ახალი ამბები

“ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ…” – კობახიძე ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

20 ივნისი, 2023 • 1653
“ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ…” – კობახიძე ბერძენიშვილზე თავდასხმაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება ლევან ბერძენიშვილზე მორიგ თავდასხმას და მას უკავშირებს ბერძენიშვილის მიერ საზოგადოებაში „შუღლის გაღვივებას“.

კობახიძის თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა არ შეიძლება, რომ ადამიანი „გმირ მეფეებს ლანძღავდეს“.

„თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზიციის და რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის. ასევე პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას – პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, პირდაპირ არიან ჩართული მიუღებელ აგიტაციაში და ებრძვიან 250 წლის წინ გარდაცვლილ ჩვენს მეფეებს და ა.შ. არ შეიძლება საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი.

რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც, თუ არ ვცდები, თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს. ერეკლე მეორე გალანძღა და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 20 ივნისს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ერთი მოქალაქე მიუახლოვდა და დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.

ბერძენიშვილის თქმით, თავდამსხმელს თან კვერცხი ჰქონდა, თუმცა შემთხვევის შედეგად თავად არ დაშავებულა. მისი თქმით, არ გეგმავს, მომხდარის გამო პოლიციას მიმართოს, რადგან მიიჩნევს, რომ მის მიმართ აგრესია სწორედ სახელმწიფოს მიერაა მართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი