კომენტარი

ყოფილი ელჩი ხსნის, რას ნიშნავს საგარეო უწყებაში დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები

2 მაისი, 2025 •
ყოფილი ელჩი ხსნის, რას ნიშნავს საგარეო უწყებაში დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე (2014-2016 წლებში) და ყოფილი ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე უკუსვლად აფასებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტების გაერთიანებას ითვალისწინებს.

გიგი გიგიაძე, რომელიც ამჟამად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარია, ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა 1990-იანი წლების რეალობას უახლოვდება.

როგორც გიგი გიგიაძე ნეტგაზეთთან ამბობს, იმის ნაცვლად, რომ ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ქვეშ უფრო მეტი საკითხის დელეგირება მომხდარიყო, „ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროპულ დეპარტამენტთან შეერწყა.

„ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში შედიოდა ორი დეპარტამენტი – ევროინტეგრაციის დეპარტამენტი და საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მას შემდეგ შეუერთდა, რაც 2017 წელს გაუქმდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამ დეპარტამენტის ფუნქცია იყო მიღებული საერთაშორისო დახმარების კოორდინაცია, თუმცა მას შემდეგ, რაც სულ უფრო შემცირდა საერთაშორისო დახმარება, რასაკვირველია, ამ დეპარტამენტის დატვირთვაც შემცირდებოდა, ისევე, როგორც შემცირდებოდა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის [როლიც] და ნატოსიც, რომელიც ბოლო 3 წელია გაუგებარია, რისთვის არსებობს.

ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

წარმოუდგენელია, რომ ამაზე ვსაუბრობთ. 2025 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროინტეგრაციის დეპარტამენტს ევროპის დეპარტამენტს უერთებს.

ევროპული დეპარტამენტი კურირებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროპის კონტინენტის ქვეყნებთან და პასუხისმგებელია ორმხრივ საკითხებზე. პირიქით, საკითხების უფრო მეტი დელეგირება უნდა მომხდარიყო ევროპული დეპარტამენტიდან ევროინტეგრაციის დეპარტამენტზე და არა პირიქით. უკუსვლა ხდება. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება როგორც ამცირებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, პარალელურად ეს პირდაპირ აისახება ტექნიკურ დონეზეც. ევროინტეგრაციის დეპარტამენტმა ისე დაკარგა თავისი ფუნქცია, რომ მას უერთებენ ევროპის დეპარტამენტს, რომელიც ორმხრივ საკითხებზეა პასუხისმგებელი.

რეალურად საპირისპირო მიმართულების დინამიკა უნდა ყოფილიყო, როგორც ეს მოხდა ბალტიის ქვეყნებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც რაც უფრო გაიზარდა ამ ქვეყნების ურთიერთობა ევროკავშირთან, მით უფრო მეტი საკითხი შეითავსა ევროინტეგრაციის დეპარტამენტმა“,-  აცხადებს გიგი გიგიაძე.

როგორც გიგი გიგიაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პირდაპირი გზავნილია, რომ მათ ევროინტეგრაციის მიმართულება აღარ აინტერესებთ.

„იმ საგარეო პოლიტიკური კურსის პირობებში, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება ატარებს, ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. ისინი დაუფარავად ამბობენ, რომ მათ აღარ აინტერესებთ ევროინტეგრაციის მიმართულება და მათთვის ეს აღარ არის პრიორიტეტი. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ეს საკითხი დღის წესრიგში. ვუახლოვდებით იმავე რეალობას, რაც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო ეს დეპარტამენტი.

როგორც მე ვიცი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ანუ ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის გაუქმებაც მოხდა და სამმართველოდ გადაკეთდა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ცალკე აღარ იქნება ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტები, ეს პირდაპირ ასახავს ყველაფერს, რასთანაც გვაქვს საქმე“, – აცხადებს გიგი გიგიაძე.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებაში შეიქმნება ახალი დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.

ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რეორგანიზაცია გამოაცხადა და ევროინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს აუქმებდა.

განცხადებაში ბოჭორიშვილის უწყება, ერთი მხრივ, უარყოფს, რომ აპირებს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმებას, რომელიც უწყებაში კონკრეტულად ევროინტეგრაციის  მიმართულების კურირებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა იქვე დასძენს, რომ გეგმავს შექმნას ახალი, ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს.  ეს ორი დეპარტამენტი ცალ-ცალკე მუშაობენ. ევროინტეგრაციის დეპარტამენტი უშუალოდ და მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ხოლო ევროპის დეპარტამენტი – ორმხრივ ურთიერთობებზე ევროპის ქვეყნებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი