კომენტარი

ქვიარი ქალი აქტივიზმსა და პოლიტიკაში — თამარ ჯაყელის ამბავი

12 ოქტომბერი, 2023 • 2009
ქვიარი ქალი აქტივიზმსა და პოლიტიკაში — თამარ ჯაყელის ამბავი

თამარ ჯაყელი ახალგაზრდა აქტივისტია და გასულ წელს შექმნილი ქართული პოლიტიკური პლატფორმის, “მწვანეების” თანადამფუძნებელია.

ახლო წარსულში, ძირითადად, მწვანე და ქვიარ საკითხებზე აქტიურობდა, თუმცა შემდეგ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების წინა ხაზზე აღმოჩნდა და ასე გადავიდა უფრო ფართო აქტივიზმში.

“ნეტგაზეთთან” ინტერვიუში თამარ ჯაყელმა გაიხსენა, როგორ მიიღო საკუთარი თავი, როგორც ქვიარმა, როგორ დაინტერესდა აქტივიზმით და როგორ ხედავს თავის პოლიტიკურ მომავალს ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც შესამჩნევად აძლიერებს ჰომოფობიურ რიტორიკას ქვიარ ადამიანების მიმართ.

გზა ქამინგ აუთისკენ

მე ვარ თამარ ჯაყელი, ქვიარ, ფემინისტი და მწვანე აქტივისტი, 27 წლის. სკოლის ასაკიდანვე, I-II კლასიდანვე, დაახლოებით მესმოდა, რომ იყო ჩემში რაღაც განსხვავებული. თუმცა არ ვიცოდი, რა სახელი დამერქმია ამისთვის და წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვცდილობდი, უბრალოდ ვყოფილიყავი ბეჯითი მოსწავლე, მთლიანად ვფოკუსირებულიყავი კარგად სწავლაზე და არ მეფიქრა ამ უცნაურ გრძნობაზე, რომელიც მქონდა.

ჩემ გარშემო გოგოებს ბიჭები მოსწონდათ და ვერაფრით ვხსნიდი, რა მჭირდა მე. ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც დაავადება ან ცოდვა. გულმხურვალედ ვლოცულობდი, რომ ღმერთს განვეკურნე. არავის ვეუბნებოდი ამის შესახებ, რადგან ვიცოდი, რომ ეს მიუღებელი იყო.

ბევრი წელი გავატარე ამ განცდებში და ალბათ X-XI კლასში მივხვდი, რომ ნამდვილად ვერ შევცვლიდი ვერაფერს, რომ ნამდვილად გოგოები მომწონდა. XII კლასში, როცა “ფლექსის” გაცვლითი პროგრამით წავედი აშშ-ში, იქ გავიცანი პირველად სხვა ადამიანები, ჩემი თანატოლები, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ იყვნენ გეები, ლესბოსელები თუ ბისექსუალები. ამას არ მალავდნენ, მათთვის ეს არ იყო სამარცხვინო. რა თქმა უნდა, მათაც ჰქონდათ რთული ისტორიები: ოჯახებს ალბათ ყველგან უჭირთ თავდაპირველად ამის მიღება. თუმცა მათმა გამბედაობამ და დანახვამ, რომ შეიძლება იყო გეი და ამას ღიად ამბობდე, მეც გამაბედვინა, მათთვის მაინც მეთქვა თავიდან, რომ კი, მეც თქვენნაირი ვარ.

თამარ ჯაყელი ნიუ-იორკში, 2013 წელს

შემდეგ უკვე, ნელ-ნელა, ჯერ ვუთხარი მასპინძელ ოჯახს, ვისთანაც ვცხოვრობდი ამერიკაში, ხოლო შემდეგ, რომ ჩამოვედი, ვუთხარი ჩემს უახლოეს მეგობრებს სკოლაში. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჯერ დედას ვუთხარი, ჩემმა დამაც გაიგო იმავე დღეს და ნელ-ნელა დავიწყე ოჯახისთვის, გარშემომყოფებისთვის თქმა, თუმცა ეს პროცესი ბევრი წელი გრძელდებოდა და სულ რაღაც ორი-სამი წელია, რაც ჩემთვის შედარებით კომფორტულია, რომ ღიად ვილაპარაკო ამ თემაზე საჯაროდ და მედიაში.

17.05.2013

“ფლექსის” პროგრამა რომ დამთავრდა და ამერიკიდან ჩამოვედი, ეგ დღე იყო 2013 წლის 17 მაისი. ეგ დღე იყო ასევე ჩემი სკოლის ბოლო ზარი. ჩამოვედი დილის 5 საათზე, კლასელები აეროპორტში დამხვდნენ, შემეგებნენ… რამდენიმე საათი ვიძინე სულ, რის შემდეგაც, 12 საათზე, სკოლაში მივედი. ორთაჭალაში ვსწავლობდი და ვნახე, რომ გადაკეტილი იყო გზები. მქონდა განცდა, რომ რაღაც ხდებოდა ქალაქში, ოღონდ არ ვიცოდი — რა, რადგან არანაირად არ ვიყავი ჩართული საქართველოში ქვიარ აქტივიზმში.

უკან რომ წამოვედი ბოლო ზარიდან, ავტობუსში ვნახე ქალები ხატებით და ჭინჭრებით ხელში, რომლებიც რაღაცას ბუტბუტებდნენ — “ეს ავადმყოფები, გარეთ რატომ გამოდიან”… მივხვდი, რომ ჩემნაირ ადამიანებზე იყო საუბარი. სახლში რომ მივედი, ბებიაჩემი უყურებდა კადრებს პირდაპირ ეთერში, ყვითელი ავტობუსის კადრები იყო. მძაფრი ემოციური რეაქცია მქონდა ამ ყველაფერზე. მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში მომიწევდა შიშში ცხოვრება. ამერიკაში ისე მიდიოდა ჩემი ქამინგ აუთის პროცესი, რომ პრაქტიკულად ყველამ იცოდა და ყველამ მიმიღო. საქართველოში კი, ჩამოვედი და პირველივე დღეს ვნახე ასეთი გამეტებით ცემა, დაშინება ქვიარ ადამიანებისა.

ბოლო ზარი

ის ზაფხული ძალიან რთული იყო ჩემთვის. თან პირველად ვიყავი შეყვარებული. ეს ისტორიაც ცუდად წავიდა. ვიყავი გულგატეხილი, მარტოსული, შეშინებული… არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ისიც არ მინდოდა, რომ ბოლომდე დამემალა.

შემდეგ ბუნებრივად მოხდა: დედაჩემი მიხვდა, რომ რაღაც იყო ცუდად ჩემს ცხოვრებაში. მკითხა, რა მჭირდა და ვუთხარი სიმართლე: რომ გოგოები მომწონს, რომ კონკრეტულად ერთ გოგოზე ვიყავი შეყვარებული. ძალიან გაუჭირდა ამის მიღება. ორივემ ბევრი ვიტირეთ ჩახუტებულებმა. თავიდანვე მითხრა, რომ ვუყვარდი და მის სიყვარულში არაფერი შეიცვლებოდა. უბრალოდ, ძალიან ეშინოდა იმის, თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება საქართველოში. დღემდე ძალიან ეშინია და სულ მეუბნება, იქნებ მაინც ჯობდეს, სადმე საზღვარგარეთ ვიცხოვრო, სადაც უფრო მეტად მიმიღებენ, ან ძალიან საჯაროდ არ ვილაპარაკო ამაზე.

მე, რა თქმა უნდა, არც ერთს არ ვაკეთებ — საქართველოში ვრჩები და აქ ვლაპარაკობ საჯაროდ ამ ყველაფერზე. სხვანაირად არ შემიძლია: მგონია, რომ მე თვითონ მაქვს შინაგანი ძალა და რაღაც დონეზე პრივილეგიაც, იმიტომ, რომ საზღვარგარეთ ვისწავლე, შედარებით პროგრესული ოჯახი მყავს… ამიტომ ვცდილობ, საკუთარ თავზე ავიღო ეს პასუხისმგებლობა, რომ ვინმემ ილაპარაკოს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ხმამაღლა საუბარი

როცა წარმოვიდგენ, რომ ჩემს საჯარო საუბარს ისმენს ერთი ადამიანი მაინც სადმე, სოფელში, ვისაც არ ჰყავს გარშემო ღიად ქვიარი ადამიანები და ფიქრობს, რომ მომავალში იქნებ მანაც შეძლოს, ვინმეს მაინც უთხრას ამის შესახებ და მალვაში არ გაატაროს მთელი ცხოვრება, ეგ ძალიან დიდ ძალას მაძლევს, რომ გავაგრძელო საუბარი.

იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ესაა გზა რეალური ცვლილებებისთვის; იმისთვის, რომ გადავლახოთ სტერეოტიპები და სიძულვილი, დაინახოს საზოგადოებამ, რომ მათთან ერთად ყოფნა, სიმართლეში ცხოვრება გვინდა. საზოგადოებას ჰგონია, რომ ჩვენ, ქვიარები, ვართ სტერეოტიპული, კარიკატურული ადამიანები. ვერც წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, მათი მეგობრები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები ვიყოთ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, ისეთი პატრიოტები ვიყოთ, როგორებიც ისინი არიან, ისეთივე ეთიკური ვიყოთ, როგორებიც ისინი არიან… ადამიანებს ბევრად უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე — განმასხვავებელი.

ქამინგ აუთი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჯერ ჩვენში გადავლახოთ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა და მივიღოთ საკუთარი თავი. ესაა პროცესი, რომელიც ბევრი წელი გრძელდება. დღემდე მიწევს მისი გავლა: არის დღეები, როცა დანაშაულის გრძნობა მაქვს ჩემი ოჯახის მიმართ, რომ ამ თემაზე საჯაროდ ვლაპარაკობ და გულს ვტკენ; რომ მათ ეშინიათ, ვინმემ რამე არ დამიშავოს. ამაზე დანაშაულის გრძნობა მაქვს, მაგრამ არ უნდა მქონდეს. ეს ჩემი ბრალი არ არის.

როგორ მოვხვდი აქტივიზმში

საერთოდ, აქტივისტი ალბათ მოწოდებით ვარ ბავშვობიდანვე, რადგან სამართლიანობის გრძნობა მაქვს ძალიან გამძაფრებული. მინდა, სამყარო უფრო სამართლიანი იყოს აბსოლუტურად ყველა კუთხით. როცა შემეძლო, ყოველთვის ვიცავდი სხვას, როცა მას ჩაგრავდნენ და ყოველთვის ვაფიქსირებდი განსხვავებულ აზრს. ვერ ვეგუებოდი უსამართლობას.

პატარა აქტივიზმი, უფრო მოხალისეობრივი კუთხით, ჯერ კიდევ ამერიკაში სწავლის პროცესში დავიწყე. მერე, საქართველოში რომ ჩამოვედი, ვნახე, რომ ძალიან ცოტა ადამიანი აქტიურობდა მწვანე საკითხებზე. არადა, კლიმატის კრიზისი ჩემი თაობისთვის უმთავრესი გამოწვევაა. გადავწყვიტე, ჩემს რამდენიმე ახლად შეძენილ თანამოაზრესთან ერთად ჩამეტარებინა რამდენიმე აქცია კლიმატთან, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. მაშინ ვიყავით “ახალგაზრდა მწვანეები”, ახლა ვართ “მწვანეები”.

აქცია თბილისში ეფექტური ეკოლოგიური პოლიტიკის მოთხოვნით. 2019 წ.

რაც შეეხება ქვიარ აქტივიზმს, ალბათ 3 წელია, რაც უფრო საჯარო ვარ. მანამდე ყველანაირად, ხან ამერიკაში, ხან საქართველოში ვცდილობდი, სოც. მედიის მეშვეობით ან რაღაცნაირად მიმეწვდინა ჩემნაირი ადამიანებისთვის ხმა. ახლა, ბოლო 2-3 წელია, მაქვს ეს შინაგანი ძალა, რომ საჯაროდ ვისაუბრო ამ თემაზე. 1 წელიწადია, რაც ოფიციალურად ვარ “თბილისი პრაიდის” გუნდის წევრი, თუმცა მანამდე მათ მოხალისეობრივადაც ვეხმარებოდი.

თბილისი პრაიდის გუნდის წევრები გახდნენ ჩემი მეგობრები. ახლოდან ვნახე მათი საქმიანობა. ვნახე, როგორ მონდომებით ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში ქვიარ ადამიანებმა ღიად ისაუბრონ და ღიად დაიცვან ჩვენი უფლებები.

2021 წელი იყო ჩემთვის წყალგამყოფი, როდესაც ჯერ იყო და რიონის ხეობის მოძრაობამ, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ფიზიკურადაც ვიყავი ჩასული, დააფიქსირა საკმაოდ ჰომოფობიური მოსაზრება, შემდეგ კი ვნახეთ 5 ივლისის მოვლენები, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა ითარეშეს ქუჩებში და 50-ზე მეტი ადამიანი დააზიანეს ფიზიკურად.

მაგ ზაფხულს დავრწმუნდი, რომ სხვა გზა არ არსებობს, ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ ჩვენი უფლებები და აუცილებლად უნდა დავუდგე გვერდში პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც ხშირად საკუთარ თავს მსხვერპლადაც სწირავენ ამ აქტივიზმს, მე ვიტყოდი. ძალიან რთულია ეს აქტივიზმი და და არც უსაფრთხო არ არის. თუმცა, მგონია, რომ საერთოდ გაჩერება იქნება ზუსტად ის, რაც უნდა “ქართულ ოცნებას” და პრორუსულ, ძალადობრივ ჯგუფებს.

თამარ ჯაყელი თბილისში 2023 წლის პრაიდ ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელიც ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს

აქტივიზმის მოტივაცია და ფასი

აქტივიზმის ძალიან დიდი ნაწილი დგას მოხალისეობაზე. მაგალითად, მინიმუმ ნახევარი იმ საქმეთაგან, რომლებსაც ვაკეთებ, არის ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სრულიად მოხალისეობრივი. ამაში ვდებ ჩემს ენერგიას, დროს და რესურსს. ხშირად ყოფილა, რომ აქციების ორგანიზებისთვის საკუთარი ხელფასიდან მიყიდია საჭირო ნივთები, სასტვენები იქნებოდა ეს თუ ბრეზენტი. თუკი დაგვიჭერენ, ჯარიმების აგროვება ცალკე თანხაა. და დრო: იმ დროსა და ენერგიას, რაც შეგვიძლია, დავხარჯოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი სამსახური და დამატებითი ხელფასი გვქონდეს, ვხარჯავთ აქტივიზმში, რომ დემოკრატია შევინარჩუნოთ ქვეყანაში. ამას ვაკეთებთ სრულიად გაცნობიერებულად, რადგან ვიცით, რომ ვიღაცამ მაინც უნდა გააკეთოს ეს.

სოლიდარობა და პროტესტის გრძნობა არის ის, რაც კვებავს ჩემს აქტივიზმს, ისევე, როგორც იმედი, რომ შეიძლება, უკეთესი იყოს საქართველო. რამდენჯერმე ვცადე, ჩამოვშორებოდი აქტივიზმს. მქონდა მომენტები, როცა ვამბობდი, რომ ახლა უკვე უნდა მივხედო ჩემს ცხოვრებას და იქნებ დროა, რომ კარიერას დავუთმო მეტი დრო, ჩამოვშორდე თუნდაც ქუჩის აქტივიზმს-მეთქი. მაგრამ, ვერაფრით ველევი, რადგან ყოველგვარ უსამართლობაზე ბრაზის გრძნობა მიჩნდებდა და მაინც გავდივარ აქციაზე, მაინც ვერთვები ნებისმიერ კამპანიაში, როცა ოდნავ მაინც მაქვს დრო და რესურსი.

ქალთა მარში თბილისში. 2023 წ.

აქტივიზმს ნამდვილად აქვს თავისი ფასი და ჩემთვის ეს არის ყოველდღიური შფოთვა ქვეყნის სიტუაციაზე. ყოველდღიურად, როცა ვეცნობი ახალ ამბებს, ხშირად იწვევს ეს ჩემში სასოწარკვეთის გრძნობას, დეპრესიულ ეპიზოდებსაც კი. ასევე, მუდამ მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ ჩემი აქტივიზმით ჩემს ოჯახს ვაყენებ ტკივილს და ვაცხოვრებ შიშში, რადგან ყოველდღიურად, როცა აქციაზე ან თუნდაც შეხვედრაზე მივდივარ, ეშინიათ, რამე არ დამიშავდეს. ასევე არის დაკარგული შესაძლებლობები, რადგან ბევრჯერ შემეძლო, რომ საზღვარგარეთ მეცხოვრა, თუმცა ჩემი ნებით დავბრუნდი აშშ-იდან, შვედეთიდან… ძალიან კარგ სამსახურებზე ვთქვი უარი, სადაც მატერიალური კეთილდღეობაც მექნებოდა და მშვიდი ცხოვრებაც. უარი ვთქვი იმისთვის, რომ საქართველოში მოვიპოვო ეს ყველაფერი, ოღონდ ჩემთვის კი არა, ზოგადად, საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი არის მსხვერპლი, რომელსაც ვდებთ აქტივიზმში.

მე მგონია, რომ თუკი უცებ გავჩერდებით აქტივისტები, გვექნება რეგრესი და ამას გამოიყენებენ ავტორიტარული, ტოტალიტარული რეჟიმები, რომ დაიმორჩილონ საზოგადოება. ყოველ საზოგადოებაში არის საჭირო ჯგუფი ადამიანებისა, ვინც ყველანაირი რისკის ფასად ეცდებიან, იბრძოლონ სამართლიანობისთვის. ზოგ ეპოქაში ამ ადამიანებს აქტივისტები ჰქვიათ, ზოგ ეპოქაში — რაღაც სხვა. საქართველოს დამოუკიდებლობაც შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების ბრძოლისა და შრომის გარეშე, ვინც ამისთვის სიცოცხლე გაწირა თუ მთელი თავისი ცხოვრების შრომა ჩადო.

“არა რუსულ კანონს!”

უფრო დიდ აქტივიზმში ჩემი ჩართვა სპონტანურად მოხდა. იმდენად მაწუხებდა “რუსული კანონი” და იმდენად სასოწარკვეთილად ვგრძნობდი თავს, რომ რამდენიმე აქტივისტთან ერთად დავიწყე აქციების ორგანიზება. მერე, უცებ ისე მოხდა, რომ ეს პროცესი გადაიზარდა უდიდეს საპროტესტო ტალღაში. უეცრად აღმოვჩნდი 100 000 ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსასვლელად, მოწინავე რიგებში.

ასე მახსოვს, რომ თავიდან ნიჰილიზმში ვიყავი. თუმცა შემდეგ გადავწყვიტე, ქმედებით დავპირისპირებოდი საკუთარ ნიჰილიზმს და ვყოფილიყავი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. დღის აქციებზე შედარებით ცოტა ადამიანი იყო და ისე ჩქარა მიდიოდა ეს პროცესი, რომ პესიმისტური მოლოდინები მქონდა. მაგრამ უეცრად რომ დავინახე უამრავი ადამიანი პირველ საღამოს, მაშინ ვთქვი, რომ ეს პროცესი უკვე დიდი ცვლილების დასაწყისი გახდა.

ვიგრძენი ძალა, ხალხის ძალა, ჩემ გარშემო. იყო პერიოდები, როცა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, თუმცა იყო მომენტებიც, როცა ამ პროცესების უბრალო მონაწილე ვიყავი, რადგან გვარბევდნენ და არ გვქონდა არც მიკროფონები და არც რაიმე სხვა, რომ ვინმესთვის ხმა მიგვეწვდინა. მაგ მომენტში ვიყავი უბრალოდ ერთ-ერთი მონაწილე.

ძირითადად, ეს იყო ბრძოლისუნარიანობის გრძნობა. ისეთი მუხტი მქონდა, რომელიც ძალიან იშვიათად მიგრძვნია ცხოვრებაში; განცდა, რომ ძალა ჩვენშია და ერთიანი ბრძოლით შეგვიძლია, მივაღწიოთ გამარჯვებას.

“ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ” — “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქცია თბილისში 2023 წლის 8 მარტს

მარტის აქციების დროს იმდენად დიდი იყო გამოწვევა და იმდენად სპონტანური იყო პროცესი, რომ ყველა ჩართულ აქტორს მოგვიწია, გადაგვებიჯებინა ჩვენი განსხვავებებისთვის, დაგვევიწყებინა წინა გაუგებრობები და კონფლიქტები და დავმდგარიყავით ერთად ამ დიდი საფრთხის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, მცირე დაძაბულობები და გაუგებრობები იყო, თუმცა შედარებით მარტივად ვაგვარებდით. ჩემი ქვიარ აქტივიზმი და იდენტობა იმ დღეებში არ გამხდარა სალაპარაკო თემა. ადამიანებმა დაინახეს, რომ მეც მათთან ერთად ვაკეთებდი საქმეს და ეს იყო ყველაზე მთავარი. ჩემი აზრით, ბევრი ასეთი გაერთიანება გვჭირდება.

თუმცა ერთადერთი გამოწვევა შიდა პროცესებში იყო ის, რომ ძალიან ხშირად კაცები ცდილობდნენ, მოეპოვებინათ მიკროფონი და გამოსულიყვნენ სიტყვით. ქალებს ისედაც ხომ ბუნებრივად არ ჰქონდათ ეს მოთხოვნილება, რომ აუცილებლად თავად უნდა გამოვიდნენ — რაც ცუდია, რადგან ქალებს უფრო აქვთ სათქმელი ხშირად, იმდენი ხანია, არაფერი უთქვამთ — მაგრამ ხშირად იყო, რომ კაცები ქალებს ართმევდნენ მიკროფონებს ან არ უშვებდნენ საკმარისად. თვითონ იმდენად იკავებდნენ სცენას, რომ თუ იყავი ქალი და, მით უმეტეს, ახალგაზრდა, პატარა გოგო, ოდნავ გვერდზე გაჩოჩებდნენ. თუმცა ჩვენ არ ვეპუებოდით და ვეუბნებოდით, რომ ამ პროცესში ქალებიც უნდა ვიყოთ აუცილებლად და მერე ესმოდათ… მგონია, რომ მათი მხრიდან გაუაზრებლად ხდებოდა ეს. უბრალოდ სურდათ, თავიანთი ეგო როგორღაც წარმოეჩინათ და თვითონ გამოსულიყვნენ სიტყვით… საბოლოოდ, იმის ფონზე, რომ ეს იყო ძალიან სპონტანური პროცესი, ბევრი ჩავარდნის მიუხედავად, ყველა აქტორმა კარგად ითანამშრომლა და ერთად მივაღწიეთ გამარჯვებას.

პროტესტი “რუსული კანონის” წინააღმდეგ. 2023 წლის 9 მარტის დილა

პოლიტიკა

საქართველოში ამწუთას არ გვყავს ღიად ქვიარ პოლიტიკოსი, ერთიც კი. ჩვენ [“მწვანეებმა”] ვიფიქრეთ, რომ დროა, ღიად ქვიარი ადამიანები ჩავებათ პოლიტიკაში. ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო დიდი რესურსი სჭირდება პოლიტიკას, ფინანსურიც და ადამიანურიც. ამ მომენტშიც, ზოგადად, მგონი, ყველა ოპოზიციურ პარტიას უჭირს ამ რესურსების მობილიზება.

არ ვიცი, 2024-ში “მწვანეები” თუ პირადად მე რას ვიზამთ, თუმცა ახლა რასაც ვუყურებ, 2024 წელს ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ არსებული რეჟიმი ოდნავ უფრო უკეთესი, პროდასავლური ხელისუფლებით. როცა ეს მოხდება, ალბათ მერე შეგვეძლება “მწვანეებს” და ნებისმიერ სხვა ახალ ძალას, მოვიპოვოთ უფრო მეტი მხარდაჭერა და უფრო მეტი ამომრჩეველი.

ამჟამად იმდენად მძიმე პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში, რომ სივრცე არ არის მცირე პოლიტიკური პარტიებისთვის ან ახალი პოლიტიკური აქტორებისთვის. რაიმე გარდატეხა რომ შევძლოთ ნებისმიერმა ახალმა აქტორმა, ამისთვის დიდი რესურსი უნდა გვქონდეს. არც საარჩევნო ბარიერმა დაიწია და სტრუქტურულად არის ძალიან ბევრი ბარიერი შექმნილი იმისთვის, რომ ახალი აქტორი პოლიტიკაში არ ჩაერთოს.

ერთადერთი, რაც საქართველოში მაიმედებს არის ის, რომ როგორც წესი, მნიშვნელოვან მომენტებში ქართველი ხალხი მაინც ერთად დგება, ერთად აპროტესტებს და ერთად ითხოვს უკეთეს მომავალს. ეს ძალა, რომელსაც ვგრძნობთ ხოლმე, როცა ერთად ვდგებით, არის ის, რასაც შეუძლია, შეცვალოს არსებული დღის წესრიგი და მოიტანოს უკეთესი ალტერნატივა.

“რომ არ აგერჩიათ ქვიარ საკითხები…”

თანამოაზრეებიც კი მეუბნებიან ხანდახან, “მწვანეებს” ქვიარ და თანასწორობის საკითხები რომ არ აგერჩიათ და უბრალოდ გარემოს დაცვით საკითხებზე ფოკუსირებულიყავით, უფრო მეტი მხარდაჭერა გექნებოდათო. სხვა მემარცხენე აქტივისტებსაც უთქვამთ, რომ ქვიარ საკითხები გამყოფია და იმისათვის, რომ საზოგადოება გავაერთიანოთ, უბრალოდ უარი უნდა ვთქვათ ამ თემაზე საუბარზეო.

მე მგონია, რომ თუკი ცვლილება გვინდა, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ გახდნენ პოლიტიკოსები, უნდა საუბრობდნენ ზუსტად ასეთ კონტროვერსიულ თემებზე და არ უნდა ერიდებოდნენ ქვიარ თემატიკაზე საუბარს. მგონია, რომ ამწუთას ყველანი უნდა გავერთიანდეთ საერთო საკითხების ირგვლივ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვიარ საკითხების ჩაჩოჩებით, რადგან მთავრობა არ ივიწყებს ამ თემატიკას და ერთ-ერთი მთავარი თემაა, რაზეც ცდილობს, რომ ჩაგვაჭიროს ადამიანებს, ვისაც დასავლეთი და ევროკავშირი გვინდა.

თბილისის პრაიდ ფესტივალი 2022

ამიტომ ჩვენი ტაქტიკა არ უნდა იყოს გაჩუმება. ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხი, რომ დიახაც, ყველა თანასწორი უნდა იყოს და ქვიარ ადამიანების თანასწორობით არავის არაფერი აკლდება — პირიქით, საზოგადოება უფრო უკეთესი ხდება. ამაზე საუბარი უნდა იყოს არა სადღაც ვიწრო წრეებში, არამედ ეს უნდა იყოს პოლიტიკური საკითხი. თუ მთავრობა იყენებს ამ თემას, რომ აწარმოოს თავისი პროპაგანდა, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე და მეორე მხრიდან დავახვედროთ სიმართლე.

ოცნება

ჩემი აზრით, აუცილებლად [მოვა დრო, როცა] პოლიტიკაში იქნება ღიად ქვიარი ადამიანი და მოუწევს საზოგადოებას, რომ მიიღოს ესეც, რადგან როგორც ბევრი წლის წინ ქალი პოლიტიკოსი იყო მიუღებელი და ახლა კიდევ შედარებით ნორმალიზებულია, ასე იქნება ქვიარ პოლიტიკოსებზეც.

როგორც კი ქვეყანა უფრო მიმღები და შემწყნარებელი გახდება, მე პირადად ოცნების დონეზე მაქვს, რომ ვიყო საქართველოში, შესაძლოა, პირველი ღიად ქვიარი პარლამენტარი. ეს თუ ასე მოხდება, მოხდება, სავარაუდოდ, “მწვანეების” ან რომელიმე ახალი პლატფორმით. არ ვაპირებ უკვე არსებულ და საკმაოდ მოძველებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან გაერთიანებას. არ მგონია, მათ აწყობდეთ ღიად ქვიარი ადამიანის მათ პოლიტიკურ გუნდში გაწევრიანება, რადგან ისინი ერიდებიან ამ თემას. მგონია, რომ თუკი ეს გადავწყვიტე, ჩემი თაობისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა ვიქნები, რადგან პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ადამიანების, ჯგუფების წარმომადგენლები. პარლამენტში უნდა გვყავდეს როგორც კაცი, ისე ქალი, როგორც ქვიარი, ისე ეთნიკური უმცირესობა, მშრომელი კლასის წარმომადგენელი… ყველა ჯგუფს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, ეს არის პოლიტიკური რეპრეზენტაციის იდეა.

მეც თუ წავედი ფორმალურად პოლიტიკაში, ამირჩია საზოგადოებამ და პარლამენტში შევედი, რა თქმა უნდა, ვეცდები ზოგადი საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრას, თუმცა ყოველთვის ვისაუბრებ, როგორც ღიად ქვიარი, ქალი, ახალგაზრდა და არ დავმალავ ჩემს არც ერთ იდენტობას.

ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის პოლიტიკაში მოსვლა, თუ ეგ მინდა, რომ არ ვიყო ქვიარი. მაქვს დასავლური განათლება, არსებულ ბევრ პარლამენტარზე უკეთ შემიძლია საუბარიც, წერა-კითხვაც და ყველაფერი. მაგრამ ის, რომ ვარ ქვიარი და ქალი, აისახება ჩემს ღირებულებებზე და ჩემი ბრძოლის მეთოდებზე. თუკი რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ღირებულებები შემოვიტანო საზოგადოებაში… ამიტომ, ალბათ, ჩემი იდენტობა მაინც არის ის, რაც მაძლიერებს და რაც კომპასს მინარჩუნებს.

მომავალი

[წინასაარჩევნოდ] ერთ-ერთი მთავარი ხაზი იქნება “ქართლი ოცნებისთვის” პოლიტიკური ჰომოფობიის წარმოება და პროპაგანდა ამ თემების ირგვლივ; ჩვენი მოსახლეობის დარწმუნების მცდელობა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ქვიარ ადამიანები. უკვე ვხედავთ ძალიან ბევრ სიუჟეტს, დამამცირებელ და ძალადობის შემცველ ენას ქართული ოცნების პოლიტიკოსების მხრიდან. შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივებიც იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ… საერთოდ, როცა პოლიტიკოსს არაფერი აქვს მოსახლეობისთვის სათქმელი და შესათავაზებელი, ამ დროს იყენებს სიძულვილის ენას, რათა დაყოს და დაანაწევროს საზოგადოება, ერთმანეთს წაკიდოს ადამიანები, რათა მას არ მოსთხოვონ პასუხი თავის შეცდომებზე.

მე ვფიქრობ, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ქვიარ ადამიანების ყოფა საქართველოში მხოლოდ დამძიმდება. ეს არ არის დრო, როცა უფრო მეტ უფლებას მოვიპოვებთ. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ შევინარჩუნოთ უკვე მოპოვებული უფლებები, თუმცა უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს ღიად: კი ბატონო, ჩვენ ვართ ქვიარები, ჩვენც ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, უბრალოდ ვითხოვთ თანაბარ მოპყრობას და გვინდა ამ ქვეყანაში უკეთესი სასამართლო, უკეთესი ეკონომიკური პირობები, გარემოს დაცვის უკეთესი ხარისხი: ის ყველაფერი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, ჩვენც გვაწუხებს.

მუსიკალურ ფესტივალზე Tbilisi Open Air 2023

ბევრი ადამიანია, ვინც სკეპტიკურად უყურებს საარჩევნო პროცესს და ცდილობს, დისტანცირდეს ამ ყველაფრისგან. თუმცა პოლიტიკა არ დისტანცირდება ჩვენგან. პოლიტიკა უბრალოდ არის ჩვენს ცხოვრებაში, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. თუკი არ ჩავერთვებით პოლიტიკაში, მაშინ ყველაფერი იქნება ჩვენს საწინააღმდეგოდ. ერთადერთი გზა, რომ პოლიტიკაში ჩვენთვის სასურველი შედეგი ვიხილოთ, არის ის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი.

მე ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც საჭიროა და ასევე მაქვს იმედი ჩემი თანამოქალაქეებისა, რომ ისინიც გამოვლენ კომფორტის ზონიდან, გადადებენ პირად საქმეებს და ყველა მომენტში, როცა ქვეყანას დავჭირდებით, ისევ ერთად ვიქნებით; გადავლახავთ ამ ბარიერებს, ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობებს და ერთ მუშტად შეკრულნი დავუპირისპირდებით იმ ჩიხს, რომლისკენაც მივდივართ; შევძლებთ, გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე, შემდეგ კი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ავაშენოთ რეალური დემოკრატია და განვვითარდეთ, როგორც საზოგადოება; განვვითარდეთ ეკონომიკურად, შევქმნათ უკეთესი პოლიტიკური კულტურა, რომლის პირობებშიც ერთმანეთს უსმენენ.

ქართულ საზოგადოებას ძალიან სჭირდება პოზიტიური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურა, რადგან მერე ეს დანარჩენ საზოგადოებაზეც აისახება. როგორც ახლა მოჟონავს ზიზღი და დაპირისპირება, ასე ჩამოჟონავს პოზიტიური პოლიტიკური კულტურაც. შემდეგ ქვეყანა უფრო წინ და უფრო უკეთ იქნება ყველა სფეროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი