„აშშ-სთვის საქართველო ახლა სუსტი და არასანდო პარტნიორია“, – გვითხრა ეველინ ფარკასმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მაკკეინის ინსტიტუტის ამჟამინდელმა დირექტორმა, რომელსაც „ნეტგაზეთი“ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მე-7 კონფერენციაზე ესაუბრა.
ყოფილმა დიპლომატმა აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის უფრო ღია კომუნიკაციის საჭიროებაზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საფრთხეებზე და ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველოს ჩამორჩენაზე გაამახვილა ყურადღება.
ფარკასი არ მოერიდა ხელისუფლების პირდაპირ კრიტიკას. ამასთან ერთად, ის არც თუ ისე ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს – ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში.
წელს უსაფრთხოების რიგით მეშვიდე კონფერენცია ტარდება. როგორც დენიელ ფრიდმა მითხრა, მასზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც მოიწვიეთ, თუმცა უარი მიიღეთ..
დიახ, ასეა. დავპატიჟეთ, მაგრამ გვიპასუხეს, რომ არ მოვიდოდნენ. ისე, კი ვცადეთ.
უარის მიზეზებზე ხომ არაფერი უთქვამთ?
არა, არ უთქვამთ.
- შალვა პაპუაშვილის თქმით, კონფერენციაზე არდასწრება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობდა
როგორ აფასებთ ამ უარს? იმედგაცრუებული ხართ?
დიახ. ყოველთვის კარგია, ყველა ხედვა იყოს წარმოდგენილი. მათი ხედვა კი აქ არაა, არადა [კონფერენციაზე მთავრობას] აკრიტიკებენ. რომ დასწრებულიყვნენ, უფრო სრულყოფილი კონფერენცია იქნებოდა.
სიმართლე გითხრათ, ეს ხომ მათთვისაც შესაძლებლობა იქნებოდა, მოსულიყვნენ, ესაუბრათ. არმოსვლა სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს რამის ეშინიათ. რატომ არ უნდა მოსულიყვნენ? მთელი ძალაუფლება თქვენ გაქვთ – მოდით კონფერენციაზე, რომელზეც უცხოელი სტუმრები არიან, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვები, გვითხარით, რა პოლიტიკა გაქვთ პუტინიზმისა და სხვა თემების მიმართ.
ამ კონფერენციისთვის ვაშინგტონიდან საკმაოდ დიდი გზა გამოიარეთ. მალე, საქართველო ამერიკიდან კიდევ ერთ ადამიანს ელის – აშშ-ის ახალ ელჩს, რობინ დანიგანს. რა შეგიძლიათ გვითხრათ მასზე? რა რეპუტაცია აქვს ამერიკულ წრეებში? რა გამოწვევებს უნდა ელოდოს ის და რას უნდა ველოდოთ მისგან?
იგი ბრწყინვალე ელჩი იქნება. პროფესიონალია, ვაშინგტონში მას კარგად იცნობენ. რეგიონსაც ძალიან კარგად იცნობს და ორმხრივი ურთიერთობებისთვის კარგი აქტივი იქნება.
გამოწვევებს რაც შეეხება, ეს სხვათა შორის, ელჩ [მაიკლ] კარპერტერთან ერთად, კითხვა-პასუხისას განვიხილეთ: როგორ შეამციროს ნაპრალი ქართველი ხალხის სურვილებსა და ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებს შორის.
როგორც ელჩს, მას, დიდწილად, სწორედ ამ ნაპრალში მოუწევს მუშაობა. იგი ამერიკის ხმაა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ხალხისთვის. მთავრობასთან განიხილავს, როგორია სამომავლო შესაძლებლობები, გამოწვევები, წინაღობები. ამავე დროს კი, გამჭვირვალედ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს და რაღა თქმა უნდა, საფრთხე არ შეუქმნას აშშ-ის ინტერესებს. აშშ-ის ინტერესები კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, რაც ქართველი ხალხის სურვილიცაა.
აშშ-ის ინტერესები ახსენეთ და მსურს გკითხოთ – საკმაო ხანია თქვენს მიერ ზემოთ ხსენებული გზავნილი გვესმის ვაშინგტონიდან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალი გზავნილი ან მიდგომაა საჭირო – მაგალითად, უფრო დეტალური პოლიტიკა ამჟამინდელი ან მომავალი ადმინისტრაციის მხრიდან?
ამჟამინდელი ადმინისტრაცია, როგორც ყველა წინა, ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის სურვილს.
თუმცა, არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ალბათ შეგვიძლია ცვლილება შევიტანოთ – უფრო ღიად ვესაუბროთ ქართველ ხალხს მაშინ, როცა არ ვეთანხმებით მთავრობას. გვაქვს ამის შესაძლებლობა. აქვს ელჩსაც, სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებსაც.
როცა ვიგრძნობთ, რომ ქართველი ხალი სათანადოდ ვერ აცნობიერებს, რა გავლენას ახდენს მათზე მთავრობის უმოქმედობა, ხალხს ამის შესახებ უნდა ვუთხრათ. ვფიქრობ, ამის ვალდებულებაც კი გვაქვს, ვინაიდან ვაგრძნობინეთ ხალხს, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული საზოგადოებების წევრი. როცა ეს წევრობა საქართველოს მთავრობის მოქმედებების, ან უმოქმედობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხალხს უნდა ვუთხრათ. არა მგონია, მორალურად სწორი იყოს [ასე არ გაკეთება]. ამდენი წელი ვსაუბრობთ ღია კარის პოლიტიკაზე და ქართველ ხალხთან ღიად საუბარი გვმართებს, თუ ამ კარს საფრთხე შეექმნა.
ახალი ელჩის მოლოდინთან ერთად, სულ ახლახან დიპლომატიური მისია დაასრულა კელი დეგნანმა. ბოლო დროს მის წინააღმდეგ კამპანია იწარმოებოდა – მთავრობის ზოგი წარმომადგენლის, მმართველ გუნდთან აფილირებული ძალების მიერ. კამპანიის ფარგლებში მოვისმინეთ საქართველოს ომში ჩათრევის და სხვა ბრალდებები. იმის გათვალისწინებით, რომ კამპანიის სამიზნე იყო აშშ-ის წარმომადგენელი საქართველოში, როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნების ამჟამინდელ ურთიერთობებს?
სულ ცოტა, [ეს კამპანია] შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია. ის, რომ არსებობენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ფაქტობრივად ადანაშაულებენ აშშ-ს „საქართველოს ომში ჩათრევაში“, რათა საქართველო დააშორონ მსოფლიო დემოკრატიებთან დაახლოებას და პუტინთან სანქციებით და სხვა ზომებით დაპირისპირებას, შემაშფოთებელია.
მთავრობა, პატიოსანი რომ იყოს ხალხთან, უნდა აღიაროს, რომ საქართველო რუსეთს 2008 წლიდან ეომება. შეიძლება, სამხედრო ფაზა დასრულდა, მაგრამ პოლიტიკური გრძელდება. ბრალდება, თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, ძალიან უსამართლოა.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად. უნდა აღვნიშნო – ხალხის შეცდომაში შეყვანაა, თითქოს აშშ გააკეთებს რამეს, რაც მათ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. პირიქით – ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო, რომლის უსაფრთხოებაც უფრო ახლოსაა დაკავშირებული დასავლეთთან, ან სულაც გარანტირებულია ნატოს მიერ.
საქართველო და აშშ, როგორც არაერთხელ ხაზი გაესვა, სტრატეგიული პარტნიორები არიან. თუმცა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რიგებში მატებაა – ახლახან შესაბამისი შეთანხმება ჩინეთთან გაფორმდა. ჩინეთი კი აშშ-ის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა. როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ამ ერთი დეკლარაციით შემოიფარგლება, თუ რეალურ ქმედებებსაც უნდა ველოდოთ?
არ მგონია, ეს სტრატეგიული პარტნიორობა იყოს, მაგრამ მთავრობამ ფაქტობრივად აიღო ჩინური ფული, რასაც ვალდებულებებიც მოჰყვება. ალბათ, იქნება რამე დიდი სესხი, საქართველოსთვის არასახარბიელო პირობებით. [ჩინეთის] იდეა კი საქართველოსთან მიმართებაში ბერკეტების მოპოვებაში მდგომარეობს, განსაკუთრებით [ანაკლიის] პორტის საკითხში.
ეს კი, ჩემი აზრით, ძალიან შემაშფოთებელია, რასაც სტრატეგიული შედეგებიც მოჰყვება. ჩინელები პორტს ვაჭრობისთვის არ ყიდულობენ. ისინი მათ შესყიდვას ყველგან ცდილობენ, სამხედრო მიზნებისთვის. ადრე თუ გვიან, მოითხოვენ, რომ პორტს სამხედრო გემი ეწვიოს – როგორც მოუთხოვიათ მსოფლიოს სხვა წერტილებში.
თუკი, როგორც თქვენ ამბობთ, საქართველო ჩინეთს ასეთ ბერკეტებს აძლევს, რა სიგნალია ეს ვაშინგტონისთვის?
საქართველომ მისცა ბერკეტები პუტინს, სიძინპინს. ეს მთავრობა ძალიან სუსტია და მისი სიგნალი აშშ-სდამი ასეთია – ჩვენ ვართ სუსტი პარტნიორი, რომელზეც დაყრდნობა არ შეიძლება. შეიძლება, მთავრობას დარჩა პატარა ფანჯარა გამოღვიძებისთვის.
პუტინმა სტრატეგიული თვალსაზრისით წააგო, სამხედრო თვალსაზრისით კი მოგებას ვერ შეძლებს. ჩინეთი კი, როგორც ეკონომისტები ამბობენ, დაღმავალი სახელმწიფოა, რაც პეკინს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. ამიტომ, უკანა ეზოში არც მათი ყოლაა კარგი.
აშშ-სთვის კი ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველო ახლა სუსტი და არასანდო პარტნიორია. შეიძლება საქართველოს კვლავ ვუწოდოთ სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ორჯერ უნდა დავფიქრდეთ, რას ვიტყვით და მოვიმოქმედებთ საქართველოს მთავრობასთან.
უნდა აღვნიშნო – აშშ ქართველი ხალხის ერთგულია. თქვენი მამაცობის გამო. ქუჩაში გამოხვედით რუსული კანონის წინააღმდეგ. ამერიკელი ხალხი ამას ითვალისწინებს. ასე რომ არ ყოფილიყო, ვიტყოდით, ასეთი მთავრობა და რუსული ცხოვრება სურთ ქართველებს, ესაა მათი არჩევანი. მაგრამ, მუდმივად ვხედავთ ქართველთა მებრძოლ სურს. ეს განსაკუთრებით ეხება ვეტერანებს, რომლებიც ქართველებთან ერთად იბრძოდნენ ავღანეთსა და ერაყში. ვინც სამხედრო სფეროში ვიყავით, არ დაგვვიწყებია, რა მსხვერპლი გაიღეს ქართველმა ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახმა.
პუტინთან დაპირისპირებას რაც შეეხება, ბევრი მკვლევარი თუ ოფიციალური პირი ამბობს, რომ ესმის საქართველოს სიფრთხილე რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაზე, სანქციებით თუ სხვა მეთოდებით. თქვენ რას ფიქრობთ? ამ მიმართულებით, რამდენად შორს შეუძლია წასვლა საქართველოს? რამდენად სწორად მიგაჩნიათ არგაღიზიანების პოლიტიკა?
არ მიმაჩნია სწორად. სისულელეა, რუსეთის გაბრაზების გეშინოდეს. დასავლეთშიც ხშირად ვდარდობთ ამაზე, მერე კი ვიგებთ, რომ ნაბიჯები, რომლის გადადგმისაც გვეშინოდა, პუტინს ასუსტებს და იგი უკან იხევს.
თანაც, პუტინს არ აქვს საშუალება, ახლა კიდევ ერთი ომი ჰქონდეს. იგი უკრაინაშიც ვერ იგებს.
თქვენ ასევე ახსენეთ პუტინისთვის ბერკეტების მიცემა. მზარდ რუსულ გავლენაზე საუბრობს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც თავის წერილში ქართველი ხალხისადმი. რომ შევაჯამოთ, როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში დაუახლოვდა თუ არა საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას?
არა, სამწუხაროდ, დაშორდა. საქართველო ბოლოშია და მასსა და მოლდოვას შორის დიდი დისტანციაა. თუ დაიკარგება აქ მყოფი [სტუმრების] სურვილი, დაეხმარონ საქართველოს, ძალიან რთული იქნება – ბოსნიას ვითარებაში აღმოჩნდებით.
სხვათა შორის, რაკიღა მოლდოვას თემა ჩამოვარდა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს დისტანცია კიშინიოვსა და თბილისს შორის? რა გააკეთა მოლდოვამ, მაგრამ არ გააკეთა საქართველომ?
მოლდოვამ დაინახა და ხელთ იღო შესაძლებლობა. მას ჰყავდა ძლიერი ლიდერები. უთხრეს დასავლეთს, რომ წევრობისთვის ყველაფერს საჭიროს გავაკეთებთო.
რაც არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას?
დიახ, არ გაუკეთებია. ხოლო, როცა ევროკავშირი ეუბნება მოლდოვას, რომ [პროგრესისთვის] ამის და ამის გაკეთებაა საჭიროო, პასუხია – რა თქმა უნდა, როდის გავაკეთოთ?
დაბოლოს, საქართველოში ამ კითხვას ხშირად ვსვამთ – მიიღებს თუ არა წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს? თუკი მიიღებს, ეს ხალხის დამსახურება იქნება, თუ მთავრობის?
სანამ რამე რეალურად არ შეიცვლება, მაგალითად ხალხი ქუჩაში არ გამოვა, რომ ივანიშვილი [პოლიტიკას] ჩამოშორდეს, ვფიქრობ, რომ არა.
ალბათ, საბოლოო ჯამში, [ევროკავშირში] უბრალოდ გადადებენ გადაწყვეტილების მიღებას. შეიძლება, საქართველოს მთავრობაში იმის იმედი აქვთ, რომ დასავლეთში იფიქრებენ, არ გვინდა, ქართველ ხალხს იმედი არ გავუცრუოთო.