კომენტარი

„ეს არის ივანიშვილის პირადი ბოღმა და შურისძიება“ — ხვადაგიანი ბერძენიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაზე

23 იანვარი, 2023 • 1338
„ეს არის ივანიშვილის პირადი ბოღმა და შურისძიება“ — ხვადაგიანი ბერძენიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაზე

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ მეცნიერ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების წარმოამდგენლებისა და მათი მხარდამჭერების წამოწყებული სიძულვილის კამპანიის უკან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ბოღმა და შურისძიება იმალება.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ მიერ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ჩაშლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არაფორმალურ გარემოში მყოფ ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ვიდეო ატვირთა ფეისბუკ მომხმარებელმა და მისი მტკიცებით, „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ. ვიდეოში ისმის ქალის ხმა, რომელიც ბერძენიშვილს ეუბნება, რომ ერეკლე მეორე გმირია, ხოლო თავად – არაკაცი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერეკლე II-ს დაცვის საბაბით ლევან ბერძენიშვილს უპირისპირდებიან. მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერები.

ნეტგაზეთს ესაუბრა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ხვადაგიანი დასძენს, რომ მსგავსი ორკესტრირებული კამპანია არ არის ახალი და მისი ანალოგი საზოგადოებამ იხილა, თუნდაც ე.წ. დავით გარეჯის საქმის აქტორების წინააღმდეგ აგორებული კამპანიისას.

„ეს არის უკვე გამოცდილი, დამუშავებული სქემა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, სამიზნე ობიექტების ფსიქოლოგიურ ტერორს, დისკომფორტისა და ტრავმის მიყენებას, მათ დაზიანებას, მეორე მხრივ კი, ასეთი საინფორმაციო კამპანიისა და სცენარის წარმოჩენას, თითქოს არის ბუნებრივი, თითქოს არის საზოგადოების ბუნებრივი „აღშფოთება“ და ცალკეული მოქალაქეების ინიციატივა.

ცხადზე ცხადია, ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი და ყველა ხედავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ფაქტობრივად, ტოტალიტარიზმის ზღვარზე მისული ერთპარტიული მმართველი რეჟიმი — ხალხისგან სრულად გათიშული და დელეგიტიმიზებული რეჟიმის მცდელობა, ასე დააშინოს ოპონენტები და აჩვენოს საკუთარი ძალა. ძალიან ტრივიალური, ასე ვთქვათ, ფაშისტური, კომუნისტური, ანუ ტოტალიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი პრაქტიკა“, — უთხრა ირაკლი ხვადაგიანმა ნეტგაზეთს.

კითხვაზე, რატომ აირჩია „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ძალამ ბერძენიშვილი ოპონენტად მაშინ, როდესაც ის აღარ არის ჩართული აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხვადაგიანი ამბობს, რომ პოლიტიკურ წარსულთან ერთად, ლევან ბერძენიშვილი საჯარო პირი და აკადემიკოსია.

„მის წინააღმდეგ ეს კამპანია გამოწვეულია ორი ფაქტორით: 1. ის პირადად შეეხო რეჟიმის საკრალურ სიმბოლოს, ბიძინა ივანიშვილს, და ძალიან შეულამაზებლად აღწერა და დაახასიათა, ვის და რას წარმოადგენს ის, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი. ეს არის დე ფაქტო მმართველისა და ამ სისტემის არქიტექტორის პირადი ბოღმა და შურისძიება

2.  გარკვეულწილად გაუმართლათ, რომ იმავე პერიოდის რიტორიკაში ლევან ბერძენიშვილმა თავისი ინტერპრეტაციით რუსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის კონტექსტში გააკრიტიკა ერთ-ერთი ისტორიული ფიგურა, ერეკლე II — ეს არის ივანიშვილისა და ამ რეჟიმის ამდროინდელი, ამ მომენტში ცხადად გამოვლენილი კურსი. ფაქტობრივად, ღიადაა დეკლარირებული ამ ტერორისტული, მონსტრი სახელმწიფოს სატელიტობა,იქნება ეს რიტორიკით, ნაბიჯებით თუ სხვა“, – განმარტავს ის.

ირაკლი ხვადაგიანისთვის ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მისთვის ნიშნავს  არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებასა და დისკომფორტის შექმნას, არამედ ეს აჩვენებს, რომ მოძალადეები არ მოერიდებიან ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც.

„როდესაც კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მთელი ამ სისტემის მხრიდან ასეთი ორკესტრირებული კამპანიაა გაჩაღებულ, ამის უკან, თავისთავად, ფიზიკური ანგარიშსწორების გზავნილიც დგას. ამიტომ არის ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ამაზრზენი.

რაც ახლა ხდება, მაინც კარიკატურულია. თუნდაც, როდესაც ადარებ, როგორ აკეთებდნენ ამას ძველი ტოტალიტარული რეჟიმები, მათი მემკვიდრე თანამედროვე რუსეთი. ამის ფონზე პირადად ჩემში სიბრალულნარევ ზიზღს იწვევს, როდესაც ხედავ, როგორ აწარმოებენ ამ კამპანიას კონკრეტული შემსრულებლები. იმდენად ამაზრზენია თვითონ მიდგომისა და შესრულების ხარისხის თვალსაზრისით, რომ არ ვიცი… მეტი ფსკერის წარმოდგენა შეუძლებელია როგორც ადამიანური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, — მიიჩნევს ირაკლი ხვადაგიანი.


ერეკლე II და ლევან ბერძენიშვილი – რა ხდება

  • 28 მაისს თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან.
    „ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს: „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“. ამას წინ უძღოდა ბერძენიშვილი ინტერვიუ. კერძოდ, იუტუბ-არხთან საუბრისას თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?”

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც – კონტექსტიდან ამოგლეჯილი, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

  • მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.
  • ამის შემდეგ, ამავე წლის 6 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.
  • 15 იანვარს ყვარელში „ალტ-ინფომ“ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია ჩაშალა. ლექციის ორგანიზატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ აქციის წევრებმა გზა გადაკეტეს და ყვიროდნენ, რომ ისინი „ერეკლეს შვილიშვილები იყვნენ,“.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე :

მასალების გადაბეჭდვის წესი