საქართველოს ყოფილი ელჩი დანიასა და ისლანდიაში, დიპლომატი გიგი გიგიაძე ეხმაურება საქართველოს დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივას. მისი შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” დიპლომატია დიდი ხანია “საკუთარ პარტიას დაუქვემდებარეს”.
“სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ქართულ დიპლომატიას უკვე დიდი ხანია ფუნქცია დაუკარგეს და საკუთარ პარტიას დაუქვემდებარეს. ამათ რა დიპლომატები უნდა აღზარდონ? ქვეყნის სიყვარულის გარდა, ყველაფერს ასწავლიან: პარტიულ ერთგულებას, კონფორმიზმს, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებას, ერთმანეთის ჩაშვებას და საკუთარი თავის გადასარჩენად, გაწირვასაც. აი, ეს იქნება ქოცური დიპლომატიის სკოლა”, – წერს გიგიაძე.
საქართველოს დიპლომატიის აკადემიის შექმნის ინიციატივა ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 მაისს დააანონსა. მან თქვა, რომ არსებული კერძო და უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის სათანადო ცოდნისა და უნარების განვითარებას ამ მიმართულებით. დიპლომატიის აკადემია დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს. კობახიძის თქმით, ის 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
გიგი გიგიაძე 2000 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა წლებში იყო გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი დესპანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მთავარი მომლაპარაკებელი; 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი და ამავე წელს გახდა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2020 წელს გიგიაძემ საჯაროდ დაუჭირა მხარი ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას. 2021 წელს იანვარში გიგიაძე ელჩის პოზიციიდან გამოიწვიეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საროტაციო ვადის გასვლის გამო. ამავე წლის მარტში გიგიაძემ საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრო დატოვა და მუშაობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრში (EPRC) დაიწყო.
