საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად” გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების” შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ორი კანონპროექტის ინიციირებას განიხილავს: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსიას და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგს”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც “უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.
კანონპროექტის ინიციატორი “ხალხის ძალა” და მისი მხარდამჭერი მმართველი პარტია “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონის გასამართლებლად ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ იმას ასახელებს, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში და მეტიც, სწორედ ისინი იყვნენ პირველები, ვინც ეს პრაქტიკა დაამკვიდრა.
ამავე არგუმენტს იშველიებდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უნგრეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვიქტორ ორბანიც, როდესაც თავიანთ ქვეყნებში “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის გამართლებას ცდილობდნენ.
მაშინ რატომ აკრიტიკებს დასავლეთი ამ კანონპროექტს? რა ძირითადი სხვაობაა აშშ-ში 1938 წელს მიღებულ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა” [FARA] და სხვა ქვეყნებში მოქმედ კანონს შორის?
როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, ეს ძირითადი სხვაობა, სხვადასხვა ხელისუფლების მიერ FARA-ს დოკუმენტურად ცვლილების გარდა, მის მიზანსა და ამ მიზნის მისაღწევად აღნიშნული კანონის იმპლემენტაციას შორისაა.
FARA-ს ძირითად მიზნებს “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.
მისი თქმით, FARA კონცენტრირდება სუბიექტის მიერ შესრულებული საქმის შინაარსზე, რამდენად ატარებს აშშ-ში მოქმედი სუბიექტი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, და არ კონცენტრირდება უშუალოდ სუბიექტის ვინაობაზე:
მთავარი პრინციპი, რომელსაც აშშ-ის FARA ეფუძნება, არის ძალიან მარტივი – ის, რაც ჰქვია სახელი – ანუ უცხოეთის გავლენის აგენტის გამოვლენა და მათთვის რეგისტრაციის ვალდებულების დაკისრება. ეს კანონმდებლობაში აისახა შემდეგნაირად:
- პირი/ორგანიზაცია უნდა მოქმედებდეს პირდაპირ უცხო სუბიქეტის შეკვეთით, პოლიტიკურ პროცესში მათი ინტერესების სასარგებლოდ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტი.
- არ არსებობს არავითარი განსხვავება, თუ ვინ არის სუბიექტი, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, სამეწარმეო ან არასამეწარმეო, მომგებიანი ან არამომგებიანი – ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს”, – განმარტავს ხიდაშელი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ FARA-ში რეგისტრაციის ვალდებულება რომ დაეკისროს სუბიექტს, კონკრეტულად უნდა ჩანდეს ორგანიზაციის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება და ეს კონტრაქტით უნდა იყოს განსაზღვრული, “რომ ერთმა მხარემ დაიქირავა მეორე, რათა დაიცვას მისი ინტერესი, მაგალითად, კონგრესში”.
ხიდაშელი დასძენს, რომ თუ აღნიშნული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ FARA-ს სარეგისტრაციო პირობები არ გავრცელდება სუბიექტზე.
მისი თქმით, აღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, FARA-ს რეგისტრანტთა სიაში ძირითადად არიან იურიდიული ფირმები და პიარ კომპანიები. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის ძირითადად სწორედ ასეთ კომპანიებს ქირაობენ.
თინა ხიდაშელის განმარტებით, ძირითადი სხვაობა FARA-სა და “ხალხის ძალის” პირვანდელ კანონპროექტს შორის სწორედ მისი “სამიზნე სუბიექტები” არიან, რაც, მისი შეფასებით, ამ კანონპროექტს დისკრიმინაციულ დოკუმენტად აქცევს.
ანუ, “ხალხის ძალის” პირვანდელი კანონპროექტით “უცხოეთის აგენტებად” ცხადდებიან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, განურჩევლად მათი მიზნებისა და საქმიანობის სფეროსი, როცა FARA ორიენტირებულია გარიგების შინაარსზე – რამდენად და როგორ ატარებს კონკრეტული სუბიექტი უცხო ქვეყნის ინტერესებს.
“ამით ისინი [მმართველი პარტია] ამჟღავნებენ საკუთარ ამოცანას და კანონის მიღების მიზეზს – რომ ზუსტად ამ ორი ტიპის ორგანიზაციულ წარმონაქმნს უნდა შეუქმნან პრობლემა, თორემ ვიღაც თუ რომელიმე ქვეყანას ემსახურება, ამის პრობლემა არ აქვთ. სწორედ ამის გამოა სახიფათო ეს კანონპროექტი.
ანუ კანონპროექტი ამბობს, რომ უცხოური ქვეყნის აგენტობა ცუდია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედიაორგანიზაცია აკეთებს. მაგრამ, მაგალითად, თუ იმავეს აკეთებს კომპანია ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ფიზიკური პირი, ამას არა უშავს.
ეს არის დისკრიმინაცია და უნგრეთში ანალოგიური კანონი სწორედ ამის გამო გამოაცხადა ევროკავშირის სასამართლომ ძალადაკარგულად”, – განმარტავს ხიდაშელი და დასძენს, რომ კანონპროექტი პრობლემური იქნებოდა ამ ნაწილში მისი შესწორების შემთხვევაშიც.
კერძოდ, თუ კანონი უფრო ფართოდ გავრცელდება და სხვებსაც შეეხება, როგორც ეს FARA-ს შემთხვევაშია, პრობლემა მაინც არ მოგვარდება, რადგან დოკუმენტი ორგანიზაციებს არ განასხვავებს მიზნისა და საქმიანობის მიხედვით და ერთადერთი ინდიკატორი დაფინანსების წყარო და რაოდენობაა.
ხიდაშელის თქმით, “ხალხის ძალის” კანონპროექტის ეს ნაწილი სწორედ რუსული კანონიდან არის გადმოღებული.
როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა კანონპროექტის მთავარი ამოცანა დასავლური ფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისთვის პრობლემების შექმნაა, რადგან ქვეყანაში არსებული პრაქტიკულად ყველა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაცია სწორედ დასავლეთიდან ფინანსდება.
“შეიძლება პირდაპირ დასავლურ ფონდებს არ ებრძვიან, ამ კანონპროექტში ეს არ წერია, მაგრამ არაპირდაპირ ასეა. ისინი ებრძვიან ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც სწორედ ამ დასავლური ორგანიზაციების პარტნიორები არიან ადგილზე. ეს კანონი ასევე პირდაპირ ეხება იმ ორგანიზაციებსაც, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ვგულისხმობ დასავლურ ფონდებს”, – განმარტავს ის.
რაც შეეხება კანონპროექტის ტერმინოლოგიას, ხიდაშელის შეფასებით, სიტყვა “აგენტის” გამოყენება საქართველოში მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება და ორგანიზაციებისთვის “უცხოური გავლენის აგენტების” დარქმევა მათ მარგინალიზაციას ემსახურება.
“პირობითად ასავალ-დასავლები აქამდე თუ ისე, ხალხურ სიტყვიერებაში გვეძახდნენ აგენტებს, ხვალ უკვე ლეგიტიმურ საფუძველს მოიპოვებენ, რომ ასე არა მარტო მოგიხსენიონ, არამედ დაგეგმონ კამპანიები ორგანიზაციების ჭიშკრებთან”, – ამბობს ხიდაშელი.
რისთვის შეიმუშავეს აშშ-ში FARA და ვის არეგისტრირებს “უცხოეთის აგენტებად”
აშშ-ში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” 1938 წელს ფაშისტური და კომუნისტური გავლენების შესამცირებლად შეიმუშავეს. ამ გზით ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ და ცდილობდა ქვეყანაში ფაშისტური და კომუნისტური გავლენების შემცირებას.
აღნიშნული კანონმდებლობას აშშ მეორემ მსოფლიო ომის პერიოდში და მის შემდეგ, მცირე ხნით, შედარებით აქტიურად იყენებდა, 1966 წლიდან 2015 წლამდე კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს მხოლოდ 7 სისხლის სამართლის საქმეზე მიმართა, მათ შორის ორი საქმის წარმოება შეწყვიტა.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, როდესაც საუბარი დაიწყო, რომ წინასაარჩევნო პროცესში რუსული მხარე აქტიურად ცდილობდა საკუთარი ინტერესების გატარებას სხვადასხვა მექანიზმებით, აშშ-ში კვლავ გაააქტიურეს აღნიშნული აქტის მოქმედება.
2017 წლის ნოემბერში იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნით, FARA-ში “უცხოურ აგენტად” დარეგისტრირდა რუსეთის მთავრობისგან პირდაპირ დაფინანსებული 2 მედიაორგანიზაციაც – “RT TV ამერიკა” და “სპუტინიკი”.
ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საჭიროდ მიიჩნია ძირითადი ფაქტორების გამოყოფა და განმარტება, თუ რის მეშვეობით ხდება შეფასება, არის თუ არა კონკრეტული ორგანიზაცია ან პირი “უცხოური აგენტი”.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განმარტავს, რომ “უცხოურ აგენტებად” აღიარებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, “იქნებოდა თუ არა სამართლიანი დასკვნის გამოტანა, რომ ინდივიდი დამოუკიდებლად არ მოქმედებს, არ გამოხატავს მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს და მოქმედებს, როგორც უცხოური აქტორის აგენტი [წარმომადგენელი]”.