კომენტარი

ხოშტარია: რუსეთის მიზანია ტერორიზმთან მებრძოლის იმიჯით აიცილოს დასავლეთის სანქციები

17 ნოემბერი, 2015 • • 1197
ხოშტარია: რუსეთის მიზანია ტერორიზმთან მებრძოლის იმიჯით აიცილოს დასავლეთის სანქციები

რა მიზნებს შეიძლება ისახავდეს ვლადიმერ პუტინის გააქტიურება და საფრანგეთისათვის სამხედრო მხარდაჭერის გამოცხადება? იქნება თუ არა ანტიტერორისტულ მოქმედებებში რუსეთის ჩართულობა, მისთვის დასავლეთთან დიალოგის აღდგენის საშუალება?

 

დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა პარიზის მოვლენების ფონზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა რუსეთის სამხედრო ძალების შესვლა სირიაში. დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ ტენდენცია არ არის გამოკვეთილი, რაც რუსეთისათვის გარკვეულ შესაძლებლობებს აჩენს.

 

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ პრობლემის მოგვარებით, რადგან ამ პრობლების არსებობა მას საშულებას აძლევს საერთაშორისო ასპარეზზე შეიქმნას ერთგვარი “მნიშვნელობა”. მას შეუძლია, რომ ჰქონდეს თავისი დიპლომატიური და სამხედრო უპირატესობა. რუსეთს დეკლარირებული აქვს 1990-იანი წლებიდან, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ასპარეზზე გახდეს აშშ-ის ალტერნატიული პოლუსი. დღეს სამხედრო მოქმედებებში ჩართვა მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს უკრაინის კონფლიქტის შემდეგ მისთვის დაწესებული სანქციები. ზოგადად, უნდა, რომ ჰქონდეს ექსკლუზიური გავლენის სფერო.

 

რუსეთს უნდა, რომ ჩვენი რეგიონის საკითხები გახდეს მეორეხარისხოვანი. მისთვის მწვავედ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ტერორიზმთან მებრძოლის იმიჯი. რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი შემთხვევა, მით უფრო მეტი საშუალება ექნება რუსეთს მიზნის განსახორციელებლად.

 

თუ შევხედავთ მათი ქმედების დინამიკას სირიაში, ამაზე ყველაზე თანხმდებოდა, რომ ის იქ არ ებრძოდა “ისლამურ სახელმწიფოს”, არამედ ხელს უწყობდა არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს.

 

რუსეთი უკვე დაჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ის მაინც არ არის სრულყოფილი წევრი ამ კოალიციაში, მაგრამ თუ ფრანსუა ოლანდი შეხვდება ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს, ეს უკვე გარკვეულწილად გაზრდის მის მნიშვნელობას ამ კონფლიქტში. საბოლოო შედეგი იქნება, თუ ფორმალურად რუსეთი გახდება ანტიტერორისტული კოალიციის წევრი, თუმცა ეს მარტივი არ არის. უკრაინის სანქციების რევერსი ძალიან რთული იქნება, ასევე, ასადის მხარდაჭერა ეს არის წითელი ხაზი, რომელიც გადის პუტინსა და კოალიციას შორის.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

 

შეცვალა თუ არა თეთრმა სახლმა რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში? “ვოლ-სტრიტ ჯორნალის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თუ ამ დრომდე რუსეთის სამხედრო ოპერაციები ბაშარ ასადისა და მისი რეჟიმის მხარდაჭერად აღიქმებოდა, ახლა დასავლეთი აცხადებს, რომ პუტინი ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის.

 

გადაჭრით ამის თქმა ჯერ ძნელია. იმის გათვალისწინებით, რომ ობამა და პუტინი ოცეულის ფორმატში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, ეს უჩვენებს, რომ გარკვეული ცვლილება არის დასავლეთის პოზიციაში. ეს არის სწორედ ის დასავლეთი, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთი არ ებრძვის ტერორიზმს და ის არის, პირიქით, პრობლემის ნაწილი. რუსეთის დეიზოლაციის საერთო ფორმა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერჯერობით ასადის პრობლემა რჩება მნიშვნელოვან საკითხად, ისევე როგორც სანქციები, და მთლიანად კოალიცია როგორი იქნება, ესეც არ არის დადგენილი.

 

სანამ არ შედგება შეხვედრა ოლანდს, ობამასა და პუტინს შორის, შესაძლებელია რაიმე მკვეთრ პოზიციაზე საუბარი?


ეს არ არის 11 სექტემბერი, როდესაც ყველანაირი ტენდენცია მკვეთრად და ცალსახად გამოიკვეთა. ამერიკას რუსეთთან უკვე გავლილი აქვს მსგავსი ლიბერალური მიდგომით დიალოგის ეტაპები, რამაც მოუტანა რუსეთთან ურთიერთობაში ჩავარდნილი 10-წლიანი პერიოდი.

 

ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. ობამა არის წამსვლელი პრეზიდენტი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში რაიმე კარდინალურ ცვლილებას თავს აარიდებს. რუსეთის სრულ დეიზოლაციას და კოალიციაში ჩართვას ის მოერიდება, ამიტომ მოსალოდნელია გაურკვევლობა რაღაც პერიოდის განმავლობაში. ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც შედარებით რეალურია, ყველა არის აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრე რუსეთთან მიმართებაში.

 

რა შესაძლებლობები გააჩნიათ ევროპელ ლიდერებს აშშ-ისაგან დამოუკიდებლად ამ კონკრეტულ შემთხვევაში?


მართალია, ბრძოლის ველი ამ შემთხვევაში არის ევროპა, მაგრამ ევროპელები ამერიკის გაძღოლის გარეშე ამ პრობლემას მარტო ვერ უმკლავდებიან. მაგალითად, ნატოს მე-5 მუხლის ამუშავება იქნებოდა ძალიან ლოგიკური, მაგრამ ამერიკა თუ არ შეცვლის სტრატეგიას, მის გარეშე გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელია. ამის ფორმალური საფუძველი დღეს რეალურად არსებობს. ამერიკის არჩევნები შეცვლის ბევრ რამეს.

 

რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამ პროცესებმა უკრაინის კრიზისს? გადაინაცვლებს თუ არა ეს კონფლიქტი უკანა პლანზე? ასევე, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე?

 

რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ არ მგონია, რომ ყველაფერი ასე შავ-თეთრ ფერებში გამოჩნდეს. გარკვეულწილად აქცენტი გადაინაცვლებს ახალ კონფლიქტზე. მოლოდინი იმისა, რომ ახალი სანქციები დაუწესდება რუსეთს, მოლოდინი იმისა, რომ გამკაცრდება რაიმე რუსეთთან მიმართებაში, ან უკრაინას გადასცემენ იარაღს, ეს უკვე ნაკლებია – თუმცა, ეს ყველაფერი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

 

თუ გაძლიერდა რუსეთის ჩართვის ტენდენცია, მთავარი იქნება, რომ უკრაინამაც და საქართველომაც მაქსიმალურად ხაზი გაუსვან, რომ დაუშვებელია სანქციების შერბილება და აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა. ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შევინარჩუნოთ როგორც მინიმუმ სტატუსკვო.

 

ფაქტია, რომ რუსეთი სარგებელს სიტუაციიდან უკვე იღებს. ის ყველანაირად ცდილობს, რომ ტერორიზმთან მებრძოლის იმიჯი მოირგოს და დაიკავოს პოზიცია კოალიციაში. რაც თავის მხრივ მეორე პლანზე გადაწევს იმ პრობლემებს, რაც არის დღეს ჩვენს რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი