ გავრცელებულ ცნობას უარყოფს და მედიას სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
ამავე თემაზე:
- BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს
- იურისტი ხსნის, შეიძლება თუ არა რომ, BBC-ის გამოძიება იქცეს საერთაშორისო სამართალწარმოების საგნად
- EU ელოდება სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას – ჰიპერი BBC-ს ინფორმაციაზე
- „ოცნება“ BBC-ს საერთაშორისო სასამართლოებში ჩივილით ემუქრება








