კომენტარი

ლუკაშენკოს ვიზიტი და (არა)პრაგმატული პოლიტიკის კრახი — ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან

29 სექტემბერი, 2022 • 1763
ლუკაშენკოს ვიზიტი და (არა)პრაგმატული პოლიტიკის კრახი — ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან

რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ გიორგი ბადრიძეს „ნეტგაზეთი“ ესაუბრა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში.

— ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რა მიზნით ჩავიდა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში?

— მიზეზი არის ის, რომ პუტინს ძალიან სერიოზულად გაუჭირდა ნებისმიერი პოზიტიური ახალი ამბის გავრცელება. სრული კატასტროფა აქვს ფრონტზე, უკრაინაში ომს აგებს და ახლა ცდილობს, გადაფაროს ეს ერთგვარი პროპაგანდისტული კამპანიით, რომ თითქოს რაღაც კარგიც ხდება რუსეთის იმპერიულ პროექტში. ეს, სავარაუდოდ, უნდა იყოს აფხაზეთის მიღება სამოკავშირეო სახელმწიფოში, რაც ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების გარეშე ვერ მოხდება. ლუკაშენკოს ვიზიტი არის სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი — სხვა მიზეზი ამას ვერ ექნება. მრავალი წლის უარის შემდეგ ლუკაშენკოს დაყოლიება [აღიარებაზე], როგორც ჩანს, შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2020 წლიდან მოყოლებული მან დაკარგა დასავლეთსა და რუსეთს შორის ლავირების უნარი, როდესაც ძალადობრივი, გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და მიიღო მასობრივი პროტესტები, რომლებიც სისხლში ჩაახშო რუსეთის დახმარებით.

— ამბობთ, რომ რუსეთს პოზიტიური დღის წესრიგი სჭირდება იმპერიალისტურ სურათში და აფხაზეთის შეყვანა სამოკავშირეო სახელმწიფოში. რამდენად არის ეს საპირწონე და რატომ უღირს რუსეთს, ასე ვთქვათ, თბილისის მომდურება ამისთვის?

— თბილისის მომდურება-არმომდურებაზე რუსეთი არანაირად არ ღელავს. რუსეთის თვლის, რომ საქართველოს დღეს მართავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მას აწყობს, რომელიც მას ვერაფერს გაუბედავს და, შესაბამისად, არანაირად არ გაითვალისწინებს იმას, ქართულ საზოგადოებას ეს ეწყინება თუ არ ეწყინება. რუსეთს აქვს თავისი იმპერიალისტური დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგით ის ხელმძღვანელობს ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საჭიროება ან შესაძლებლობა ექმნება. დღეს ის თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერანაირად ვერ შეუქმნის რაიმე პრობლემას ამ დღის წესრიგის განხორციელებაში. ფაქტია, რომ ოკუპაციის და ყველაფერი იმის ფონზე, რაც გრძელდება მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში, „ქართული ოცნების“ რაიმე პრინციპული მიდგომა რუსეთის მიმართ კრემლს არ უნახავს. ალბათ, არც ახლა ელიან „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან არაფერს, რაც შეიძლება საყურადღებო იყოს

— აფხაზეთის ინტერესებში რამდენად არის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა?

— ეს არაფერს ცვლის არც აფხაზეთისთვის, არც იმ არარსებული მოკავშირეობისთვის, რომელშიც მათ იწვევენ. მე მგონია, რომ აფხაზებს მაინცდამაინც არც ჰკითხავენ, მაგრამ არგუმენტი შეიძლება ის იყოს, რომ ნახეთ, ჩვენ რაღაც საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში გიღებთ. აფხაზეთს, ბუნებრივია, გაუხარდება, თუ კიდევ ერთი ტოტალიტარული, სრულიად იზოლირებული სახელმწიფო აღიარებს მის არარსებულ დამოუკიდებლობას. რეალობაში, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ამით არაფერი იცვლება.

— რა რეაგირება უნდა ჰქონდეს საქართველოს ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე? საკმარისია თუ არა ის, რაც ამ დრომდე ვიხილეთ: ელჩის დაბარება, განმარტების მოთხოვნა და ის განცხადებები, რაც გაკეთდა?

— საერთოდ, ეს არის ტიპური დიპლომატიური რეაქცია ასეთ ვითარებაში, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში მას არანაირი ეფექტი არა აქვს. ვიღაცას შეიძლება შიგნით მწვავედ მოეჩვენოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ პრემიერ-მინისტრის განცხადებები, მაგრამ ლუკაშენკოსთვის არაფერი იცვლება. ის უკვე გარიყულია საერთაშორისო საზოგადოებისგან, მას ლეგიტიმურად არავინ მიიჩნევს და პირდაპირ დამოკიდებულია პუტინის კეთილ ნებაზე. როგორც კი პუტინი შეწყვეტს მის მხარდაჭერას, მისი ბედიც გადაწყვეტილი იქნება. ასე რომ, საქართველოს დიპლომატიური დემარშები და საპროტესტო ნოტები მისთვის აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. ეს არის დიდი ხნის დაგვიანებული. ლუკაშენკოსთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს არანაირი აზრი არა აქვს, რადგან ის უკვე პირდაპირ, სრულიად ყურმოჭრილად ემორჩილება პუტინს.

— საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ამ ნაბიჯით ბელარუსი ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკს მოუწოდა, „არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“. ფიქრობთ, რომ ბელარუსს ჯერ — აღიარებამდე — არ გადაუკვეთია წითელი ხაზი (როგორც ჩანს, ხელისუფლება ასე აღიქვამს) და ჯერ კიდევ რჩება სივრცე ბელარუსთან არსებული ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის?

— რა თქმა უნდა, უკანონო ვიზიტი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არის იგივე, რაც ოფიციალური აღიარება. დიპლომატიურად უნდა იყოს რეაგირების გრადაციები: მკაცრი პროტესტი, ელჩის დაბარება, ჩვენი ელჩის გამოწვევა… თუმცა ჩვენ ამ მომენტში არ გვყოლია ელჩი მინსკში, მაგრამ შეიძლება იყოს ჩვენი საელჩოს მხრიდან ბელარუსში დიპლომატიური დემარში და ა.შ… აღიარების შემდეგ კი ავტომატურად უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები.

ასე რომ, მე არ ვიჩქარებდი რაღაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ორმხრივ ურთიერთობებში ბელარუსთან. დაველოდოთ, იქნება თუ არა რეალურად მიღებული აღიარების გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, უკვე მიღებულია, მაგრამ იქნება თუ არა ეს განხორციელებული, რადგან ახლა უკვე პრაქტიკულად დაგვიანებულია — დიპლომატიურ ასპარეზზე ჩვენი ქმედებების რამე რესურსი არ არსებობს. თუ გამოცხადდება აფხაზეთის აღიარება, უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობა და იმედია, ამის შემდეგ მაინც, საქართველო შეუერთდება ყველა იმ სანქციას, რომელიც არის მიღებული ბელარუსთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

— საქართველო არ შეუერთდა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო დაწესებულ სანქციებს. ისევე როგორც ბელარუსის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებისა და დევნილი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის გატაცების შემდეგ არ გაუზიარებია საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია ლუკაშენკოს მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახლა რამდენად ძლიერ პოზიციაშია საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვოს თუნდაც ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის გამკაცრება საქართველოს საკითხის გამო?

— ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენს ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების ნდობა დაკარგული აქვს დიდი ხნის წინ. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ერთია, როდესაც არ უერთდები სანქციებს და ამას ამართლებ შენი რისკებით, და მეორეა, როდესაც გეუბნებიან — გაატარე რეფორმები სამართლიანი სასამართლოს ან არჩევნებისთვის და ამის პასუხად, შენი ამომრჩევლის დასაშინებლად იძახი, მეუბნებიან, მეორე ფრონტი გახსენიო. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ბრწყინვალედ ხედავენ და გარწმუნებთ, რომ ამ ხელისუფლების მიმართ არანაირი ნდობა აღარ არის დარჩენილი.

თქვენ რაც ბრძანეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უპრინციპობა არანაირად არ არის პრაგმატულობის ტოლფასი. ამ უპრინციპობისთვის ჩვენ არ მივიღეთ არანაირი ჯილდო. აღმოჩნდა, რომ თურმე რუსეთი აგრძელებს ისეთივე იმპერიალისტურ პოლიტიკას ჩვენ მიმართ, როგორსაც ის ატარებდა ჩვენი მხრიდან პრორუსული ქმედებების გარეშეც.

— ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის შეფასებისას თქვა, რომ ახლა კარგი დროა, საქართველოს მთავრობამ ბელარუსის დემოკრატიულ ძალებთან კავშირი დაამყაროს და ერთად აღუდგნენ წინ რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს. ამ მიმართულებით თუ უნდა გადაიდგას რაიმე ნაბიჯი, მაგალითად, თუნდაც სიმბოლური შეხვედრა ტიხანოვსკაისთან…

— მე მეეჭვება, ჩვენმა ხელისუფლებამ რამე გააკეთოს ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში, მაგალითად, საზღვარზე რეგულარულად ბლოკავდა რუსული ოპოზიციის ან კრიტიკული რუსული მედიის შემოსვლას. ძალიან მეეჭვება, რამე ნაბიჯი გადადგას პრინციპულობის და იმ მიმართულებით, რომელსაც ექნებოდა თუნდაც სიმბოლურ დონეზე რაღაც ფასი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მე რასაც გავაკეთებდი, იქნებოდა ჩვენს პარტნიორებთან ბევრად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის ბელარუსთან და, პირველ რიგში, რუსეთთან მიმართებაში.

აქ პრობლემა გვაქვს რუსეთთან და საქართველოს ხელისუფლების სრულიად კონტრპროდუქტიულ, ანტიეროვნულ, რუსეთისადმი მაამებლურ პოლიტიკასთან, რომელმაც ბევრი ეჭვი გააჩინა და მნიშვნელოვნად შეამცირა დასავლელი პარტნიორების ნდობა ჩვენ მიმართ, სამაგიეროდ კი არაფერი მოგვიტანა რუსეთის მხრიდან. ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი არის სიმპტომი იმისა, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა სრული კრახით დამთავრდა. ამის ნიშნები სხვაც იყო, მაგრამ ეს ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითია, რომ რუსეთის მიმართ „კუდის ქიცინი“, მაამებლური პოლიტიკის გატარება კრემლის მიერ არანაირად არ ფასდება. საქართველოს ხელისუფლება ამ პოლიტიკას მრავალი წელია ასაღებს პრაგმატულ პოლიტიკად, მაგრამ „პრაგმატიზმის“, უპრინციპობის და თუნდაც ამორალურობის შედეგად, რაღაცაზე თვალის დახუჭვით პრაქტიკულ შედეგს რომ არ იღებ, ამას არ ეწოდება პრაგმატული პოლიტიკა. საქართველოს არ აქვს შედეგი. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ სამაგიეროდ მშვიდობა გაქვს… უბრალოდ ჰკითხეთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კიდევ რამდენი მშვიდობიანი ქვეყანა იციან მსოფლიოში, რომელიც ოკუპირებულია; რომლის ოკუპაციის არაღიარების და დევნილების დაბრუნების თვალსაზრისით არანაირი პროგრესი არ არის; რომლიდანაც მასობრივად გარბიან ადგილობრივები და შემოდიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლისგანაც ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია?

— თქვენი შეფასებით, ლუკაშენკოს ჩასვლა აფხაზეთში არის არგაღიზიანების და რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკის კრახი… ფიქრობთ, რომ ამ ფონზე საქართველოს მთავრობა გაიაზრებს იმავეს და რამეს შეცვლის?

— არასდროს ყოფილა კრახის გარეშე, ყოველთვის უშედეგო იყო ეს პოლიტიკა. ის, რასაც შედეგად ასაღებდნენ — რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ისიც კრახი იყო იმიტომ, რომ ამით მოხდა ჩვენი მეტად დამოკიდებულებაში ჩაგდება ქვეყნის მიმართ, რომელიც ყოველ ჯერზე იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური ნიშნით. ეს ბევრჯერ აქვს გაკეთებული. ამის გასაღება წარმატებად უთავმოყვარეო ნაბიჯი მგონია. მშვიდობის შესახებ უკვე გითხარით…

მთავარი, რაც არ გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რაც არის მისი პრიორიტეტების გამოხატულება, — რომ ის მოქმედებს არა ეროვნულ ინტერესებში, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესში, — არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად უარი თქვა, ჩვენი მთავარი პარტნიორების მიერ ნამდვილ მოკავშირედ განხილულიყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ელოდნენ ჩვენგან ომის დაწყებას — პირიქით, ჩვენი მხრიდან სამხედრო ოპერაცია ან რამე გართულება მათთვის იქნებოდა პრობლემური, იქით გავხდებოდით მისახედი… გველაპარაკებოდნენ სანქციების რეჟიმში მონაწილეობაზე. და ერთადერთი, რასაც სინამდვილეში მოითხოვდნენ, იყო დემოკრატიული რეფორმების გატარება, რაც კატეგორიულად არ აწყობს ოლიგარქიულ მმართველობას, რადგან ეს შეასუსტებდა მათი კონტროლის ბერკეტებს არჩევნებზე, სასამართლოებზე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინსტიტუტებზე. ამ მოთხოვნების მიუღებლობის გამო დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, თითქოსდა დასავლეთი ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას.

რაც შეეხება იმას, გაიაზრებს თუ არა ეს ხელისუფლება არგაღიზიანების პოლიტიკის კრახს, დარწმუნებული ვარ, რომ არათუ გაიაზრებს, სინამდვილეში მშვენივრად იცის, რასთან აქვს საქმე, უბრალოდ ეცდება ახალი პროპაგანდისტული ტალღის აგორებას. ამ ხელისუფლების ერთადერთი პრიორიტეტი, როგორც მრავალი წელია დავინახეთ, არის ოპონენტებთან ბრძოლა და არა ეროვნული ინტერესების განხორციელება; არა ქართველი ხალხის კეთილდღეობა, არამედ ერთი კაცის სიმდიდრე და უსაფრთხოება. სხვა ინტერესებით ეს ხელისუფლება არ ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი