კომენტარი

“მაგონებს ინკვიზიციის პათოსს” – კიკნაძე ბერძენიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაზე

23 იანვარი, 2023 • 2322
“მაგონებს ინკვიზიციის პათოსს” – კიკნაძე ბერძენიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაზე

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების წამოწყებული სიძულვილის კამპანია ასევე უკავშირდება ბერძენიშვილის აკადემიურ საქმიანობასაც.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ჩაშლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ვიდეო გავრცელდა, სადაც არაფორმალურ გარემოში მყოფ ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ვიდეო ატვირთა ფეისბუკ მომხმარებელმა და „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ. ვიდეოში ისმის ქალის ხმა, რომელიც ბერძენიშვილს ეუბნება, რომ ერეკლე მეორე გმირია, ხოლო თავად – არაკაცი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერეკლე II-ს დაცვის საბაბით ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან. მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერები.

„ეს ცალსახად არის ბრძოლა განათლებასთან, წიგნიერებასთან, რომელიც ადამიანს ანიჭებს ანალიზის, კრიტიკული შეფასების უნარს. ეს არის მთავარი უნარი, რაზეც ადამიანი დგას და ამასთან ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ მის საპირწონედ დაამკვიდრო უწიგნურობა, უვიცობა და სიბნელე. ცოდნის ნაცვლად ყალბი ისტორიზმით, ყალბი ჰეროიზმით შეფუთვა და წარმოჩენა იმ საკითხების, რომელსაც ჩაღრმავება სჭირდება, ეს არის ბრძოლა თავისუფლებასთან… ასეთი აგრესიული და უღირსი მეთოდებით… ეს დაახლოებით მაგონებს შუასაუკუნეების ინკვიზიციის პათოსს, რომელიც წარმოუდგენლად მიმაჩნია, ხდებოდეს 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, რომელსაც აქვს პრეტენზია ევროპულობაზე… თან ასე ორკესტრირებულად. ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა, რომელსაც აქვს ბევრი შესაძლებლობა, არის ძალიან საშიში და ემსახურება უკიდურესად ცუდ მიზანს”.

კითხვაზე, იმის ფონზე, რომ ლევან ბერძენიშვილი ამჟამად არ არის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული – რატომ აირჩიეს ის ოპონენტად, კიკნაძე პასუხობს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი აკადემიური საქმიანობაა.

„ის ატარებს ძალიან ბევრ საჯარო ლექციას, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები. ის ავრცელებს ცოდნასა და კულტურას.

ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ის არის მაგალითი და უამრავ მათგანს უჩენს წიგნთან მიახლოების სურვილს. ბერძენიშვილისგან მტრის ხატის შექმნა, მისი დისკრედიტირება, ნიშნავს იმ საქმისთვის ხელის შეშლას, რასაც აკეთებს – ანუ ცოდნის გავრცელებისთვის ხელის შეშლას. გასაკვირი არაა, რომ ის იქცა სამიზნედ, ვინაიდან, ჩვენ თუ ვამბობთ, ქვეყანაში არის ძალა, რომელსაც ეშინია ცოდნის – მაშინ ამ ძალის სამიზნე პირველ რიგში იქნება ლევან ბერძენიშვილი და მისნაირი ადამიანები“, – ამბობს ის.

„ეს არის ძალიან საშიში… აგრესიის წახალისება, რა თქმა უნდა, გადადის ფიზიკურ დაპირისპირებაში. ლევან ბერძენიშვილს ეს ადამიანები არგუმენტებითა და ცოდნით ვერ მოუგებენ, მაგრამ შეუძლიათ აჯობონ ფიზიკურად. უვიცობის წახალისება, აგრესიის წახალისება, არის ძალიან საშიში… ეს არის სისხლის წყურვილი და ის ძალა, რომელიც ამის ორგანიზებას აკეთებს, არაფერზე იხევს უკან. ინსტრუმენტად კი იყენებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ნაკლებად აქვთ საკუთარი აზრი და რომლებიც ადვილად ექცევიან სხვა, არაკეთილსინდისიერი ადამიანების გავლენის ქვეშ”.

ნახეთ ასევე:

„ეს არის ივანიშვილის პირადი ბოღმა და შურისძიება“ — ხვადაგიანი ბერძენიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაზე


ერეკლე II და ლევან ბერძენიშვილი – რა ხდება

28 მაისს თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან.
„ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს: „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“. ამას წინ უძღოდა ბერძენიშვილი ინტერვიუ. კერძოდ, იუტუბ-არხთან საუბრისას თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ „თეზა რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა; „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

ამის შემდეგ, ამავე წლის 6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

15 იანვარს ყვარელში „ალტ-ინფომ“ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩაშალა. ლექციის ორგანიზატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ აქციის წევრებმა გზა გადაკეტეს და ყვიროდნენ, რომ ისინი „ერეკლეს შვილიშვილები იყვნენ,“.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე :

მასალების გადაბეჭდვის წესი