პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმრატავს რატომ არ ესწრებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას – „პუტინიზმის დამარცხება!“.
პაპუშვილის თქმით, კონფერენციაზე არდასწრების მიზეზი საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
მისი თქმით, აღნიშნული კონფერენცია „რადიკალური ძალებისთვის“ პლატფორმად იქცა.
„შარშანაც არ დავესწარით, მიზეზი არის მარტივი, ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, ტრიბუნა ეძლევათ რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს. ისინი არა მხოლოდ სტუმრებად არიან იქ დაპატიჟებული, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გააჟღერონ ასეთი სახის კონფერენციებზე.
ასევე,[კონფერენციის] მონაწილე ზოგიერთი უცხოელი გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. თავისთავად ისეთი ადამიანებისა და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღის წესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
4-5 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება!“ მიმდინარეობს. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.
კონფერენციაში გასული წლის მსგავსად არ მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძის ცნობით, ისინი მოწვეულები იყვნენ, თუმცა გადაწყვიტეს, მონაწილეობა არ მიეღოთ.
„ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და მისი ევროატლანტიკური მომავალი, აქ არის. ჩემი აზრია, რომ ხელისუფლების მიზანი არაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, — განაცხადა ევგენიძემ.
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნას.