კომენტარი

საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ – სი ძინპინი

28 ივლისი, 2023 •
საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ – სი ძინპინი

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება.

ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა.

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი — შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების კუთხით არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას. ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს“, — განაცხადა სი ძინპინმა.

ირაკლი ღარიბაშვილსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

„ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის“, — მიმართა ღარიბაშვილმა ჩინეთის პრეზიდენტს.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს და თქვა, რომ „საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს“.

„საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია, კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი“, — განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი