კომენტარი

არის თუ არა მოსამართლეების სანქცირება სუვერენიტეტში ჩარევა?

13 აპრილი, 2023 • 3115
არის თუ არა მოსამართლეების სანქცირება სუვერენიტეტში ჩარევა?

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების სანქცირებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევის ინტერესით ხსნის და ქვეყნის სუვერენიტეტის ვაშინგტონისგან დაცვის პირობას დებს. რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელთან და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილთან განვიხილავთ, რეალურად აქვს თუ არა ადგილი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას?

სუვერენიტეტი VS საერთაშორისო ვალდებულები

სახელმწიფოს სუვერენიტეტი გულისხმობს შიდა საქმიანობაში და საგარეო ურთიერთობებში სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლობას. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში არ არსებობს ისეთი აბსოლუტური სუვერენიტეტის ცნება, რომ სახელმწიფო თან იყოს გლობალური სიკეთეების მონაწილე, იღებდეს საერთაშორისო დახმარებებს და, ამავდროულად, უარს აცხადებდეს იმ ჩარჩოებში მოქცევაზე, რომელშიც სუვერენულ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ქცევის ნორმები და საერთაშორისო ორგანიზაციები აქცევს. სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებები თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში (ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო და სხვა) მონაწილეობა გარკვეულწილად წარმოადგენს საკუთარი სუვერენული უფლებების ნებაყოფლობით შეზღუდვას.

„მაშინ უნდა გაწყვიტონ შეთანხმებები ევროკავშირთან, ამერიკასთან და ევროსაბჭოდანაც გამოვიდნენ, იმიტომ, რომ იქიდანაც ისმის შენიშვნები. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა შენიშვნებს რუსეთს. ამერიკამ შეიმუშავა მაგნიტსკის სია. ყოველ ჯერზე, როცა ადამიანის უფლებების დარღვევაზე მიუთითებდნენ, პუტინიც ზუსტად ასე ამბობდა — შიდა საქმეებში ერევიანო. ადამიანის უფლებები საყოველთაოა და მათ დარღვევაზე რეაგირება გლობალიზებულ სამყაროში შიდა საქმეებში ჩარევად ვერ იქნება განხილული“, — განმარტავს კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საქართველოს სასამართლოს საქმიანობაში და აკრიტიკონ იქ მიმდინარე პროცესები,  თითქოს ეს საქართველოს ექსკლუზიური სუვერენული სფეროა, გოგოლაშვილის თქმით, უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-თან შეთანხმებებით აქვს აღებული ვალდებულებები, რომ ერთად ითანამშრომლონ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის, მისი დამოუკიდებლობის, პროფესიული დონის, მიუკერძოებლობის განვითარების მიზნით.

„ეს უკვე თავისთავად გულისხმობს, რომ აშშ-ს და ევროკავშირს აქვთ საქართველოს მხრიდან მინიჭებული უფლება, აკონტროლონ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, — აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

კონკრეტულად ის მიუთითებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-საქართველოს ქარტიასა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე, რომელშიც ვკითხულობთ:

აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ნაწილი IV, მუხლი 2:

„აღიარებენ რა დღეისთვის საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, ჩვენი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რათა ერთობლივად იმუშაონ მედიის თავისუფლების, პარლამენტის, სასამართლო რეფორმის, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებისათვის.

ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ სამართლის უზენაესობის შემდგომი განმტკიცების საქმეში, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ჩათვლით. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს, დახმარება გაუწიოს ამ პროცესს, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და პოლიციის ოფიცრების ტრენინგის ჩათვლით.

ასოცირების შეთანხმება. კარი II. მუხლი 4:

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა განავითარონ, გაამყარონ და გაზარდონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის სტაბილურობა და ეფექტიანობა; ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემას; განაგრძონ პროგრესი სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის კუთხით, რათა გარანტირებულ იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაძლიერდეს მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობა და უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა.

სად გადის ზღვარი სუვერენიტეტის შელახვასა და საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ორმხრივ ვალდებულებების მონიტორინგს შორის?

„ზღვარი გადის იქ, სადაც, მაგალითად, ვიღაც გაიძულებს კანონის დარღვევას, შიდა კანონმდებლობის დარღვევას ან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შენ არ გაწყობს. მაგრამ როდესაც ევროკავშირი ეუბნება საქართველოს, შენ არ გივარგა სასამართლო და იმისთვის, რომ სასამართლო გამოსწორდეს და გახდეს დემოკრატიული, უნდა გააკეთო ეს და ეს, ეს სუვერენიტეტის დარღვევა კი არ არის, ხელშეწყობაა იმისთვის, რომ შენ სახელმწიფო ააშენო და სუვერენიტეტი გააძლიერო. ამიტომ, ტერმინების აბსოლუტური აღრევა ხდება“, — ამბობს გოგოლაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისგან სწორედ კონსტიტუციის, კანონის დარღვევას და სასამართლოს საქმეში ჩარევას ითხოვდნენ. კობახიძის ნათქვამი გოგოლაშვილისთვის დამაჯერებელი არ არის: „ირაკლი კობახიძეს პროპაგანდისტული სტილი ძალიან კარგად აქვს შემუშავებული. ნებისმიერ მოვლენას ისე ატრიალებს, როგორც თავად გაუხარდება“, — ამბობს იგი.

კახა გოგოლაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია სთხოვოს სახელმწიფო დეპარტამენტს მეტი ინფორმაცია მოსამართლეების სანქცირების მიზეზების შესახებ, თუმცა აშშ-ს არანაირი საერთაშორისო ვალდებულება არ აქვს, კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს.

სუვერენიტეტის სახელით ავტორიტარიზმისკენ…

კახა გოგოლაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლეთის დემონიზაციას და დელეგიტიმაციას ხსნის „ქართული ოცნების“ სურვილით, მუდმივად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

„დასავლეთს არ სურს ავტოკრატია საქართველოში. ამიტომ მიდის პროპაგანდა, თუ რა ცუდია დასავლეთი, როგორ ერევა ჩვენს საქმეებში… რომ რეალურად არაფერი დემოკრატია არ არსებობს; პროპაგანდისტები გამოჰყავთ და იძახიან, რომ სულ 8 ოჯახი მართავს თითქოს ამერიკას და მთელი დემოკრატიული სამყარო არის მასონთა ლოჟის მოგონილი ბლეფი და სხვადასხვა შეთქმულების თეორიები. ამ თეორიებით ხდება საკუთარი ძალაუფლების სამუდამოდ დაკანონების ლეგიტიმაცია. კი ბატონო, დაიკანონებ ძალაუფლებას, მაგრამ შეგიძლია მერე დაიცვა შენი ქვეყანა ევროპის და ამერიკის გარეშე ისე, რომ არ ჩაბარდე შენნაირ არადემოკრატიულ სხვა რომელიმე აქტორს?“, — ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში დახმარებისთვის თავად მიმართა აშშ-სა და ევროპას:

„ახლა ხელისუფლება ამბობს, არ მინდა დახმარება, ნუ ერევი ჩემს საქმეებშიო. ეს იგივეა, სკოლაში შეხვიდე და მერე მასწავლებელს უთხრა, რომ ნუ ერევი, როგორც მინდა, ისე გავიგებ მათემატიკას ან ფილოსოფიას. იძახი, რომ ეს მასწავლებელი თვითონ უვიცია, ის მასწავლებელი კორუმპირებულია, საერთოდ რა უფლება აქვს, რომ მე რაღაცას მასწავლის და ა.შ. ასე ხომ ვერაფერს ისწავლი და ზუსტად ასე სახელმწიფოს ვერ ააშენებ. ხოლო ამ სკოლიდან თუ გამოხვალ, მოხვდები უბრალოდ ქუჩაში, ხულიგნების გარემოცვაში, სადაც საკუთარი თავი უნდა დაიცვა მუშტებით და არავინ დაგეხმარება. ხალხმა ხელისუფლებას მისცა მანდატი, რომ შეგვიყვანონ ევროკავშირში და ნატოში. ამაზე შევთანხმდით. ახლა საწინააღმდეგოს კეთება არ არის ნორმალური და ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის…

ეს არის რაღაც ხაფანგი, რომელშიც ხვდება ნებისმიერი მთავრობა, რომელსაც უნდა, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეს. ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენის სურვილი უკვე ქმნის იმ პირობებს, როდესაც ვითარდება ავტორიტარიზმი, როდესაც ვითარდება ასეთი ევროსკეპტიკური და ანტიდემოკრატიული ასპირაციები და შეხედულებები. ეს ფორმულა მოიფიქრეს სხვადასხვა ქვეყნებში: ირანში, საუდის არაბეთში, რუსეთში… დაარქვეს „სუვერენული დემოკრატია“ — და ამბობენ, არავინ ჩაერიოთ ჩვენს შიდა საქმეებში. მე როგორც მინდა, ისე მოვიქცევი შიგნით, როგორი სასამართლოც მინდა, ისეთი სასამართლო მექნება“.

ე.წ. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციას კი, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა და რომლის არსიც რუსეთის თავისებურებებზე, ინტერესებზე და განვითარების პრიორიტეტებზე დემოკრატიის „მორგებაში” მდგომარეობს, ხშირად ეფარებიან ავტოკრატიული მმართველები, რათა საკუთარი „არადემოკრატიულების უფლება” დაიცვან. კახა გოგოლაშვილის აზრით, ე.წ. სუვერენული დემოკრატიის მოდელი საქართველოში არ იმუშავებს.

„ჯერ ერთი, ხალხისთვის მიუღებელია. რა მოიტანა რუსეთში, აზერბაიჯანში ან სხვაგან სუვერენული დემოკრატიის მოდელმა? — ელიტების კარგად ყოფნა და გამდიდრება და დანარჩენების სრული უფლებების გარეშე დატოვება. რუსეთში ადამიანები იმდენად უფლების გარეშე დარჩნენ, რომ არავინ შეეკითხა, ისე დაიწყეს ომი უკრაინაში და ახლა არავინ ეკითხება, ისე აგზავნიან ამ ომში მოქალაქეებს, ზოგჯერ იარაღსაც არ აძლევენ. რუსეთმა მოაქცია საკუთარი თავი სრულ იზოლაციაში, მაგრამ რუსეთს უზარმაზარი რესურსები აქვს — მთელ მსოფლიოს ამარაგებს წიაღისეულით. აზერბაიჯანსაც ნუ უყურებენ, იმიტომ, რომ აზერბაიჯანს აქვს ჩვენზე ბევრად მეტი რესურსი. საქართველო რით გაიტანს თავს? მაღალი ხარისხის დემოკრატიის სახელმწიფოებში — მაგალითად ფინეთში, შვედეთში, ავსტრალიაში — ყოველგვარი დიდი ბუნებრივი რესურსების გარეშე, ხალხი ბევრად უკეთესად ცხოვრობს იმიტომ, რომ დემოკრატია თავისთავად ადამიანის განვითარების და მისი კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობაა და სწორედ ადამიანური კაპიტალი ხდება უმთავრესი სიმდიდრე. დემოკრატიაზე ნელ-ნელა უარის თქმა არ არის ნორმალური და ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს უნდა“, — დასძენს კახა გოგოლაშვილი.

წინაისტორია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა. თბილისმა გადაწყვეტილებას „სრულიად გაუგებარი და მიუღებელი“ უწოდა.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის წერილში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი.

აშშ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგა მეტწილად „ოცნების“ კონსპირაციით იმის შესახებ, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ახლა კი მმართველი პარტიის ლიდერი საუბრობს კორუფციულ ინტერესებში „ბლინკენის გასვრაზე“ და თუ აშშ წესებით არ ითამაშებს, „არსენალში შენახული“ სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებას არ გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი