კომენტარი

ბენ ჰოჯესი ხსნის, რას მოიმოქმედებდა, რუსი გენერლის ადგილას რომ იყოს | ინტერვიუ

14 ნოემბერი, 2022 • 1928
ბენ ჰოჯესი ხსნის, რას მოიმოქმედებდა, რუსი გენერლის ადგილას რომ იყოს | ინტერვიუ

რას ნიშნავს უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება ომის შემდგომი მიმდინარეობისთვის, შეუძლია თუ არა რუსეთს სიტუაციის შეცვლა და რა განაპირობებს უკრაინის წარმატებას ბრძოლის ველზე? ამ და სხვა თემებზე „ნეტგაზეთი“ ესაუბრა ამერიკელ გენერალ-ლეიტენანტსა და ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილ სარდალს, ბენ ჰოჯესს.

  • როგორც სექტემბერში ივარაუდეთ, უკრაინამ მართლაც გაათავისუფლა ხერსონი. რას ნიშნავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის დატოვება სამხედრო თვალსაზრისით?

ამას უნდა შევხედოთ, როგორც [უკრაინელების] კონტრიერიშის გაგრძელებას, რომლის მარჯვენა ფლანგიც ხერსონის მიმართულებითაა, მარცხენა კი – ხარკოვიდან მომდინარეობს და მარიუპოლისა და მელიტოპოლისკენ მიდის. ეს [ფლანგები] ერთმანეთთან კავშირშია.

მარჯვენა ფლანგის მიზანი ხერსონის დაკავება იყო, იქიდან კი [უკრაინელები], რაღა თქმა უნდა, „ჰაიმარსს“ და სხვა სისტემებს გამოიყენებენ [რუსულ ძალებზე დარტყმისთვის] და მარცხენა ფლანგის მანევრების დასახმარებლად.

ინფორმაციას ოფიციალური წყაროებიდან არ ვიღებ, ეს ჩემი შეფასებაა, მაგრამ რაც ვიცით, ისაა, რომ ომი ნებისა და ლოგისტიკის გამოცდაა.

უკრაინელების, – ხალხისა და სამხედროების, – ნება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსების. რუსების ლოგისტიკა ძალაგამოცლილია, მათ არ შეუძლიათ [ძალების] მომარაგება. უკრაინელების მდგომარეობა კი ყოველ კვირას, ცოტ-ცოტა უმჯობესდება. ამიტომ ვიყავი ოპტიმისტური.

  • რუსეთში მობილიზებულები, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მასობრივად არ არიან ფრონტის ხაზზე. შეცვლის თუ არა რამეს მათი მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში?

ეს მობილიზაცია კატასტროფაა. მისი ჩატარება, გამოცხადება… ყველას გვინახავს [მობილიზაციის მიერ გამოწვეული] ქაოსის ამსახველი ვიდეოები.

ათასობით კაცს აგზავნიან ომში, მაგრამ მათ არ გაუვლიათ საჭირო წვრთნა, არ აქვთ შეიარაღება… ამიტომაცაა, რომ უკვე უზარმაზარი დანაკარგები აქვთ და ამ მხრივ, ვითარება მხოლოდ გაუარესდება.

მობილიზაცია რუსეთისთვის ვერაფერს იზამს. კრემლში ეს იციან, მაგრამ გვამებს დროში ცვლიან. [მოსკოვს] იმედი აქვს, რომ სხვა ქვეყნები დაკარგავენ უკრაინის მხარდაჭერის ნებას. ასე არ მოხდება.

  • ხერსონი საკმაოდ ახლოსთაა ყირიმთან და თქვენი პროგნოზით, უკრაინა ყირიმს 2023 წელს დაიბრუნებს. ასეთ შემთხვევაში, რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან?

არის ორი ფაზა. იანვარში მარჯვენა და მარცხენა ფლანგზეც უკრაინელები იქნებიან კამპანიის გადამწყვეტი ფაზის, – ყირიმის გათავისუფლების, – დასაწყებად. ჩემი აზრით, [ფაზა] 2023 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.

ეს იმიტომაა შესაძლებელი, რომ რუსებს [ყირიმთან] მომარაგების მხოლოდ ორი ხაზი აქვთ – ქერჩის ხიდი [აგრეთვე ცნობილი, როგორც „ყირიმის ხიდი“ – რედ.] და სახმელეთო გზა, მარიუპოლის გავლით.

ორივე მათგანი „ჰაიმარსის“ მოქმედების ზონაშია, ქერჩის ხიდს კი უკვე მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. შემდეგი წლის ზაფხულამდე მისი სრულად გამოყენება არ იქნება შესაძლებელი.

რუსებისთვის შეუძლებელი იქნება, ადეკვატურად დაუჭირონ მხარი ძალებს სამხრეთ უკრაინაში. შავი ზღვის ფლოტი კი არსად ჩანს.

რუსებს [საპასუხოდ] ბევრი არაფერი შეუძლიათ მოიმოქმედონ. ისინი ვერაფერს გააკეთებენ უკრაინელების წარმატებული სვლის შესაჩერებლად. მე თუ მკითხავთ, ეს სვლა შეუჩერებელია.

რუსებს მოუწევთ მიიღონ გადაწყვეტილება: რეჟიმის დაცვა ან ყირიმში ძალებისა და გემების დაკარგვა. პოლიტიკურად, უკრაინაში დამარცხება კრემლისთვის ცუდია, მაგრამ რუსეთში დამარცხება კიდევ უფრო უარესია.

რაღაც მომენტში, მოუწევთ, მოიგონონ მიზეზი უკან დახევისთვის. ასე უკვე რამდენჯერმე გაუკეთებიათ. უნდა მივეჩვიოთ აზრს, რომ რუსეთი ძველებურად, ბრძოლის ველზე დამარცხდება.

  • თქვენ ასევე გამოთქვით აზრი, რომ შემდეგ წელს პუტინი კრემლში ძალაუფლების შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს…

მე არ ვახმიანებ რეჟიმის შეცვლის მოწოდებას, მაგრამ მჯერა, რომ მას სულ უფრო და უფრო დასდებენ ბრალს ამ კატასტროფაში.

მათ სცადეს, ბრალი დასდონ გენერალურ შტაბს, ნატოს, სხვა ფაქტორებს… სიმართლე კი ის არის, რომ კატასტროფაში პუტინია დამნაშავე.

ამიტომაცაა, რომ კადიროვი და პრიგოჟინი [„კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის“ ხელმძღვანელი] ძალებს იკრებენ. ვფიქრობ, შიდა კონფლიქტის დაწყებას ვუყურებთ. გამიკვირდება, პუტინი, თავის შემდეგ დაბადების დღეზე, კვლავ რომ პრეზიდენტი იყოს.

  • რას უნდა ველოდოთ პუტინის შემცვლელისგან?

არ მაქვს ილუზიები, რომ [რუსეთს] ლიბერტარიანელი ჩაიბარებს.

თუმცა მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა სხვადასხვანაირი განვითარებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოტენციური დაშლისთვის.

რიგი ეთნიკური ჯგუფები უკვე საუბრობენ „დეიმპერიალიზაციაზე“. ეს შეიძლება მოხდეს. რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, იქ ათასობით ბირთვული იარაღია, რომლის ხელში ჩაგდებაც ირანს ენდომება.

  • უკრაინელები მორიგ წარმატებას აღწევენ, რუსეთი კი მარცხს განიცდის. სამხედრო გადმოსახედიდან, რას აკეთებს სწორად კიევი და რას აკეთებს არასწორად მოსკოვი?

როგორც აღვნიშნე, ომი ლოგისტიკისა და ნების გამოცდაა. უკრაინელები სამშობლოს იცავენ. რუს ჯარისკაცებს კი არ აქვთ ემოციური [მოტივაცია], გარდა, პირველი დღეებისა, როცა ზოგს მართლა სჯეროდა „დენაციფიკაციის“, თუ რა სისულელეც იყო. ახლა კი ყველა ხედავს, რომ ეს ზღაპარი იყო.

რუსებს არასდროს ჰყოლიათ საკმარისი ჯარი დასახული დავალებისთვის, ისინი არ იყვნენ მზად.

  • ანუ, საქმე გვაქვს ცუდ დაგეგმარებასთან?

მათ შორის, მაგრამ [რუსებს] ცუდად ესმოდათ, რა უნდა გაეკეთებინათ. მათ საშინელი სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს.

პირველი – ეგონათ, რომ უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდათ და მათი ძალები უკრაინაში ჩაივლიდნენ.

მეორე – ეგონათ, რომ მოახერხებდნენ უკრაინის იზოლაციას, რომ დასავლეთი ყურს არ შეიპარტყუნებდა, რადგან ასე იყო საქართველოს [წინააღმდეგ 2008 წლის აგრესიის], ყირიმის [ანექსიის] და [სირიის პრეზიდენტ ბაშარ] ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. ეგონათ, რომ ასე გაგრძელდებოდა.

მესამე – ეგონათ, რომ რა შედეგებიც არ უნდა ყოფილიყო, უკრაინის განადგურება ამად ღირდა. არ ელოდნენ, რომ დასავლეთი გაერთიანდებოდა სანქციების ირგვლივ.

მეოთხე – ეგონათ, რომ ნატოსა და უკრაინას დაშლიდნენ.

საქმე გვაქვს არა მარტო ცუდ დაგეგმარებასთან, არამედ ვითარების სრულიად არასწორად დანახვასთან.

უკრაინა ძალიან პროფესიონალურად მოქმედებს. სწრაფად მოქმედებენ, ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს. [უკრაინის] გენერალური შტაბის საქმიანობით მოხიბლული ვარ. რაღა თქმა უნდა, დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერაც მნიშვნელოვანი ნაწილია.

  • არის თუ არა რამე, რაც რუსეთს შეუძლია გააკეთოს ვითარების შესაცვლელად? როგორ მოიქცეოდით თქვენ, რუსი გენერალი რომ ყოფილიყავით?

უმალ დავნებდებოდი და ჩემი ძალების გადასარჩენად [უკრაინიდან] გავიყვანდი. რუსეთს უზარმაზარი საზღვარი აქვს, საფრთხეებთან ერთად. ერთადერთი უსაფრთხო საზღვარი ნატოს [წევრ ქვეყნებთანაა].

პროფესიონალები და გენერალურ შტაბი უნდა ფიქრობდნენ – საჭიროა შევინარჩუნოთ ჯარი და ფლოტი ფედერაციის დაშლის ან სამოქალაქო ომის შემთხვევაში. ანდაც, თუ ჩინეთი გადაწყვეტდა, რომ ციმბირის დაკავების დროა.

გენერალურმა შტაბმა უნდა იდარდოს ომის შემდეგ თავისი შესაძლებლობების თაობაზე. ასეთი იქნებოდა ჩემი ქმედებები, [უკრაინაში რუსეთის გაერთიანებული დაჯგუფების ხელმძღვანელი სერგეი] სუროვკინი ან [გენერალური შტაბის უფროსი ვალერი] გერასიმოვი რომ ვყოფილიყავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი