თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობის შემოწმება დასრულებულია და ამ ეტაპზე საცხოვრებლად უვარგისი მხოლოდ ორი სადარბაზოა. მისივე თქმით, სასტუმროებში გადაყვანას სულ 28 ოჯახი საჭიროებს.

როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორპუსის შემოწმება მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად განახორციელა.

„მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად, ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საუბარია ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის, 5-სართულიან კორპუსზე, რომელშიც 90-მდე ოჯახი ცხოვრობს.

კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტს თავდაპირველად მზაობა ჰქონდა, სასტუმროებში კორპუსში მცხოვრები 90-ვე ოჯახი გადაეყვანა, თუმცა ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა აღარ არსებობს.

„მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი, დაახლოებით 143 ადამიანზე, რომლებთანაც გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან გაკეთდება“, — აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ადგილზე მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას, თბილისის მერის ინფორმაციით, სამუშაოები გრძელდება და ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო და საჭირო ტექნიკა. კახა კალაძემ დასძინა, რომ სამაშველო ოპერაციის დეტალებსა და სირთულეებზე უმჯობესია სპეციალისტებმა ისაუბრონ, სიახლეების შესახებ კი საზოგადოებას ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება.