კომენტარი

დეგნანი: ეს არა ამერიკული, არამედ რუსული კანონია

24 თებერვალი, 2023 • 1667
დეგნანი: ეს არა ამერიკული, არამედ რუსული კანონია

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.

მისი თქმით, ეს არა აშშ-ის, არამედ რუსეთის კანონის ანალოგია.

ჟურნალისტებთან საუბარში დეგნანი ხაზს უსვამს, რომ ეს კანონპროექტი არ ემსახურება ქვეყანაში გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, რადგან საქართველოში საერთაშორისო დონორები პერიოდულად წარადგენენ საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშს.

დეგნანს მაგალითად მოჰყავს აშშ-ის USAID  და განმარტავს, რომ ეს ორგანიზაცია ყოველ 3 თვეში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს ხოლმე როგორც პარლამენტს, ასევე, სხვა პარტნიორების მსგავსად, ღიაა საგადასახადო სამსახურისთვისაც – „გამჭვირვალობის კუთხით ნამდვილად არ არსებობს პრობლემა, რადგან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვებსაიტზე“.

რაც შეეხება მთავარ სხვაობას ამერიკულ კანონსა და „ხალხის ძალის“ კანონპროექტს შორის, დეგნანი განმარტავს:

„ეს კანონპროექტი არ ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობას. კანონი [უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, იგივე FARA], რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ეხება ლობისტებს, იურიდიულ ფირმებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ, რათა მათ წარმოადგინონ ამ უცხო ქვეყანათა პოლიტიკური ინტერესი. შესაბამისად, ეს არის არა ამერიკული, არამედ რუსული კანონი,  რომლის მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზირება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, შეხედულება და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს“, – განაცხადა დეგნანმა.

დეგნანი მიუთითებს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გართულდება ისეთი ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ადამიანის უფლებათა, განათლების, ტურიზმის თუ სხვა სფეროებში საქმიანობენ – „სია გრძელია“.

„მთავარი კითხვაა – სჭირდება კი საერთოდ საქართველოს ეს კანონი, მაშინ, როდესაც უკვე არსებობს საკმარისი გამჭვირვალობა, ღრმა თანამშრომლობა და ნდობით განსჭვალული კომუნიკაცია დონორებსა და მათ შორის, ვინც ცდილობს საქართველოში არსებული სხვადასხვა თემისა თუ საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას“, – დასძენს დეგნანი.


იმის შესახებ, თუ რა სხვაობაა საქართველოს კანონპროექტსა და აშშ-ის საკანონმდებლო მოდელს შორის, ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი