კომენტარი

რატომ ვერ გავჩუმდები… — 18 წლის გეი აქტივისტის ამბავი ემიგრაციიდან

19 დეკემბერი, 2023 • 2590
რატომ ვერ გავჩუმდები… — 18 წლის გეი აქტივისტის ამბავი ემიგრაციიდან

რამდენიმე თვეა, 18 წლის ქვიარ აქტივისტი ლუკა აბლოთია საქართველოში აღარ ცხოვრობს. მას ქვეყნის დატოვება ჰომოფობიურ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმებისა და მუქარების გამო მოუწია. 

როცა აქტივიზმში ჩაება, ჯერაც არასრულწლოვანი იყო. მიუხედავად საფრთხეებისა, არ მორიდებია არც ლგბტ საკითხებზე ღიად საუბარს, არც ფერადი დროშით გამოსვლას აქციებზე და არც მწვავე კრიტიკას ჰომოფობიური ჯგუფების მიმართ.

ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს და, როგორც ამბობს, იქიდან განაგრძობს ბრძოლას, რათა ევროკავშირმა დაასანქციროს “ალტ-ინფო” — ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც არაერთგზის აღვივებდა ჰომოფობიურ სიძულვილს ლუკას მიმართ. 

ლუკა აბლოთია “ნეტგაზეთს” ესაუბრა თავის ბავშვობაზე, ქამინგ აუთსა და აქტივიზმზე, საუბრის დასასრულს კი საზოგადოებას მიმართა და აუხსნა, რატომ ვერ გაჩუმდებიან ლგბტ ადამიანები. 

ბავშვობა საქართველოსა და მის გარეთ

მე ვარ ლუკა აბლოთია, 18 წლის. ამჟამად ბრიუსელში ვცხოვრობ. საქართველოს დატოვება მომიწია, რადგან ვიყავი სიცოცხლის მოსპობის მუქარებისა და ძალადობის მსხვერპლი. ახლა ვაპირებ, დავიწყო სწავლა და ჩავდგე კალაპოტში, რაც  საქართველოში ვერ შევძელი.

დავიბადე თბილისში. ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილი იყო. საბავშვო ბაღის პერიოდი ზუგდიდში გავატარე, შემდეგ კი ფოთში გადავედით, სადაც მეოთხე კლასამდე ვსწავლობდი. 

მახსოვს, რომ ღრმა ბავშვობიდან განსხვავებულად ვგრძნობდი თავს. ამის გამო თავი მარტოსულად ან არაბუნებრივად არასდროს მიგრძნია: პირიქით, ეს მომწონდა. თუმცა დისკომფორტი დაიწყო მაშინ, როცა საზოგადოების მხრიდან დავინახე ლგბტ ადამიანების დევნა, მათი დაკნინება და მათზე ძალადობა. ამაზე ვბრაზდებოდი, თუმცა ჩემი თავი არასდროს მძულდა: პირიქით, ძალიან მიყვარდა.

საერთო ჯამში, ალბათ, კარგი ბავშვობა მაქვს გამოვლილი, რადგან ოჯახში შედარებით უფრო ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლებს. თუმცა, თუნდაც სკოლაში, ძალიან ნეგატიური [დამოკიდებულება] იყო [ლგბტ ადამიანების] მიმართ. სულ მოჰყავდათ ხოლმე მაგალითად ცნობილი ქვიარ ადამიანები და აკნინებდნენ მათ. თავს დაუცველად ვგრძნობდი მაშინ, რადგან არ მომწონდა ის, რომ ადამიანებს განსხვავებულობის გამო ჩაგრავდნენ.

იმ დროს ვხვდებოდი, რომ მეც განსხვავებული ვიყავი და, ასე ვთქვათ, იმ შეურაცხყოფას, რასაც თუნდაც მასწავლებელი აყენებდა ამ ადამიანებს, მიმქონდა ჩემს თავამდეც. ვერ ვხვდებოდი, რატომ, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ცუდი რამ იყო.

მე მომეცა იმის შანსი, რომ გარდატეხის ასაკი საფრანგეთში გამეტარებინა. დაახლოებით 15 წლამდე იქ ვიცხოვრე. ჩემი მშობლების გადაწყვეტილება იყო ემიგრაცია, ხედავდნენ რა, რომ მომავალი არ ჰქონდათ მათ შვილებს. იქ ცხოვრებამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. საფრანგეთში გაცილებით ტოლერანტული გარემოა და ადამიანები უფრო ღიად ცხოვრობენ. სწორედ იმ პერიოდმა შთამაგონა, რომ თავისუფლება და თანასწორობა უზენაესი ღირებულებებია. 

ლუკას ბავშვობა. ფოტოები პირადი არქივიდან 

აფხაზეთი — სკოლა

როგორც გითხარით, მე აფხაზეთიდან ვარ – კერძოდ, გალის რაიონიდან. 15 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთიდან დავბრუნდი საქართველოში და პირდაპირ ჩავედით გალში, ვინაიდან იქ მცხოვრებ ბებიაჩვენს მხარდაჭერა სჭირდებოდა. ძალიან ცუდად იყო. ე.წ. დოკუმენტი მქონდა, 5-წლიანი ვადით.  მისი მიღება ძალიან ძვირი ღირს და მათ შორის, გჭირდება მოწვევა ნათესავისგან, რომელიც ცხოვრობს ადგილზე. ეს ნათესავი ბებიაჩემი იყო და მისი წყალობით გამიკეთეს ეს. შემდგომი ორი წლის მანძილზე აფხაზეთში მომიწია ცხოვრება, სკოლა იქ დავამთავრე, შემდეგ კი თბილისში წავედი. 

პირველ დღეს, როცა აფხაზეთში მივედი სკოლაში, ლგბტ თემაზე ჩამოვარდა საუბარი. სკოლაში მისვლამდე ჩემს გვერდზე უკვე ვაზიარებდი პოსტებს ამ საკითხზე და შეიძლება, მანამდე ნახეს ეს პოსტები. იმ საუბრის დროს ზოგიერთმა რაღაცნაირი დამოკიდებულება გამოხატა, რაც არ მომეწონა და ვთქვი, მე გეი ვარ-მეთქი. ხმა არავის ამოუღია. 

ვფიქრობ, ჩემი მეგობრები ან მასწავლებლები აფხაზეთში თავიდან ძალიან სხვანაირად იყვნენ განწყობილნი უმცირესობათა მიმართ, რადგან მათ არასდროს ჰქონიათ შეხება ისეთ ადამიანთან, რომელიც ღიად ისაუბრებდა საკუთარ თავზე. როცა [ჩემი სახით] მათ დაინახეს, რომ “ესეც ჩვენნაირია, უბრალოდ რაღაც პატარა განსხვავებაა ჩვენ შორის”, გააცნობიერეს, რომ [განსხვავებული] ადამიანები არ წარმოადგენენ პრობლემას. მათ ეს თავიანთი თვალით, პირადად ნახეს და არა — სოციალური ქსელებიდან ან ტელევიზიიდან. სულ სხვაა, როცა რაღაცას შორიდან ვხედავთ და სხვაა, როცა მას ახლოდან გავიცნობთ. ეს ძალიან დაეხმარათ [მასწავლებლებს და მეგობრებს], გაეგოთ, რომ განსხვავებული ადამიანები არსებობენ და ისინი არ არიან მონსტრები.

მჯერა, რომ როცა ადამიანებს ავუხსნით და უფრო მეტად ხილვადები ვიქნებით, უფრო მეტად მიგვიღებენ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ღიად დავიწყე საუბარი ჩემს განსხვავებულობაზე. 

აფხაზეთი — ოკუპაცია, ცენზურა

აფხაზეთში ცხოვრებამ დამანახა, თუ რა საშინელებაა ოკუპაცია. ვერ ვამბობდი იმას, რისი თქმაც მინდოდა. როცა ვცდილობდი, რომ რამე მეთქვა, ყოველთვის რაღაც რეპრესიების ქვეშ ვხვდებოდი. კარგად მახსენდება ის, რომ მქონდა შანსი, მენახა იქაურობა, თუმცა, ამავდროულად, შევიგრძენი ყველა ის ემოცია, რომელიც ალბათ ყველა ქართველს აქვს დღეს: ტკივილი, რომელიც ახლავს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას და ფაქტს, რომ სახლში ვერ ბრუნდები, რადგან გზად რუსი ჯარისკაცები დგანან. 

ე.წ. სასაზღვრო კონტროლის დროს ბევრჯერ ვყოფილვარ ერთგვარი შევიწროების მსხვერპლი. გადაუჩხრეკიათ ყველაფერი, რასაც ვპოსტავდი და ინტერვიუები, რომლებსაც ვაძლევდი იქ ყოფნის პერიოდში. ბევრი პრობლემა მქონია ამაზე. ერთხელ, როცა სკოლაში მივდიოდი, გზად მანქანა გაჩერდა, საიდანაც ე.წ. პოლიციელი გადმოვიდა, რაღაც პატარა ქილა ამოიღო და მითხრა, უნდა მოშარდო, ნარკოტესტს გიტარებთო. ვუხსნიდი, რომ 16 წლის ვიყავი, არასრულწლოვანი, თუმცა მაინც გამაკეთებინეს ეს. ზემოდან მიყურებდნენ, რადგან ქართველი ვიყავი, ვსაუბრობდი ქართულად და არა რუსულად. 

ამის შემდეგ სულ ამოჩემებული ვყავდი. ჩემი პოსტები ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ქვეშ და ეს ძალიან აწუხებდათ. როცა უკრაინაში ომი დაიწყო, სოციალურ ქსელში სოლიდარობა გამოვუცხადე უკრაინას, ბევრი სხვა ახალგაზრდის მსგავსად აფხაზეთში. ამის შემდეგ სკოლაში კომისია მოვიდა და გვითხრა, რომ უნდა წაგვეშალა ეს ყველაფერი. 

ენგურის ხიდი 

რაღაც მარშებსაც აწყობდნენ ხოლმე გალში: რუსული არმიის მარშებს, სადაც ვალდებულები ვიყავით, გავსულიყავით რუსეთის, აფხაზეთის, საბჭოთა კავშირის დროშებით. მე ყოველთვის “ცუდად ვიყავი”, ან “სიცხე მქონდა” და არ მივდიოდი. მორალურად არ მაძლევდა საკუთარი თავი იმის უფლებას, რომ იქ წავსულიყავი. სკოლიდან გარიცხვა მერჩივნა იქ წასვლას. 

როცა ბოლოს საზღვარზე გადმოვდიოდი, მაშინ მითხრეს, რომ ჯობდა, აღარ დავბრუნებულიყავი აფხაზეთში. იმ ე.წ. დოკუმენტს ვადა ჯერაც ჰქონდა და კიდევ შემეძლო შესვლა-გამოსვლა, თუმცა “დავიბლოკე”. 

თბილისი: როგორ გავხდი ჰომოფობთა სამიზნე

სკოლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ასაკში, დავბრუნდი თბილისში. აქტივიზმთან პირველი შეხება აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ, 1 კვირაში მქონდა. ირანელი ქალების სოლიდარობის აქციაზე გავედი პრაიდის დროშით. ძალიან გაუხარდათ და მომცეს იმის საშუალება, რომ მათთან ერთად დავმდგარიყავი. ეს იყო ჩემი პირველი ქვიარ აქტივიზმი

ამის შემდეგ დავიწყე აქტიური მონაწილეობა აქციებში — მათ შორის, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ დემონსტრაციებში, უკრაინის მხარდამჭერ შეკრებებში, უმცირესობებისა და ქალების საპროტესტო მარშებზე და ა.შ.

თბილისში ცხოვრებას კარგი კუთხეც ჰქონდა და ცუდიც. ცუდი ის იყო, რომ არც საზოგადოება და არც ხელისუფლება მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ვყოფილიყავი თავისუფალი. კარგი ის იყო, რომ გავიცანი უამრავი მაგარი ადამიანი, მათ შორის, ჩემი კურსელები უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. თუმცა პრობლემები შემექმნა სხვა ტიპებისგან, რომლებიც მემუქრებოდნენ და უნივერსიტეტში ვეღარ დავდიოდი შემდეგ. 

ჰომოფობიურმა “ალტ-ინფომ” მას შემდეგ ამომიჩემა, რაც პირველი თავდასხმის მსხვერპლი გავხდი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ავტობუსში დამესხა თავს ჰომოფობი, რასაც საქართველოში თითქმის ყველა მედიასაშუალება გამოეხმაურა. მაშინ “ალტ-ინფომ” საზიზღარი სიუჟეტი გააკეთა ჩემზე და იმის მერე ამითვალწუნეს. ეს ძალიან მაბრაზებდა და, მაგალითად, “ალტ-ინფოს” ოფისთან ახლოსაც დავმდგარვარ პლაკატით “არა ჰომოფობიას”. პრაიდის დროშითაც დავდიოდი ქუჩებში პრობლემის გარეშე. პოლიციის მთავარ სამმართველოსთანაც მოვაწყვე პატარა აქცია. ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი, რაც ამ ადამიანებს არ მოსწონდათ. ჩემი წყალობით დაიწყეს რაღაცნაირი ახალი “ანტი-ლგბტ” კამპანია. ერთ-ერთ ეთერში ისიც წამოსცდათ, [ეს ბიჭი] თუ ჩვენს რომელიმე აქციაზე მოვიდა, ცოცხალი როგორ უნდა გამოვიდეს იქიდანო. ამის შემდეგ მივედი პოლიციაში და ვუთხარი, რომ მემუქრებოდნენ, თუმცა პასუხი იყო, რომ პოლიცია ვერაფერს იზამდა. 

ლუკას პროტესტი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 

არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რადგან როცა ამდენ ზიზღსა და მუქარას პირდაპირ ეთერში ახმიანებდნენ, შემდეგ უკვე რადიკალური ელემენტები, “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები და ასეთი ხალხი მცნობდა და [შეურაცხყოფას] მაყენებდა. 

“დაიყვირა, პიდარასტია და ჩაქოლეთო”

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი, ტრანსგენდერი ქალი კატალინა ჯორჯეული, ჰოლანდიის საელჩოში მივდიოდით, რადგან ელჩმა დაგვპატიჟა მეფის დღის აღსანიშნად. საშინელი საცობები იყო და მეტროთი წასვლა გადავწყვიტეთ. შევედით მეტროს ვაგონში და იქვე იყო ერთი რადიკალი, რომელიც სოციალურ მედიაში ძალიან დიდი ჰომოფობიით გამოირჩეოდა და [პირადად] მეც მაკრიტიკებდა ხოლმე. ისიც იმ ვაგონში აღმოჩნდა. მოგვაძახა, ეს პიდარასტიაო. იმ პერიოდში წიწაკის სპრეით დავდიოდი, რადგან უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი თავს. აპირებდა, ჩემთვის ხელი დაერტყა. ამოვიღე წიწაკის სპრეი და სამჯერ გავაფრთხილე, უკან დაეხია. ამ დროს ვაგონში იყო ნულოვანი რეაქცია: თუ ვინმეს რეაქცია ჰქონდა, ეს იყო ან სიცილი, ან შეძახილები “მიდი, სცემე”. 

სხვა გზა არ მქონდა, როცა დამარტყა, გამოვიყენე სპრეი და შევასხი ამ კაცს. მთელი ვაგონი წიწაკის სპრეით გაივსო, რაც არ მინდოდა, მაგრამ იძულებული გავხდი. მას შემდეგ, რაც სპრეი იგემა, დაიყვირა, პიდარასტია და ჩაქოლეთო, რის შემდეგაც ჯგუფურად დაგვესხა თავს რამდენიმე კაცი. თავში მირტყეს ფეხი, ხელი… რა მხვდებოდა, არ ვიცოდი. ამ დროს კატალინამ გამომათრია ვაგონიდან, თუმცა ეს ხალხიც გამოვიდა და დავინახე, ვიღაცამ დანა ამოიღო, ვიღაცა ყვიროდა, ახლა მოგკლავო… მოგვიწია სირბილი. დიდუბის მეტროსთან პოლიციის პატარა კაბინაა და პოლიციელს ვთხოვე, ეშველა. თავიდან დოკუმენტებს გვთხოვდა, მე კი ვუხსნიდი, რომ არ იყო ამის დრო. როცა ნახა, რომ ჭკუაზე არ ვიყავი, შეგვიყვანა, როგორც იქნა. ამ დროს ხდება ისეთი რაღაც, რომ პოლიცია არ გვიჯერებს. თავისი კოლეგა მოიყვანა, რომელიც ძალიან ცუდად იყო განწყობილი ლგბტ თემის მიმართ. წიწაკის სპრეი წამართვა და ამბობდა, რა უფლება გაქვს ამის ტარებისო, როცა საქართველოში გვაქვს წიწაკის სპრეის ტარების უფლება. ვეუბნები, ზემოთ ხალხია, ვინც მოსაკლავად მოგვდევდა, დანაც აქვთ, მოახდინეთ რეაგირება-მეთქი. არავინ არანაირ რეაგირებას არ აპირებდა. ამ დროს მივიღე სწრაფი გადაწყვეტილება: დავურეკე ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს ტელევიზიებში. ერთ-ერთმა მითხრა, დამელოდე, არსად წახვიდე, მოვდივარო. პოლიციელი, [მედიის გაგონებაზე], გარეთ გავარდა და ყვირილი დაიწყო: დაიჭირე, ბიჭო, ისინი, მედია მოდისო.

ის ადამიანები დაკითხეს და გაუშვეს. სამწუხაროდ, არავინ დასჯილა და არც გამოუძიებიათ ეს საქმე. გვეუბნებოდნენ, მეტროში კამერებიაო, თუმცა რამდენიმე დღეში მითხრეს, რომ არ მუშაობდა ტექნიკა. ამ თავდასხმის შემდეგ ეს ადამიანი ისევ გვემუქრებოდა და ის ისევ თავისუფალია, კვლავ აგრძელებს ჰომოფობიური ვიდეოების ჩაწერას.

ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა ავსულვარ ტრანსპორტში, პირდაპირ ჩემი გვერდი გაუხსნიათ სოციალურ ქსელში და ამბობდნენ, ეს რომ ახლა გვანახა, მუხლებში გადავამტვრევთო და ა.შ. ყოფილა ადევნების შემთხვევებიც. თბილისში ცხოვრების ბოლო თვეებში საზოგადოებრივ ტრანსპორტს არც კი ვეკარებოდი, რის გამოც ტაქსებით მიწევდა სიარული. ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ მშიერი იმის გამო, რომ ტაქსებში მიწევდა ფულის ხარჯვა.

ბოლოს უკვე 112-ში რეკვაც შევწყვიტე, რადგან აზრი არ ჰქონდა და გადავედი თავდაცვის პოზიციაზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ ვატარებდი სპრეის, მეკეთა ნიღაბი, რომ ვიღაცებს არ ვეცნე და თუ ქალაქში გავდიოდი, 3-4 მეგობარი მაინც მომყვებოდა, რათა დაცული ვყოფილიყავი.

ემიგრაცია და საფრთხე, რომელიც არ გამქრალა

ჩემი თბილისური ცხოვრება დაგვირგვინდა იმით, რომ პოლიციამ საერთოდ არ დაიცვა პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოება, რომლის მოხალისეც ვიყავი და მისცა საშუალება 3 000-კაციან დაჯგუფებას, ამოსულიყვნენ და ეძალადათ ჩვენზე. ევაკუაცია რომ არ ყოფილიყო, არ მგონია, ვინმე გადარჩენილიყო, რადგან ეს ადამიანები ძალადობით იყვნენ მოტივირებულნი და იმისთვის ამოვიდნენ იქ, რომ ვინმე მოეკლათ და ეცემათ.

შემდეგ მოხდა ისე, რომ ძლივს მოვახერხეთ ევაკუაცია, თუმცა შუა ტყეში პოლიციის ერთმა ეკიპაჟმა გააჩერა მანქანა, მივიდა ავტობუსის მძღოლთან და უთხრა, ჩამოვესვით — შუა ტყეში. ეს იყო ყველაზე შოკის მომგვრელი მომენტი ჩემთვის და მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა საქართველო, რადგან იქ არავინ დამიცავდა: არც სახელმწიფო, არც პოლიცია. 

ლუკა პრაიდის დროშით პარლამენტთან. ფოტო პირადი ფეისბუკიდან 

თბილისში აქტივიზმს არ ვწყვეტდი იმიტომ, რომ ვხედავდი უსამართლობას და არ მსურდა, სხვებსაც გამოევლოთ ის, რაც მე გამოვიარე. რაც უფრო მეტად ძლიერდებოდა ეს თავდასხმები, აგრესია თუ მუქარები, უფრო მეტად ვძლიერდებოდი მეც და მეძლეოდა მიზეზი, არ შემეწყვიტა აქტივიზმი. მაგრამ მოხდა ისე, რომ დავტოვე ქვეყანა, რადგან ჩემთვის ჩემი სიცოცხლე უპირველესია. 

აქტივიზმს აქაც ვაგრძელებ და კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ევროკავშირმა დაასანქციროს “ალტ-ინფო”, კოკა მორგოშია თუ სხვები, რომლებიც ღიად არიან ჩართულნი ჟურნალისტებზე თუ უმცირესობებზე თავდასხმაში. მათ უნდა აეკრძალოთ [ევროპაში] გადაადგილება და დასანქცირდნენ. ვგეგმავთ, ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ევროკომისიის იმ წარმომადგენლებს, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ. ასევე, მივწერეთ ევროპარლამენტის ფრაქციებს და საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ დეპუტატებს. ახლა ველოდებით, რომ შეხვედრები ჩანიშნოს.

დღეს სრულიად კონფიდენციალურ საცხოვრებელში ვცხოვრობთ. მოგვცეს სახლი, რომლის მისამართიც არავინ უნდა იცოდეს. ეს ადამიანები აქაც, ბრიუსელშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ: მესიჯებს აქაც ვიღებთ, სიცოცხლის მოსპობის მუქარები აქაც გვესმის, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც აქ ცხოვრობენ და არიან “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები, მათთან შეკრულები. გვქონია შემთხვევა, როცა ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ქართველი პიროვნებები მოგვივარდნენ. პირდაპირ გვითხრეს, აქ ვართ და ვერსად დაიმალებითო. მერე იქიდან ახალ მისამართზე გადაგვიყვანეს, თუმცა ჩვენს ფანჯარასთან მოვიდა ვიღაც და ტელეფონით გვიღებდა. ახლა ვართ ისეთ ადგილას, რომელიც არავინ იცის და არც უნდა იცოდეს. თავს ვარიდებთ ქუჩაში სიარულსაც, თუმცა აქ სახელმწიფო გვიცავს, პოლიცია გვისმენს. 

საქართველოში არაფერს აკეთებდნენ. დღეს საქართველოს პრობლემა “ალტ-ინფო” ან მორგოშია არ არის. საქართველოს პრობლემაა ხელისუფლება, რომელიც არსით ჰომოფობიურია. მას არ სურს, ქვეყანაში უმცირესობები არსებობდნენ და რაიმე ჩაატარონ. შეუძლებელია, დაცვა მოსთხოვო მას, ვინც თავად გვესხმის თავს. მათ ჩვენი დაცვის სურვილი არ აქვთ, თორემ ბელგია და სხვა ქვეყნები გვიჩვენებენ იმის მაგალითს, რომ მათ აქვთ სურვილი და პასუხისმგებლობა, დაიცვან თითოეული მოქალაქე. 

ლუკა ევროპარლამენტთან 

ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობა

პირველად ჩემ შესახებ ჩემს დას და მის მეგობარს ვესაუბრე. მათ ეს ძალიან კარგად მიიღეს, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. შემდგომ ჩემს მშობლებსაც ვაძლევდი მინიშნებებს, ნელ-ნელა ვაპარებდი, ბოლოს კი ღიად განვუცხადე ამის შესახებ. ამან ოჯახში მცირე კონფლიქტი გამოიწვია. მამაჩემი დედაჩემს აბრალებდა, დედაჩემი — მამაჩემს. დროთა განმავლობაში,მათაც მიიღეს ეს ყველაფერი და დღეს ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. გარიყული არ ვარ ოჯახიდან და ეს ალბათ ძალიან დიდი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში.

ქვიარ ადამიანებისთვის ოჯახის წევრების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, რადგან ოჯახი ის გარემოა, სადაც ვიზრდებით და რომლის იმედიც უნდა გვქონდეს ყველაზე რთულ მომენტებში. როცა ოჯახი გვრიყავს, ეს დამანგრეველია ჩვენთვის. რომ არა ჩემი მშობლების მხარდაჭერა, ფსიქოლოგიურად ჩამოვინგრეოდი. ერთადერთი, რაც მაძლიერებდა, ჩემი ოჯახის წევრების მხარდაჭერა იყო. 

მშობლებს, რომელთაც განსხვავებული ორიენტაციის მქონე შვილები ჰყავთ, ვურჩევდი, მიიღონ ისინი. ეს ადამიანები არ არიან მონსტრები. ისინი ზუსტად ის შვილები არიან, რომლებიც გააჩინეთ, გაზარდეთ და გიყვართ. მათი ქამინგ აუთი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეიცვლებიან. ისინი ისევ ისეთები იქნებიან, როგორებიც იყვნენ. როგორც მშობლებს, რომელთაც შვილების გაზრდაზე პასუხისმგებლობა აიღეთ, გევალებათ, რომ მიიღოთ და გიყვარდეთ ისინი. საზოგადოების დამოკიდებულების ნუ შეგეშინდებათ. საზოგადოების დამოკიდებულება მაშინ შეიცვლება, როცა შვილს ისეთს მიიღებთ, როგორიც არის. ბევრი მშობლის მესმის, რადგან როცა საშინელი დამოკიდებულებაა ყველა მხრიდან, შეიძლება, რომ რაღაცის შეგვეშინდეს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ თქვენი შვილების მიმღებლობით, მხარდაჭერით და გვერდში დგომით შეგიძლიათ, ეს ვითარება შეცვალოთ. შეიძლება, 1-2 დღე ილაპარაკონ თქვენზე, თუმცა 1-2 დღის შემდეგ ყველას დაავიწყდებით. გირჩევთ, არ მიატოვოთ საკუთარი შვილები, რადგან ისინი გჭირდებათ და მათ სჭირდებით.

ლუკა დედასთან ერთად. ფოტო პირადი არქივიდან 

რატომ ვერ გავჩუმდები

ჩემმა ქამინგ აუთმა რადიკალურად შემცვალა. სრულიად ჩუმი და შეშინებული ვიყავი და გამხადა ადამიანად, რომელიც ბედნიერია და უნდა ცხოვრება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლე. დამალული ვერ ვიქნები. თუ დავიმალები, ვიქნები უბედური.

მათ, ვინც ამბობს, რა საჭიროა ქამინგ აუთი და ჩუმად იყავით [ლგბტ ადამიანებიო], ვეტყოდი: აბა, თვითონ სცადონ ჩუმად ყოფნა და სცადონ, არ ისაუბრონ თავიანთ შეყვარებულებზე, ან ქუჩაში არ იარონ ხელჩაკიდებულებმა, ან დაიმალონ და თავი გააცნონ საზოგადოებას გეებად, როცა [სინამდვილეში] ჰეტეროსექსუალები არიან. [ნახონ], როგორი იქნება, რომ იყვნენ ის, ვინც არ არიან. 

თუნდაც ჩემი მეგობრები როცა გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ ქვიარები ვართ და გვინდა არსებობაო, იმის გამო კი არ გამოდიან, რომ რამის აფიშირება უნდათ, არამედ, გამოდიან იმიტომ, რომ ჩაგვრის, დისკრიმინაციის, ძალადობის მსხვერპლნი არიან. თქვენც რომ იყოთ ამ ყველაფრის მსხვერპლი, არ იქნებოდით ჩუმად: აუცილებლად ამოიღებდით ხმას და იბრძოლებდით თქვენი უფლებებისთვის. ანალოგიურია ჩვენთანაც. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით, თორემ არავის უხარია პირად ცხოვრებაზე საჯარო საუბარი. იმისთვის ვსაუბრობ ჩემს პირადზე, რომ სხვებმა გაიგონ ჩემი და ჩემნაირი ადამიანების არსებობა, რათა მიიღონ ისინი, შეწყდეს ძალადობა და ისეთივე ინტეგრირებულები ვიყოთ საზოგადოებაში, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი; რათა შევძლოთ განვითარება, პროგრესი და საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი