კომენტარისაზოგადოება

„ეს არის 1930-იანი წლების მსგავსი „ხალხის მტრების“ ძებნის კამპანია“ — ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

24 იანვარი, 2024 • 1489
„ეს არის 1930-იანი წლების მსგავსი „ხალხის მტრების“ ძებნის კამპანია“ — ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

„მორალური ფსკერი ადამიანისთვის“ — ასე აფასებს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ პირადად მისი და ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობის წინააღმდეგ მობილიზებულია მთელი სახელისუფლებო სისტემა, მათ შორის, პროპაგანდისტული მედიითა და რადიკალური ჯგუფებით. მინდიაშვილი ხელისუფლების ქმედებებს 1930-იან წლებში „ხალხის მტრების“ გამოვლენისა და ძიების კამპანიას ადარებს, რომელსაც თავში პარლამენტის თავმჯდომარე ჩაუდგა.

ჩამოშალეთ: რა მოხდა — მოვლენათა ქრონოლოგია

18 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბექა მინდიაშვილი “ანტიეკლესიურ რადიკალიზმში” დაადანაშაულა. ამის საფუძვლად პაპუაშვილმა შობის აღნიშვნის თარიღის შესახებ მინდიაშვილის პოზიცია დაასახელა, თუმცა დასძინა, რომ “ეს ადამიანი, ზოგადად, გამოირჩევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით”. მისი შეფასებით, მინდიაშვილის განცხადებები ჩრდილს აყენებს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც, ამიტომ მათზე რეაგირების პასუხისმგებლობა ლევან იოსელიანს დააკისრა.

19 იანვარს ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ტოლერანტობის ცენტრი არ წარმოადგენს სახალხო დამცველის სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისად, მისი ხელმძღვანელის განცხადებებზე პასუხს ვერ აგებს.

20 იანვარს პაპუაშვილმა უკვე პარლამენტში გამართა სპეციალური ბრიფინგი, სადაც ამტკიცებდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაზე ორგანიზებული და კოორდინირებული შეტევა მიმდინარეობს. ამაში მან ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რუსული კანონის მნიშვნელობას, რომლის მიღებას მმართველი პარტია გასულ წელს ცდილობდა, თუმცა ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ უკან დახევა მოუწია. ბრიფინგი პაპუაშვილმა მინდიაშვილის კრიტიკით დაასრულა და “რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულისჩამდგმელი” უწოდა.

ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარემ ისრები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსკენ (USAID) გადაიტანა, რომელიც 2015 წლიდან ტოლერანტობის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია. პაპუაშვილმა სააგენტოს მოუწოდა, გაერკვეს ამ საკითხში და იმოქმედოს “ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”. საპასუხოდ USAID-მა განაცხადა, რომ მისი პროგრამების მიზანი სწორედ ტოლერანტობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.

პარლამენტის თავმჯდომარეს არ ჩამორჩნენ დეპუტატები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. პარალელურად, მინდიაშვილისა და ზოგადად, ტოლერანტობის ცენტრის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აკადემიურმა თუ პროფესიულმა წრეებმა. მათ შორის, 20-მდე რელიგიურმა გაერთიანებამ, რომლებიც სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრები არიან.

 

ბატონო ბექა, პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი განწყობა შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე. გარდა პიროვნული დამოკიდებულებისა, როგორ აფასებთ მის რიტორიკას, როგორც თეოლოგი?

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური. ეს პრობლემაა. პრობლემაა მისი მხრიდან სეკულარიზმის უგულებელყოფა, იმის გარჩევა, ვინ როდის აღნიშნავს შობას, ვინ რას წერს თავის ფეისბუქზე. პრობლემაა იმის მცდელობა, რომ ჩემი და ტოლერანტობის ცენტრის წინააღმდეგ დარაზმოს სიძულვილის ჯგუფები.

პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი ქცევა, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც მორალური ფსკერი ადამიანისთვის – ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში ჩემ წინააღმდეგ მთელი სახელისუფლებო სისტემის მობილიზება, თავისი პროპაგანდისტული მედიით, თავისი რადიკალური ჯგუფებით. ეს არის ჩვეულებრივი, 1930-იანი წლების მსგავსი „ხალხის მტრების“ გამოვლენის და ძიების კამპანია, რომელსაც ჩაუდგა სათავეში თავად პარლამენტის თავმჯდომარე.

მე წლების განმავლობაში საპატრიარქოსგან მხრიდან ვიღებ კრიტიკას. მეც, ჩემი მხრიდან, კრიტიკული მოსაზრებები მაქვს, თეოლოგიური თვალსაზრისით სრულად არგუმენტირებული. მე თეოლოგი ვარ და ეს არ ეხება ტოლერანტობის ცენტრს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე რომ აკეთებს ამას, უბრალოდ, ძალიან სასაცილო და ძალიან გროტესკულია.

თქვენი აზრით, რატომ გახდა ტოლერანტობის ცენტრი ამგვარი კრიტიკის ობიექტი?

ჩვენ წლების განმავლობაში უკომპრომისოდ ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას, რელიგიის თავისუფლებას, ვიბრძვით რელიგიის თავისუფლების დასაცავად, ვეწინააღმდეგებით ხელისუფლებას — უმეტესწილად წარმატებით — რელიგიის თავისუფლებაში უკანონო შეჭრის მცდელობებში, დისკრიმინაციული კანონების მიღწევაში. ბოლო პერიოდშიც გვქონდა ამ წინააღმდეგობის გამოცდილება, მაგალითად, სამხედრო კოდექსი, სადაც უკანონო, ანტიკონსტიტუციური ხასიათის მუხლებია შეტანილი და რელიგიური გაერთიანებების დისკრიმინაციას იწვევს.

გარდა ამისა, ვეწინააღმდეგებოდით რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის ცვლილებას იმიტომ, რომ არსებული წესი არის ძალიან ლიბერალური და მოქნილი ყველა გაერთიანებისთვის და არსებითად თანასწორ კონტექსტში განიხილავს ყველა რელიგიურ გაერთიანებას; ჯერ კიდევ 2009 წლიდან იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების მცდელობები. სამი განცხადება გვაქვს გაკეთებული ამის წინააღმდეგ — საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი;

ევროპის საბჭოს კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) 2016 წლიდან მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ თქვენთან ითანამშრომლონ. რატომ არ ხერხდება ეს?

იმიტომ, რომ ჩვენ არ გვახსოვს არცერთი შემთხვევა, როცა ხელისუფლებას, მაგალითად, უმცირესობების გრძნობათა შეურაცხყოფაზე ელაპარაკა. ჩვენ გვახსოვს მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის რელიგიური გრძნობების დაცვაზე გამოხმაურება. როცა ქსენოფობიაზე ლაპარაკობდნენ, გვახსოვს მხოლოდ უკრაინაში ომის შემდეგ ჩამოსული რუსების დასაცავად გაკეთებული განცხადებები. ეს რაზე მიანიშნებს? იმაზე, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ხაზი და კონკრეტული ჩარჩო, რომელშიც ის განიხილავს უმცირესობებთან დაკავშირებულ პრობლემებს და უმრავლესობისადმი დამოკიდებულებას.

ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად მიკერძოებულია უმრავლესობის მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ ეს მას სჭირდება პოლიტიკური ნიშნით. ჯერ კიდევ მაკიაველი ამბობდა, რომ ყველაზე კარგი მობილიზატორი არის სწორედ რელიგია. ამ მაკიაველისეულ ბოროტ სიბრძნეს იყენებს ხელისუფება ძალიან აქტიურად. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში უკიდურესად გადააჭარბა, უკიდურესად სასაცილო და სამარცხვინო გახდა მისი მხრიდან ამ მეთოდის გამოყენება.

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გარკვეული ჯგუფი ეკლესიას ებრძვის. ამის მაგალითად მოიყვანა როგორც თქვენი პოზიცია შობის არა 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერს აღნიშვნის შესახებ, ისე “ხატის შეურაცხყოფა”, როგორც თავად უწოდებს, სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ცხადია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თუ მთელი ხელისუფლება, რომელიც იცავს თითქოს გულდათუთქული მართლმადიდებლობას, სინამდვილეში არანაირ მართლმადიდებლობას არ იცავს. შეუძლებელია სტალინიზმსა და მართლმადიდებლობას შორის რაიმეს სახის ტოლობის ნიშნის დასმა. ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არანაირ განცხადებას არ აკეთებს სტალინის კულტის რეაბილიტაციის წინააღმდეგ და სტალინის თითქოს მართლმადიდებელი მორწმუნედ წარმოჩენის წინააღმდეგ. ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი მორწმუნისთვის.

პაპუაშვილმა თქვენს განცხადებებზე რეაგირებისთვის ჯერ სახალხო დამცველს მიმართა, შემდეგ კი -USAID-ს. თუ გქონიათ მათთან კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით?

USAID-მა, მე მგონი, სრულიად ამომწურავი პასუხი გასცა პაპუაშვილს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოში ტოლერანტობას და ევროატლატლკურ ინტეგრაციას. რაც შეეხება სახალხო დამცველს, ცოტა ხნის წინ მქონდა მასთან კომუნიკაცია, ახლა საქართველოში არ არის და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შეხვედრას. ისედაც ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.

გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ სამომავლოდ, ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობები გაგრძელდეს?

ჩვენი – ტოლერანტობის ცენტრის, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების ურთიერთობა უკავშირდება არა იმას, რაღაცა პროექტი გვაქვს თუ არა, ან ვიღაცა გვაფინანსებს. ჩვენი ერთობა უკავშირდება სისხლხორცეულად რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის პრინციპების დაცვას ამ ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება ზუსტად ისევე და უფრო მეტადაც კი, ვიდრე აქამდე.

ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში — არა ამ თავდასხმაზე პასუხად, ისედაც, ოდესმე, ისე რომ ჩამოყალიბდეს სახალხო დამცველის სისტემა, რომ რელიგიათა საბჭოს აღარ ცნობდეს, ჩვენ გავაგრძელებთ არსებობას იმიტომ, რომ ჩვენი მოტივაცია არის ჩვენი საერთო ღირებულებები და სურვილი, დავიცვათ საქართველოში ტოლერანტობის ტრადიცია, დავიცვათ რელიგიის თავისუფლება და თანასწორობის სამართლებრივი სისტემა.


ტოლერანტობის ცენტრის შესახებ

ტოლერანტობის ცენტრი 2005 წლიდან მუშაობს უმცირესობათა უფლებების დაცვაზე. სწორედ ის უწევს კოორდინაციას სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოებს. ეს საბჭოები უმცირესობების თემაზე მომუშავე ყველაზე დიდი საკონსულტაციო სივრცეებია ქვეყანაში: ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო ამ თემაზე მომუშავე 100-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, რელიგიათა საბჭოში კი 30-მდე რელიგიური გაერთიანებაა წარმოდგენილი. საბჭოებისა და ცენტრის საქმიანობა და რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენია საქართველოში უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის შესაფასებლად.

ამას მოწმობს ისიც, რომ ევროპის საბჭოს კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) 2023 წლის მონიტორინგის ანგარიშში მესამედ მოუწოდა სახელმწიფოს ტოლერანტობის ცენტრთან თანამშრომლობისკენ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამგვარი თანამშრომლობა აუცილებელია რელიგიურ საკითხთა დეპოლიტიზებისა და რელიგიური მრავალფეროვნებისადმი პატივისცემის განმტკიცებისთვის. თუმცა აქვეა აღნიშნული, რომ სახელმწიფო არ გამოხატავს ნებას ამისთვის, რასაც მოწმობს ECRI-ის რეკომენდაციების უგულებელყოფა ჯერ 2016 წლის მონიტორინგისას, შემდეგ კი 2019 წლის შუალედურ ანგარიშში. ევროპის საბჭოს კომისიისთვის გაუგებარია, რატომ არ იყენებს სახელმწიფო ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტების გამოცდილებას, რომელიც მათ არსებობის თითქმის 20 წლის განმავლობაში დაუგრვდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი