საზოგადოება

რა მექანიზმები აქვს EU-ს კანდიდატი ქვეყნების დასახმარებლად

15 ნოემბერი, 2023 • 2149
რა მექანიზმები აქვს EU-ს კანდიდატი ქვეყნების დასახმარებლად

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საბოლოო გადაწყეტილებას ევროპული საბჭოსგან ელის.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი, თუმცა სფეროს ექსპერტები უკვე საუბრობენ იმ პოლიტიკურ და მატერიალურ სარგებლზე, რასაც კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მოუტანს.

„ეს არის სრულიად უნიკალური რეალობა“

„ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს“, – აღნიშნავს  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე კანდიდატის სტატუსზე საუბრისას.

როგორც გიგი გიგიაძე ნეტგაზეთთან ამბობს, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება,  ქვეყანა სრულიად უნიკალურ რეალობაში გადაინაცვლებს, ვინაიდან ეს სტატუსი EU-ში გაწევრიანების შეუქცევადობას განაპირობებს.

გიგი გიგიაძის თქმით,  ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ  გაწევრიანებამდელ პროცესში ევროკავშირი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა კანდიდატ ქვეყნებს დაეხმაროს, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებს.

გიგი გიგიაძე. ფოტო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

გიგიაძე 4 ინსტრუმენტს გამოყოფს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით კანდიდატი ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული:

  1. სავაჭრო შეღავათები, რომლებიც კანდიდატ ქვეყნებს ეხსნებათ;
  2. ეკონომიკური და ფინანსური დახმარება – “ბოლო მონაცემებით, კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილია 14 მლდ ევრო”;
  3. კონკრეტული დახმარება რეკონსტრუქციის, განვითარებისა და სტაბილიზაციის სექტორებში;
  4. განსაკუთრებული ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელიც გააჩნიათ მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი (GIP), ბიძინა ლებანიძეც ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება, გაიზრდება ევროკავშირის ყველანაირი დახმარება, მათ შორის ტექნიკური, ფინანსური და პოლიტიკური მიმართულებებით.

ბიძინა ლებანიძე ნეტგაზეთთან იმ კონკრეტულ პროგრამებზე საუბრობს, რითაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ეხმარება. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად  ის ევროკავშირში გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს (IPA)  ასახელებს.

IPA-ს შესახებ ნეტგაზეთი შარშანაც წერდა. ევროკავშირში გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ეს ინსტრუმენტი 2007 წლიდან ამოქმედდა და დახმარების სხვა პროგრამები ჩაანაცვლა. IPA მორგებულია კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერაზე. ამ ინსტრუმენტით  ევროკავშირი მხარს უჭერს რეფორმებს გაფართოების რეგიონში ფინანსური და ტექნიკური დახმარების საშუალებით, რათა ქვეყნები მომზადებული იყვნენ ევროკავშირის წევრობისათვის.

პირველ ეტაპზე, 2007-2013 წლებისთვის, გაწევრიანების წინასწარი დახმარების ინსტრუმენტის (IPA) ბიუჯეტი 11,5 მილიარდი ევრო იყო და ის ხუთი კომპონენტისგან შედგებოდა: გარდამავალი დახმარება და ინსტიტუციური განვითარება; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა; რეგიონული განვითარება; ადამიანური რესურსების განვითარება და სოფლის მეურნეობა.

პირველ ეტაპზე პროგრამა ისეთ ქვეყნებს ფარავდა, როგორებიცაა: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და ისლანდია.

მეორე ეტაპზე, 2014-2020 წლებში , IPA-ს ბიუჯეტი 12.8 მლრდ ევრო იყო და პროგრამას გამოაკლდნენ ისლანდია და ხორვატია, რომელიც 2013 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ისლანდიამ კი გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

ქვეყნებისთვის გამოყოფილი დახმარება IPA II-ის ფარგლებში

რაც შეეხება IPA-ს მესამე ეტაპს, ის 2021-2027 წლებს მოიცავს. IPA III-ის ბიუჯეტი 14,162 მლრდ ევროს ოდენობითაა განსაზღვრული. მისი ამჟამინდელი  ბენეფიციარები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.

IPA III-ის თემატური პრიორიტეტებია: კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატია, კარგი მმართველობა, ევროკავშირის კანონმდებლობის გათანაბრება, კარგი მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული კომუნიკაცია, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირი, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიურობის ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა.

მიუხედავად იმისა, რომ IPA III ჯერჯერობით მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთზეა მორგებული, ბიძინა ლებანიძე არ გამორიცხავს, რომ ამ პროგრამის გადახედვა მოხდეს და მას საქართველოც დაამატონ, თუკი ის კანდიდატი ქვეყანა გახდება.

როგორც ბიძინა ლებანიძე ამბობს, შესაძლოა, ეს საკითხი დეკემბერში ევროპული საბჭოს სამიტზეც განიხილონ ან მოგვიანებით. მისი თქმით,  ვინაიდან IPA-ს თითოეული ქვეყნისთვის ზუსტად გაწერილი ბიუჯეტი არ აქვს და თანხები სფეროების მიხედვითაა გამოყოფილი, ტექნიკურად შესაძლებელია ამ პროგრამაში დამატებითი ქვეყნების ინტეგრაცია.

„ლოგიკურად სამივე ქვეყანა [საქართველო-უკრაინა-მოლდოვა] უნდა შეიყვანონ. საქართველო ევროკავშირისგან ისედაც დიდ თანხებს იღებს, მაგრამ დამატებითი თანხის მიღება ცუდი არ იქნება. მაგალითად, ალბანეთმა, რომელიც სიდიდით საქართველოს ზომის ქვეყანაა, დაახლოებით 150 მლნ ევრო მიიღო პირველ ორ წელიწადში სხვადასხვა სფეროში დახმარების სახით.

ამის გარდა, რა თქმა უნდა, სხვა ინსტრუმენტებისგანაც მოხდება საქართველოსთვის მეტი თანხის და რესურსის ალოკაცია, რადგან კანდიდატ ქვეყანას უფრო მეტი ყურადღება ექცევა ხოლმე, ვიდრე პოტენციურ კანდიდატს. თუ საქართველო გახდება კანდიდატი ქვეყანა, ახალ კალათაში გადაინაცვლებს, თუმცა იმ თანხებს, რასაც დღესაც იღებს დღევანდელი კალათებიდან, იქიდანაც მიიღებს, ანუ ის პროგრამები, რაც დღესაა საქართველოზე მორგებული, არ შეჩერდება. ასევე არსებობს ევროკავშირის სხვა პროგრამებიც, სადაც დღესაც ვართ ჩართული, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ამ პროგრამებიდან უფრო მეტ რესურსს მივიღებთ, ვიდრე დღეს ვიღებთ.“, – აცხადებს ბიძინა ლებანიძე.

ბიძინა ლებანიძე

IPA-ზე საუბრისას ბიძინა ლებანიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ეს პროგრამა დღემდე ფარავს თურქეთსაც. ქვეყანას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, წლებია მისი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეფერხებულია.

„IPA-საც აქვს „მეტი მეტისთვის“ კრიტერიუმი – თუ უკეთესად შეასრულებ [დემოკრატიულ რეფორმებს], უფრო მეტ თანხას მოგცემენ. თუმცა აქ სხვა ასპექტებიც არის. როცა ხარ კანდიდატი ქვეყანა, ეს ნიშნავს, რომ გარკეულ პროგრესს მიაღწიე და ამის იქით რომც არ წახვიდე, გარკვეულ თანხას მაინც მოგცემენ. მაგალითად, თურქეთის გაწევრიანების პროცესი საერთოდ გაყინულია 2018 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც იღებს იგივე IPA-დან გარკვეულ თანხებს, მაგალითად, ლტოლვილების კრიზისის მოსაგვარებლად და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ არის გეოპოლიტიკური ასპექტებიც და ყველაფერი პირობითობაზე არ არის დამოკიდებული“, – ამბობს ბიძინა ლებანიძე.

ამასთან, როგორც ბიძინა ლებანიძე აღნიშნავს, ლოგიკური იქნება, თუ ევროკავშირი სპეციალურად საქართველო-უკრიანა-მოლდოვისთვის ახალ მექანიზმს შექმნის. მისი თქმით, ამას სჭირდება ლობირება როგორც თავად ამ ქვეყნების მთავრობებისგან, ასევე სხვა აქტორებისგან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი