კომენტარი

როგორ (გა)ფორმდება ავტოკრატია?!

18 თებერვალი, 2023 • 2513
როგორ (გა)ფორმდება ავტოკრატია?!

ავტორი: ნინო რიჟამაძე, იურისტი

“კანონი უცხოელი აგენტების შესახებ” – სიტყვათა ეს შეთანხმება აღნიშნავს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც 2006-2020 წლებში ნაწილ-ნაწილ შემოიღეს და რუსეთში ავტოკრატიის გაფორმების სიმბოლოს წარმოადგენს.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” განშტოება – “ხალხის ძალა” არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის “მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში ჩასმის” ლოზუნგით საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს, რომელიც თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატების მოდელის მსგავსი უნდა იყოს, თუმცა თავისთავად არგუმენტი, რუსეთის მთავრობის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკის არსენალიდანაა, რაც საქართველოს მოსახლეობის საგარეო მისწრაფებებთან და დემოკრატიულ მმართველობასთან შეუთავსებელია.

დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით, ეს ინიციატივა არც ეროვნული უსაფრთხოების და არც საჯარო მმართველობის გაუმჯობესების ინტერესებით არ არის ნაკარნახევი, არამედ ღიად ანტი-დასავლური ნაბიჯია, რომელიც უარს ამბობს ადამიანის უფლებათა სამართლის დასავლურ სტანდარტზე და საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში გადანაცვლებას მოასწავებს. ის რისკის ქვეშ აყენებს გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს და სხვა. კლანური მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მართული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში, მსგავსი შინაარსის კანონის მიღებით საქართველო შეუერთდება აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელარუსის და ტაჯიკეთის სიას, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონმდებლობა მისი მიღებიდან მალევე დააკოპირეს.

მართალია, ქართული საკანონმდებლო ინიციატივის ზუსტი შინაარსი ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა საკითხის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიები და მოვლენები ცხადად მიუთითებენ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების გეზზე, რომელიც დიდწილად იმეორებს რუსეთში 2011 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების დევნის მოდელს.

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ია-ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი დემონიზების მცდელობა სრულიად უპრეცედენტოა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ზურგის შექცევისა და ღია ანტი-ამერიკული პოლიტიკის პარალელურად, საქართველოს მმართველი პარტია, სახელმწიფო ინსტიტუტების და სხვა სატელიტების გამოყენებით ხელ-ფეხს უკრავს არასამთავრობო ორგანიზაციებს: ცდილობს თვითცენზურის დამკვიდრებას, მათ სტიგმატიზებას, რეპუტაციის შერყევას და საბოლოო ჯამში, მათი ხმის ჩახშობას.

პარალელურად, ყველაზე რეიტინგული პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” კვირის შემაჯამებელ-ანალიტიკურ გადაცემაში ვრცელ სიუჟეტებს უძღვნის კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიზანი საზოგადოების თვალში მათი დემონიზება, მნიშვნელობის დამცრობა, მდიდრებად წარმოჩენა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების დაბრალებაა. საბოლოო ამოცანა, კი, საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიუღებლობა და მათ მიმართ აგრესიის დანერგვაა.

ამ რეალობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კრემლის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვამდე აშორებს, “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონების მიღებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ “ქართული ოცნებისა” და მისი რადიკალური, ანტი-დასავლური საყრდენების მხრიდან ორი პარალელური ოპერაცია მიმდინარეობს:

  1. მაქსიმალურად შეერყეთ რეპუტაცია კრიტიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. – მმართველი პარტიის ლიდერები და მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაუღალავად არწმუნებს მაყურებელს არასამთავრობო ორგანიზაციების უსარგებლობაში, სიმდიდრეში, უსაქმურობაში, ქვეყნის მტრობაში და უცხო სახელმწიფოების აგენტობაში. მომზადებულ სიუჟეტებს, მეტი დამაჯერებლობისთვის ზურგს უმაგრებენ ექსპერტ-ანალიტიკოსის სტატუსით მოსაუბრე ხმები, განგებ არასწორად და მანიპულაციურად დაჯამებული გრანტების ოდენობის შესახებ მითები და სხვა.
  2. კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩანაცვლდნენ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ორგანიზაციებით – გონგოებით. კრიტიკული, პროფესიული ორგანიზაციების საპირწონედ ხელს შეუწყობენ პრო-სახელისუფლებო ორგანიზაციების ცნობადობას, განვითარებას, რომელთა მიზანი არა ხელისუფლების კრიტიკა და მოდარაჯე ძაღლის ფუნქციის შესრულება, არამედ ხელისუფლებისთვის კომფორტის შექმნაა. გონგოების დანიშნულება სხვადასხვა საქმიან-სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა და მოჩვენებითი, ფასადური კრიტიკაა, რასაც დემოკრატიის თეატრალურ წარმოდგენაში დეკორაციის მნიშვნელობა აქვს.

რუსეთის მიერ ავტოკრატიისკენ გაკვალული გზა

საქართველოსა და უკრაინაში ფერად რევოლუციებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გააზრების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა კანონის საფუძველზე 2006 შეზღუდა დამატებით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დაწესდა დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება.[1] კანონის ჩანაწერები ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა და ნებისმიერი სუბიექტისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა შეიძლებოდა თუ მათი საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.

საბჭოთა პროპაგანდისტული პოსტერი, რომელიც მნახველს მდუმარებისკენ მოუწოდებს.

2012 წელს, ვლადიმერ პუტინის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ დაბრუნების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ “უცხოელი აგენტების შესახებ”, კანონი მიიღო, რომლის მიზანი რუსეთში ოპოზიციის განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების გაქრობა და კრიტიკული მედიის დადუმება იყო.

დემოკრატიული სამყაროს მხრიდან კრიტიკის პასუხად, კრემლი ამტკიცებდა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობა ეფუძნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის (FARA) მოდელს. კანონები შინაარსით მართლაც მსგავსია, მაგრამ არსებითად განსხვავებულია მათი მიღების კონტექსტი, მიზანი, აღსრულება, მოქმედება და გავლენა სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებზე.[2] აშშ-ს კანონი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” მიღებულია 1938 წელს შეერთებულ შტატებში ნაცისტური პროპაგანდის, საქმიანობის შეკავების და აღკვეთის მიზნით, ხოლო რუსეთის მიერ იდენტური შინაარსის კანონის მიღების მიზანი მის მიმართ კრიტიკული ხმის ჩახშობაა. აშშ-ში კანონის მიღებას გავლენა არ მოუხდენია სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაზე, არ შეხებია მედია საშუალებებს და კერძო პირებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი რუსეთის კანონმდებლობის შეფასებებისას მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ტერმინის “აგენტი” რუსეთში აღქმას უკავშირდება. კომისარი მიიჩნევს, რომ ტერმინს “უცხოელი აგენტი”რუსეთის ისტორიულ კონტექსტში აქვს “ჯაშუშის” ან/და “მოღალატის” გაგება, და შესაბამისად, ამ იარლიყის მატარებლის გარიყვას და სტიგმას განაპირობებს. “უცხოელი აგენტი”ასოცირდება პირთან, რომელიც მოქმედებს გარე ძალის გავლენის ან ინტერესის შესაბამისად და არა ქვეყნის საზოგადოების სასარგებლოდ. კომისრის მოსაზრებას იზიარებს ვენეციის კომისიის 2014 წლის და 2021 წლის მოსაზრებებიც. უნდა ითქვას, რომ ტერმინი “უცხოელი აგენტი” საქართველოშიც ჯაშუშის და სხვა სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად მოქმედი სუბიექტის კონოტაციის მატარებელია და რისკის ქვეშ აყენებს ამ იარლიყის მატარებელი სუბიექტის რეპუტაციას.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რას ემსახურებოდა საქართველოში აგვისტოში პრო-სახელისუფლებო ექსპერტების და მედია საშუალებების მხრიდან “უცხოელი აგენტების” თუ “ამერიკის აგენტების” შესახებ შეთქმულების თეორიის დღის წესრიგში აქტიურად შემოტანა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან და სხვა გაცხადებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ხედვის მქონე სუბიექტებთან დაკავშირება.
მანამ, სანამ რუსული სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა ადგილობრივ ორგანიზაციებამდე მივიდოდა, უფრო ადრე, ქვეყნიდან ამერიკის მთავრობის ფონდები განიდევნა. ათი წლის წინ, 2012 წლის სექტემბერში, რუსეთის ხელისუფლებამ აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) გააფრთხილა შეეწყვიტა ყველა პროექტი და სრულად გაეუქმებინა რუსეთის მიმართულების პროგრამა. USAID რუსეთში 1992 წლიდან ცდილობდა სსრკ-ის დანგრევის შემდეგ ქვეყანას დემოკრატიულ გარდაქმნებში დახმარებოდა.

2 თვის შემდეგ რუსეთმა მიღო კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ რომელმაც მსუსხავი ეფექტი იქონია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე. სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ იქცა მედიის[3], არარეგისტრირებული ჯგუფების და კერძო პირების საქმიანობის შეზღუდვის, დევნის და დადუმების იარაღად. კანონი უამრავ ბარიერს შეიცავდა, რომლის დაძლევა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ძალზე რთული აღმოჩნდა. წლების განმავლობაში კი, კანონი უფრო და უფრო დამძიმდა და ის გავრცელდა არამხოლოდ ენჯეოებზე, არამედ მედია საშუალებებზე და რიგით ადამიანებზეც, ვინც არსებული სისტემას აკრიტიკებდა. შედეგად, კანონმა ამ სუბიექტებისთვის შექმნა გადაულახავი ბარიერები, ფორმალობები და პირობები, რის გამოც წამყვანი ორგანიზაციების დიდი ნაწილი, საქმიანობას ზეწოლის პირობებში განაგრძობს, ან დახურულია.

რუსული კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელ აგენტად ითვლება: არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას ან/და სხვა ქონებას იღებს უცხო სახელმწიფოსგან, მისი ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციებისგან, უცხო სახელმწიფოს მოქალაქისგან, მოქალაქეობის არმქონე პირისგან ან მათი სახელით მოქმედი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ფიზიკური თუ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან, რომელიც დაფინანსებას ან ქონებას იღებს მათგან ან მოქმედებს როგორც შუამავალი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავებულია პოლიტიკური საქმიანობით, მათ შორის უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ.[4]
ტერმინის „პოლიტიკური საქმიანობა“ შინაარსი იმდენად ფართოა, რომ ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერ აქტივობას, აზრს და სიტყვას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ტერმინი არ გამორიცხავს და მოიცავს კიდეც ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას.[5]

აღნიშნული კანონით დაწესებული ბარიერები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არსებობენ, მოიცავენ ვალდებულებებს, წარადგინონ რეგულარული ანგარიშები მათი დაფინანსების, მიზნების, საქმიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. ამასთან, გაიარონ წლიური აუდიტი და მზად იყვნენ დაუგეგმავი ინსპექტირებისთვის. კანონი ორგანიზაციებს ავალდებულებს თავის მასალებში, ანგარიშებში, პუბლიკაციებში მკაფიოდ მიუთითონ რომ არიან “უცხოელი აგენტები”[6].

2017-2019 წლებში “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონმდებლობა გავრცელდა მედია საშუალებებზე და კერძო პირებზეც. მედია საშუალებებზე, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ უცხოური დონორებისგან ენჯეოებისთვის გამიზნულ შეზღუდვებს დაექვემდებარნენ, ხოლო კერძო პირების “უცხოელ აგენტად” გამოცხადებისთვის საკმარისი გახდა პირობა, რომ მათ დაფინანსება მიეღოთ საზღვარგარეთიდან და გაევრცელებინათ რაიმე ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს.[7]

2020 წლის საკანონმდებლო პაკეტთა ცვლილებებით კი შეზღუდვები რამდენადმე დამძიმდა და “უცხოელი აგენტის” სტატუსის მქონე ორგანიზაციისა თუ პირის საქმიანობა უკიდურესად გაართულა[8].

“უცხოელი აგენტების შესახებ” კანონის პირველი მსხვერპლი

უნდა ითქვას, რომ ეს კანონები პუტინის დუმას საზოგადოებრივი აზრის “მოსამზადებელი სამუშაოების” გარეშე არ მიუღია. არამედ, მის წარდგენამდე კრემლის კონტროლის ქვეშ არსებული სატელევიზიო და ბეჭდური მედია არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებისთვის უწყვეტად მუშაობდნენ.

კრემლის პირველი და მთავარი სამიზნე, არჩევნებზე მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “გოლოსი”, შემდეგ კი, ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციები აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ 2011 წლის 26 ნოემბერს, გაზეთმა “რასიისკაია გაზეტა” (Российская газета) გამოაქვეყნა სტატია “გოლოსის” წინააღმდეგ სადაც ორგანიზაცია ამერიკის მიერ დაფინანსებულ “მეხუთე კოლონად” იყო მოხსენიებული.

სტატიის ავის მომასწავებელი შინაარსი, როგორც ჩანს სრულად ამოიკითხა ორგანიზაცია “მემორიალმა”, რომელიც საბჭოთა დანაშაულებს და სტალინური რეპრესიებს იკვლევს. “მემორიალის” 2011 წლის “გოლოსის” მხარდამჭერი განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რასისკაია გაზეტა”-ს სტატია არაფრით განსხვავდებოდა ანდრეი სახაროვისა და ალექსანდრ სოლჟენიცინის წინააღმდეგ საბჭოთა დამსმენების მიერ შეთითხნილი ანონიმური წერილებისგან.

საინფორმაციო სააგენტო “მედუზას” კორესპონდენტი, ანდრეი კოზენკო 2015 წელს დეტალურად აღწერდა რეპრესირებული “გოლოსის” ყოფას და მოვლენათა განვითარებას „უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ.[9] (დღეისათვის ლატვიური მედია-საშუალება “მედუზა” ასევე “უცხოელ აგენტად” არის აღიარებული.)

2012 წელს, რუსეთში მოწინავე სადამკვირვებლო ორგანიზაცია “გოლოსმა” ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისგან ანდრეი სახაროვის თავისუფლების ჯილდო მიიღო, რომელიც პრემიად 8500 დოლარს ითვალისწინებდა. ორგანიზაციამ უარი განაცხადა ფულადი ჯილდოს მიღებაზე და გადმორიცხული თანხა ხელუხლებლად უკან დააბრუნა. მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციას თანხა არ მიუღია, გადმორიცხვის ფაქტი საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც “გოლოსი” გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელიც “უცხოელ აგენტად” გამოცხადდა. ორგანიზაცია 300 000 რუბლით (9630 ათასი დოლარი) დაჯარიმდა, იმ მიზეზით, რომ საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდა “უცხოელ აგენტთა” რეესტრში, ხოლო დირექტორს, ჯარიმის სახით 100 000 რუბლის გადახდა დაეკისრა.

“მედუზასთან” აღნიშნულ ინტერვიუში გოლოსის დირექტორი, ლილია შიბანოვა იხსენებს, რომ 2011 წლის სექტემბერში, რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების გამოკითხვებით, მმართველ პარტიას – “ერთიანი რუსეთი” არჩევნებში ხმების 28%-ის მიღება შეეძლო, მაშინ, როდესაც სამთავრობო კვლევითი ორგანიზაციები (რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი და VTsIOM) აცხადებდნენ, რომ პარტიას არჩევნებზე ამომრჩეველთა 47% დაუჭერდა მხარს. რეალურად მოსალოდნელ შედეგსა და პუტინის სასურველ შედეგს შორის რადიკალური განსხვავება მოასწავებდა, რომ არჩევნებზე დარღვევები მასშტაბური იქნებოდა.

საპარლამენტო არჩევნების წინ, “გოლოსმა” და მედია ორგანიზაცია გაზეტა.რუ-მ საარჩევნო დარღვევების ონლაინ რუკა წარმოადგინეს. რუკის მიზანი იყო დარღვევების დოკუმენტირება, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამომრჩევლებზე ზეწოლა, მოსყიდვა, კანდიდატების უფლებების დარღვევა, ოქმების გაყალბება, ხმის მიცემის გაყალბება და სხვა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუკა დარღვევებით გადაივსო და უკვე დეკემბრის დასაწყისისთვის მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევდა.

დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი დარღვევები რუკაზე წითელ წერტილებად დაიტანებოდა. სურდა ემტკიცებინა რა, რომ საარჩევნოდ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია პროპაგანდისტული ენ-ტე-ვე დარღვევებს ირონიულად გამონაყარს უწოდებდა და ირონიულად აცხადებდა, რომ ამერიკის მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს რუსეთისთვის აკნეს დამართვა სურთ.

სამთავრობო ტელეარხებზე პროპაგანდისტული სიუჟეტები და უცხოეთიდან დაფინანსებაზე ხაზგასმა “გოლოსის” პრობლემების მხოლოდ დასაწყისი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა დაიწყეს პერმანენტული ზეწოლა ორგანიზაციაზე და ონლაინ გამომცემლობა “გაზეტა.რუ-ზე”. შედეგად, ონლაინ გამოცემამ რუკა თავის ვებ გვერდიდან ჩახსნა.

საპარლამენტო არჩევნები 4 დეკემბერს გაიმართა, მანამდე კი, პირველ დეკემბერს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი სასამართლოში გამოიძახეს და 2 დეკემბერს ფინანსურად დააჯარიმეს საარჩევნო რუკაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, ხოლო საარჩევნო პორატლის ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და მისი აღდგენა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

2011 წლის საპარლამენტო არჩევნებს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. გაყალბების მრავალრიცხოვანი მტკიცებულება სწორედ “გოლოსის” მიერ იყო დოკუმენტირებული. საბოლოოდ, პროტესტის განელება კრემლმა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტირებით მოახერხა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

2012 წლის მარტში რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სერიოზული პრობლემები დაიწყო.

ზემოთ ხსენებულ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიწყეს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების შემოწმება, რომელიც თითქმის წელიწადს გაგრძელდა, ისინი მივიდნენ ათასობით დამკვირვებელთან, რომლებსაც არჩევნებზე ორგანიზაციისგან მინიმალური სამივლინებო თანხა მაინც ჩარიცხოდათ. თუმცა საგადასახადო ინსპექტორები გაწბილდნენ, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციაში ფინანსური დარღვევები ვერ აღმოაჩინეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, დარღვევებს ვერ აღმოაჩენდნენ იმ მიზეზის გამო, რომ ორგანიზაციებს, რომელსაც დასავლური ინსტიტუტები აფინანსებენ მუდმივად უტარდებათ აუდიტები და შესაბამისად, ფინანსური დარღვევების რისკები არ არსებობს.

ორგანიზაციას მოუწია არარეგისტრირებულ კავშირად გაეგრძელებინა საქმიანობა და დევნისა და შეზღუდვის პირობებში დღემდე ცდილობს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვას.

მკვლევარი მარტინ რასელი ევროპარლამენტისთვის მომზადებულ მოკვლევაში ეყრდნობა “დოიჩე ველეს” მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით “უცხოელ აგენტად” 200-ზე მეტი ორგანიზაცია, არის აღიარებული. მათგან 73 ლიკვიდირებული ან დახურულია. არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა “უცხოელ აგენტად” გამოცხადებულია 31 კერძო პირი, 40 მედია საშუალება.

არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის ერთ-ერთი ბოლო მძიმე შემთხვევა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ორგანიზაცია “მემორიალს” უკავშირდება. გასული წლის დეკემბერში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონის დარღვევის საბაბით ორგანიზაციების “საერთაშორისო მემორიალის”, “მემორიალის” და მისი ფილიალების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შემოღებით ორგანიზაციების გაუქმების გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. რუსეთის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ორგანიზაციის დევნამ უკიდურესად სახიფათო სახე მიიღო – გაჩხრიკეს და დალუქეს ორგანიზაციის მოსკოვის ოფისი, ხოლო ივლისში სასამართლომ ის სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა.

საქართველოში მიმდინარე ანტი-დემოკრატიული პროცესები ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებს რუსეთში ავტოკრატიის დამკვიდრების დინამიკას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების პოლიტიკასაც, რომელმაც სიჩქარე 2011 აკრიფა და დღემდე მუხრუჭის გარეშე ვითარდება. როგორც რუსული გამოცდილება აჩვენებს, ამგვარი კანონების მიღების მიზანი დასავლეთსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას შორის კავშირების გაწყვეტა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთაა, რაც ქვეყანას მდუმარე უმრავლესობის საზოგადოებად ქცევას უქადის და შეუთავსებელია დემოკრატიასთან ისევე როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.

წყაროები - დააკლიკეთ

[1] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრება არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ რუსეთის ფედერაციისკანონმდებლობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით; მე-8 პარაგრაფი; 2013 წლის 15 ივლისი. მე-8 პარაგრაფი. https://rm.coe.int/opinion-of-the-commissioner-for-human-rights-on-the-legislation-of-the/16806da5b2

[2] Samuel Rebo “FARA in Focus: What can Russia’s Foreign Agent Law tell us about America’s?”; 2021;

[3] „Russia Effectively Bans Investigative News Outlet By Declaring It ‘Undesirable’“ https://www.rferl.org/a/the-project-russiaundesirable/31360394.html

[4] „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი; ციტირებული: Infra note 6; Supra note 1.

[5] Supra note 1;

[6] მე-16 პარაგრაფი, ვენეციის კომისიის მოსაზრება No. 1014 / 2020; 2021 წლის 6 ივლისი. https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2021)027-e

[7] იგივე, მე-17 პარაგრაფი

[8] Martin Russell: „Foreign agents’ and ‘undesirables’ Russian civil society in danger of extinction?“ მარტი, 2022 https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2022/729297/EPRS_BRI(2022)729297_EN.pdf

[9] Andrey Kozenko: „Russia’s most foreign agent How one human rights group became the country’s most harassed organization“; July 29, 2015https://meduza.io/en/feature/2015/07/29/russia-s-most-foreign-agent


რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.


ავტორის შესახებ: ნინო რიჟამაძე არის საარჩევნო პროცესებისა და დეზინფორმაციის მკვლევარი, ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროგრამის მონაწილე მედიისა და ინფორმაციის იმართულებით. ISFED-ის სოცმედიის მონიტორინგის პროგრამის თანადამფუძნებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი