ახალი ამბები

ჩემთან იყო სატელეფონო საუბრები და გამაოგნებელ რამეს ითხოვდნენ – კობახიძე

8 აპრილი, 2023 • 9041
ჩემთან იყო სატელეფონო საუბრები და  გამაოგნებელ  რამეს ითხოვდნენ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრებში მისგან სასამართლოს საქმეში ჩარევას და კონსტიტუციის დარღვევას ითხოვდნენ.

თუმცა კობახიძე არ აკონკრეტებს ვინ და რას ითხოვდა მისგან.

მანამდე ირაკლი კობახიძეს აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქიცერებაზე საუბრისას ნათქვამი ჰქონდა, რომ აშშ-მა თამაშის წესები უნდა დაიცვას, რადგან მათ „სხვა თემებიც აქვთ, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ მათგან“.

„ჯერ არ დავაკონკრეტებ შინაარსს, ვინ იყო და რას ითხოვდა, შემოვინახოთ ეს ჩვენს არსენალში, მაგრამ რეალურად, შემიძლია გავიმეორო, რომ იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან და ისეთ რამეს ითხოვდნენ, რაც იყო გამაოგნებელი ჩემთვის. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ა.შ. ითხოვდნენ ამას უხეშად პოლიტიკური ინტერესებისთვის. ვიღაცას ჰქონდა რაღაც პოლიტიკური ინტერესი და ამის გამო ჩემგან ითხოვდა პირდაპირ, უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, სასამართლო სისტემას ეხებოდა ეს. ჯერჯერობით არ ვიტყვი ამ ყველაფერს, გახმაურებული საქმე იყო მათ შორის ერთ-ერთი. ალბათ, დადგება დრო, როდესაც ამასაც დავაკონკრეტებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიზანმიმართული შეტევაა და „ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე“. მისი თქმით, ამას ვერ ასრულებენ და „ემოციურ ფონზე დაუშვეს შეცდომა.“

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მმართველი გუნდის ამოცანაა, რომ მოსამართლეების სანქცირების საკითხს „ბოლომდე პრინციპულად მიყვნენ“.

„რა თქმა უნდა, ვერ მოვეშვებით ამას. საქმე ეხება სასამართლოს, ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს რეპუტაციას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს სუვერენიტეტს და აქედან გამომდინარე, ამას ვერ შევეშვებით. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ, თუ რას ეფუძნებოდა გადაწყვეტილება. შეცდომა თუ დაუშვეს, შეცდომასაც ხომ აღიარება სჭირდება.

ბლინკენი რომ არ არის დამნაშავე, ეს ხომ ცხადია? ბლინკენი, რა თქმა უნდა, ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ბევრად მეტი საქმე აქვს. ბლინკენი არ არის ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, აშშ-მ უხეში შეცდომა დაუშვა, თუმცა ამას ბოლომდე არ უნდა ჩაყვნენ, რადგან საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არ არის აშშ „შეცდომაზე გამოიჭირონ“.

თუმცა კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პოლიტიკური რეაგირება ექნება.

„საქართველოში ეს ვერ გასაჩივრდება. თეორიულად შეიძლება ამერიკაში გასაჩივრდეს, მე არ ვიცი, რამდენად გასაჩივრებადია ეს კონკრეტული აქტი, ამას ადგილობრივი იურისდიქცია ადგენს. აქ მე უნდა შევიდე თეორიულ მსჯელობაში, ჩემთვის ეს ვერ იქნება საინტერესო, მე არ ვარ უშუალოდ ადრესატი, ადრესატები არიან მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება პოლიტიკური რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში  სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.

სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი