ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ ამჯერად USAID-ს მიმართავს

20 იანვარი, 2024 • 2386
შალვა პაპუაშვილი ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ ამჯერად USAID-ს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამჯერად ორგანიზაციის დონორს, USAID-ს მიმართავს.

პაპუაშვილს არ მოეწონა ბექა მინდიაშვილის კრიტიკა საპატრიარქოს მისამართით და მან სახალხო დამცველსაც მიმართა. თუმცა, მას შემდეგ რაც გაარკვია, რომ ცენტრი ომბუდსმენის დაქვემდებარებაში არ შედის, დონორის მისამართით გააკეთა განცხადება. პაპუაშვილის შეფასებით ბექა მინდიაშვილის კრიტიკა საპატრიარქოს მიმართ არის “რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა”.

“ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე სახალხო დამცველს, საკითხში გარკვევის თხოვნით. საზოგადოებამ მოისმინა მისი საჯარო განმარტება. როგორც აღმოჩნდა ე.წ. „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი“ სულაც არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს.

რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას. როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს. საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს გუშინ უპასუხა ბექა მინდიაშვილმა. მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, მიმართული მისი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა.

“აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა. ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს. ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძელებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ. ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს”, – განაცხადა მინდიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი