კომენტარი

„ქაღალდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ცუდად სრულდება“ – ფრიდი ჩინეთთან პარტნიორობაზე

4 სექტემბერი, 2023 •
„ქაღალდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ცუდად სრულდება“ – ფრიდი ჩინეთთან პარტნიორობაზე

დახმარება ჩინეთის მხრიდან კარგად გამოიყურება ქაღალდზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდად სრულდება – ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და „ატლანტიკური საბჭოს“ საპატიო მკვლევარი, დენ ფრიდი თბილისსა და პეკინს შორის ახლახანს გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

როგორც ფრიდმა „ნეტგაზეთთან“, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, მას უჭირს საქართველოს ჩინეთთან დაახლოების მიზეზებზე საუბარი და მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მიუხედავად მოწვევისა, არ დაესწრნენ კონფერენციას, რათა ვითარება აეხსნათ საქართველოს მეგობრებისთვის.

„ვისურვებდი, ამ კონფერენციაზე იყოს ვინმე საქართველოს მთავრობიდან, რომ ახსნას ვითარება და ასე გამოცნობა არ გვიწევდეს. მთავრობის წარმომადგენლები დაპატიჟეს, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, არ დასწრებოდნენ, რაც სამწუხაროა – კონფერენციაზე საქართველოს ბევრი მეგობარია.

რაც შეეხება ჩინეთს, კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობას აფრიკის ქვეყნებისთვის ეკითხა ჩინეთის დახმარების შედეგების შესახებ. ჩემი ხედვით, ეს დახმარება ქაღალდზე კი კარგად გამოიყურება, მაგრამ ცუდად სრულდება რეალობაში – ჩინეთი იღებს სტრატეგიული აქტივების კონტროლს, [დახმარების მიმღები] ქვეყნები კი მეტად რთულ ფინანსურ ვითარებაში ხვდებიან.

გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობას სურს, რაც შეიძლება მეტი მეგობარი ჰყავდეს, რათა გააფართოოს საერთაშორისო მხარდაჭერის ბაზა. ეს მესმის და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. კითხვა უფრო იმაში მდგომარეობს, რა განაპირობებს მთავრობის ქმედებებს – შიში პუტინისადმი, ეროვნული ინტერესები თუ სხვა მოტივები. პასუხის გაცემა მიჭირს“, – ამბობს იგი.

ფრიდი აგრეთვე შეეხო საქართველოს მთავრობის პოლიტიკას რუსეთისადმი – აღნიშნა რა, რომ ვაშინგტონში ესმით თბილისის სიფრთხილე, მაგრამ სურთ, რომ საქართველოს ახსოვდეს – ქვეყნის საუკეთესო მომავალი ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია:

„საქართველო მოწყვლადია. სავსებით გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობას არ უნდა გამოჩნდეს ისე, თითქოს პროვოცირებს რუსეთს. ეს ესმით აშშ-ში, მათ შორის და განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციას. არ ვთხოვთ საქართველოს უკრაინას იარაღი მისცეს, მაგრამ ვთხოვთ ახსოვდეს, რომ რუსეთისთვის შიშით პასუხის გაცემა ასუსტებს საქართველოს და პუტინს არა აკავებს, არამედ გასაქანს აძლევს. იმედი მაქვს, რომ საქართველო იპოვის ჭკვიანურ კურსს – იქნება მეგობარი რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან, მაგრამ ემახსოვრება, რომ მისი საუკეთესო მომავალი ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია“, – მიიჩნევს იგი.

ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა აგრეთვე ისაუბრა პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციირებაზე და მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი საზოგადოების დაყოფისკენ მიმართულად შეაფასა. ფრიდმა დაამატა, რომ საქართველო ამ პროცესით სარგებელს ვერ მიიღებს.

„გაკვირვებული ვარ, ვინაიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფრთხილი იყო, არ იქცეოდა როგორც, ასე ვთქვათ, ოპოზიციონერი პრეზიდენტი. იმპიჩმენტი ჩემთვის [ხალხის] დაყოფისკენ მიმართულ ქმედებად ჩანს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები პარლამენტში. პრეზიდენტს ბევრი მეგობარი ჰყავს დასავლეთში. აქვს ფრთხილი, პატიოსანი და სანდო ადამიანის რეპუტაცია. არ მესმის, როგორ იხეირებს საქართველო მსგავსით“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი