კომენტარი

ჯანეზაშვილი: სასამართლოსა და “ოცნების” ალიანსი უნდა დაიშალოს

4 ივლისი, 2022 • 1330
ჯანეზაშვილი: სასამართლოსა და “ოცნების” ალიანსი უნდა დაიშალოს

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში მოხვდა და მასზეა დამოკიდებული წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმის განხორციელებაა. რა უნდა გაკეთდეს სასამართლო სფეროში იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკომისიის რეკომენდაციის დაკმაყოფილება შეძლოს და რამდენადაა მზად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათ განსახორციელებლად? – „ნეტგაზეთი“ იუსტიციის საბჭოს ყოფილ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა. ის 3 ძირითად კომპონენტს გამოყოფს, რომელსაც სასამართლომ უნდა მიაღწიოს, თუმცა აღნიშნავს, რომ აქედან ერთის, დამოუკიდებლობის მიღწევა ყველაზე რთული ამოცანა იქნება.

ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ზოგადად არსებობს ინსტიტუტები და კანონები კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობისთვისაც არსებობს შესაბამისი მექანიზმები, თუმცა პრაქტიკაში საჭიროა ამ პრინციპების კონსოლიდაცია. რა გამოსავალი გესახებათ, მაგალითად, სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის შესაბოჭად, რომელსაც კლანად მოიხსენიებს არასამთავრობო სექტორი? საკმარისია თუ არა ამისთვის რაიმე სახის ლეგალური რეფორმა? ანუ როდესაც უვადოდ დანიშნული მოსამართლეების არაფორმალურ გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, იქ ფორმალური წესებით ბრძოლა შესაძლებელია? კლანის საკითხის გამოსავალს რაში ხედავთ?

მთავარი კომპონენტები, რაზეც სასამართლო უნდა იდგეს, სისტემის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფაა. სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით უნდა გამოიკვეთოს, თუ რამდენად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ამიტომაც, შემთხვევით არ გაჩენილა ჩანაწერი, რომ მართალია, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი აღიარებულია კონსტიტუციურად ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ პრობლემებია ფაქტობრივ დონეზეო. კერძოდ, ფაქტობრივად, სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება (ქვეყნის მთავრობა) არის შერწყმული ერთმანეთთან და ეს ორი ორგანო ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენთან ხელისუფლების დანაწილების მოდელი მუშაობს.

შესაბამისად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით, რაც ძალიან დიდი თემებია, არის გასატარებელი ძალიან ბევრი ღონისძიება. დამოუკიდებლობის კუთხით პირველი გადასადგმელი ნაბიჯი არის კლანის მმართველობისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სასამართლოს გათავისუფლება. უფრო ასე ვიტყოდი, პოლიტიკური ალიანსის დაშლა სასამართლოსა და ხელისუფლებას შორის – ეს იქნებოდა გამოსავალი.

ანგარიშვალდებულების კუთხით კიდევ უფრო შეიძლება დავუშვათ, რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმამ შედეგი გამოიღოს. მაგალითად, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხის დახვეწა შეიძლება იყოს ერთი ნაბიჯი და ა.შ. საკანონმდებლო ცვლილებები აქ უფრო მეტნაკლებად მოაგვარებს პრობლემას. რაც შეეხება მიუკერძოებლობას, ეს უკვე კონკრეტულ პროცესებს ეხება და ამ მხრივაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებები გატარდეს. თუმცა სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ყველაზე რთული იქნება შედეგების მიღწევა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მმართველობის უმთავრესი ორგანოა, თუ არის მისი რეფორმირება ისე შესაძლებელი, რომ გამოირიცხოს ვინმეს არაჯანსაღი გავლენები? საბჭოს რეფორმირებას ევროკომისიის რეკომენდაციაც ითვალისწინებს…

ევროკომისიის რეკომენდაციებში წერია საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების აუცილებლობაზე და, რა თქმა უნდა. აქ რა იქნება გამოსავალი, რა პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ საბჭოს მანკიერი პრაქტიკა იქნება თუ პრობლემები, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

ჩემზე რომ იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული, პირველ რიგში, მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილებით დავიწყებდი. ეს იქნებოდა რეალური რეფორმა. რეფორმად ის არ მიმაჩნია, რომ ერთი-ორი მინიმალური ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში. მე დავიწყებდი [საბჭოს] შემადგენლობის ცვლილებით, ჩემი სურვილია და ეს არ არის საერთაშორისო სტანდარტთან წინააღმდეგობაში. რამდენიმე თვის წინ ვენეციის კომისიის მიწვევით ერთ-ერთ ღონისძიებას ვესწრებოდი და ვხედავთ, რომ შეცვლილია ხედვები საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ადრე თუ უმრავლესობაში მოსამართლეები უნდა ყოფილიყვნენ მინიმუმ 50%-ით, საერთაშორისო დონეზე ამ საკითხზე დამოკიდებულება ასეთი მყარი აღარ არის. თუ ქვეყნის სპეციფიკა მოითხოვს, რომ შემადგენლობა იმგვარი იყოს, რომელიც უფრო მეტ დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს სასამართლო სისტემაში, ეს უნდა შეიცვალოს.

ამიტომ მგონია საქართველოში გამოსავალი, რომ უნდა გადაიხედოს საბჭოს შემადგენლობის პროპორციულობა მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და არამოსამართლე წევრები უნდა იყვნენ უმრავლესობაში. ვფიქრობ, ეს ბევრ რამეს შეცვლის, თუ, რა თქმა უნდა,  ეს არამოსამართლე წევრები მართლაც მრავალპარტიული კონსენსუსით იქნებიან არჩეულები.

როდესაც „კლანის“ გავლენების შემცირებაზეა საუბარი, ხშირად ახსენებენ უცხოელი მოსამართლეების მოწვევას, წინასაარჩევნოდაც რამდენიმე პარტია გამოსავლად სწორედ ამას ასახელებდა. რამდენად შეიძლება ეს იყოს გამოსავალი?

მე არ ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესია იურისტობაა. მე მგონია, საქართველოში არის რესურსი, რომ საკმარისი ღირსეული იურისტი მოიძებნოს, რომელიც იქნება კარგი მოსამართლე.

მაშინ რატომ ვერ ხდება სისტემაში ახალი კადრების შედინება? ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა მოწმობს, რომ საქართველოში მოქმედი მოსამართლეებისა და პროკურორების რაოდენობა დაბალია ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით. ხომ არ აქვს ადგილი სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინების ხელოვნურ დაბრკოლებას?

ზოგადად ასეა, როდესაც რომელიმე სისტემაში რეფორმა ტარდება, მერე იქ კარი იხსნება და მოდის ახალი ხალხი. მაგრამ ჩვენთან ეს არ ხდება. 4 ტალღის რეფორმა ჩატარდა სასამართლოში და აქედან რომელიმე მაინც რომ ყოფილიყო წარმატებული, სისტემა უნდა გახსნილიყო. ჩვენ კი უფრო ჩაკეტილობა მივიღეთ.

რა თქმა უნდა, პრობლემურია რომ ახალი კადრები არ ინიშნებიან და ჩაკეტილია სისტემა… მუდმივადაა მოსამართლეების ათეულობით ვაკანსია და საქმეთა რაოდენობიდან გამომდინარე საჭიროა ახალი მოსამართლეები. რეფორმებმა ვერ უზრუნველყო სისტემის გახსნილობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ბევრი რამ არის შესაცვლელი. ხელოვნურად ხდება სისტემის ჩაკეტვა. ეს სტრატეგიული მიდგომაა მათი [კლანის] მხრიდან იმისათვის, რომ გარედან არ შევიდეს განსხვავებული ხედვების ადამიანი და რაიმე ტიპის საფრთხე არ შეექმნას კლანურ მმართველობას. ამიტომ, ხელისუფლება ამას თანხმდება, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ არაფერი კეთდება სისტემის გახსნილობისთვის.

რადგან „კლანზე” ვსაუბრობთ, ევროკომისიის რეკომენდაციისა და ზოგადად EU-ს გადაწყვეტილების ფონზე სააპელაციო სასამართლოში კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნა რა მესიჯს აგზავნის?

ჩინჩალაძის დანიშვნა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნამდვილად არის მესიჯი, რომ ისინი ცვლილებებს არ განიხილავენ. ბევრი ფაქტორი მიუთითებს ამაზე. ერთი, რომ ჩინჩალაძე 5 წლის ვადით უკვე იყო ამ თანამდებობაზე და სხვა მოსამართლეებსაც უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გახდნენ თავმჯდომარეები. ერთი და იგივე ადამიანის ზედიზედ ორჯერ დანიშვნა არის პრობლემური, ჩემი აზრით, ზოგადი პრინციპიდან გამომდინარეც.

პროცესი, რომელიც გაიმართა საბჭოში და რომელსაც 50-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა, იყო კამპანიური ხასიათის და ეს არ იყო კონსულტაციები. ასევე, ჩინჩალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო, სხვა კანდიდატი არ ყოფილა და ამისი მიზეზი ჩვენ უნდა ვეძებოთ, ავხსნათ, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება კარგად დაფიქრება. სასამართლოში, სადაც 70 მოსამართლეა, რატომ იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი თავმჯდომარის ვაკანსიაზე? თუ ასეთი არაამბიციურები არიან მოსამართლეები, ისინი მოსამართლეები ვერ გახდებოდნენ.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი არის დროის მონაკვეთი: ამ დროს დანიშვნა, როცა ჩვენ რეფორმებს გვთხოვენ… და როცა რეფორმების წარუმატებლობა გაიგივებულია ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან და ჩინჩალაძეს ნიშნავ ამ თანამდებობაზე, ეს ყველაფერი არ ტოვებს განცდას, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, ძალაუფლება არ ჰქონდეს კლანს. ამიტომაა პრობლემური სწორედ ახლა ჩინჩალაძის დანიშვნა, ამით გვითხრეს, რომ ჩინჩალაძეც იქნება, კლანიც დარჩება და ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო.

რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ევროკომისიის შეფასებაში ნახსენები საქმეების მოსამართლეებზე ელექტრონულად განაწილების სისტემა და რა გამოწვევებია ამ მიმართულებით?

სერიოზული გამოწვევებია ელექტრონულად განაწილების წესში. საერთოდ, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა შემოვიდა იმისთვის, რომ შემთხვევითობის პრინციპი ყოფილიყო უმაღლეს დონეზე დაცული.

მაგრამ ამ დროს რა გააკეთა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ? წესი იმ დონეზე შეცვალა, რომ ძალიან ბევრი გამონაკლისებია, როდესაც გარკვეული კატეგორიის მოსამართლეები განიხილავენ ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობის საქმეებს, ვიდრე სხვები… მაგალითად, ჩინჩალაძე. მეორე მხრივ, პრობლემურია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებით შექმნეს ვიწრო სპეციალიზაციები. მაგალითად, ერთ მიმართულებაზე მუშაობს რამდენიმე მოსამართლე და საქმე როდესაც შედის, ნაწილდება ერთეულ მოსამართლეებში. საქმეების განაწილება ხდება არა ზოგადად ერთ პალატაში, არამედ ერთეულ მოსამართლეებს შორის, რაც შემთხვევითობის პრინციპს ძალიან ავიწროებს და აზრს უკარგავს.

ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ელექტრონული განაწილება უბრალოდ ტექნიკური მხარეა და არა ის, რომ მან უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იმით, რომ მოსამართლე ამა თუ იმ საქმეზე შემთხვევითობის პრინციპით იყოს არჩეული და არა ვინმეს მიერ. რა მივიღეთ – ჩინჩალაძეს შეუძლია, პარლამენტისა და საბჭოს გატარებული ცვლილებების შედეგად, თვითონ გადაანაწილოს მოსამართლეები, ვინ რომელი ვიწრო სპეციალიზაციით იმუშავებს და რამდენჯერაც უნდა, ამას იმდენჯერ შეცვლის. შესაბამისად, საქმეს შემთხვევითად გაანაწილებს სისტემა უკვე იმ 3-4 მოსამართლეზე, ვისაც ჩინჩალაძე აარჩევს. ანუ ეს აღარაა ის სტანდარტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

თუკი მოსამართლის თავმჯდომარის როლი ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენად შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად თავად სასამართლოები ირჩევდნენ თავმჯდომარეებს, შეუძლია ამას არსებითად შეამციროს „კლანის“ გავლენა?

არა მაინცდამაინც პროცედურული მიდგომა იქნება გამოსავალი, არამედ უნდა შეიცვალოს თავმჯდომარის კონცეფცია. თავმჯდომარე მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არ უნდა იყოს, ის არის მენეჯერი. მნიშვნელოვანი ფუნქციები მას უნდა გამოეცალოს. მენეჯერები გვყავს სასამართლოებში და მან უნდა შეითავსოს ეს და თავმჯდომარე უნდა იყოს უბრალოდ სასამართლოს წარმომადგენელი მოკლე ვადით. არ არის აუცილებელი, თავმჯდომარე 5 წლით ინიშნებოდეს და შემდეგ, ჩინჩალაძის მსგავსად, კიდევ მეორე ვადით. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა და მგონია, კონცეპტუალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა. თუ ეს შეიცვლება, შემდეგ პროცედურა აზრს დაკარგავს. ჩვენთან ეს არის პრივილეგიების და პირადი ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება, რაც უნდა ამოვძირკვოთ.

რა არის საჭირო გახმაურებულ და პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისთვის როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში?

ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. თუ ხელისუფლებას სურს, რომ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინოს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. იმავე პრეზიდენტის მხრიდან იყო საუბარი შეწყალებაზე. მექანიზმი ყოველთვის არსებობს, რითაც შეიძლება ეს მოგვარდეს, მაგრამ ამის წამალი, პრევენცია არის ის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება და კლანი დავაშოროთ ერთმანეთს. მანამ, სანამ ეს მოხდება, ეს პრობლემა სულ დარჩება. ინსტიტუციების კავშირზე კი არაა ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ მათ აქვთ ჩამოყალიბებული კარგი მეგობრული ურთიერთობა და ნებისმიერ დროს, პირადი ურთიერთობები იქნება თუ პოლიტიკური გავლენები, ასეთ პრობლემებს იწვევს.

მართლმსაჯულების სისტემაში ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც ევროკომისიას წლის ბოლოს ათქმევინებს, რომ საქართველომ დაკისრებული ვალდებულებები წარმატებით შეასრულაო, თქვენი აზრით, 6 თვეში შესაძლებელია?

გააჩნია კომპონენტებს, თუ ვსაუბრობთ ანგარიშვალდებულებაზე, ეფექტიანობაზე, მოსამართლეების დანიშვნაზე და ასეთ საკითხზე, აქ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებით მეტნაკლებად უფრო დაიხვეწოს საკითხები და წინ წაიწიოს სასამართლო რეფორმის თემამ. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, აქაც შეიძლება დამატებითი რეგულაციების შემოღება, მაგრამ იმდენად ბევრჯერ გვაქვს ეს ფილმი ნანახი, ძნელი წარმოსადგენია, ამით რამე შეიცვალოს.

ამ სისტემაში თქვენი მუშაობის გამოცდილება რას გკარნახობთ, არის თუ არა “ქართული ოცნება” მზად, გადადგას ნაბიჯები და შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები?

ძალიან რთული იქნება ამ ხელისუფლებისა და ამ კლანის ერთმანეთისგან დაშორება, რასაც რეალურად ვითხოვთ. პირადად მე ცოტა წარმოუდგენელიც მგონია.

რომ თქვან, რაღაც ნაბიჯებს გადავდგამთო, ეს აღიარება იქნება, რომ კლანთან ალიანსში არიან. ამიტომ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ, რომლის მუშაობის მთავარი პრინციპი და ძალაუფლება იდგა იმაზე, რომ კლანთან ჰქონდა კარგი კავშირი და სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ასარგებლებდა… ძალიან რთული იქნება კლანის და პოლიტიკური ხელისუფლების ერთმანეთისგან დაშორება.

არ ვიცი, ეს როგორ უნდა განხორციელდეს, როდესაც ასე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული… იმდენად ბევრ საქმეში გახდნენ თანამოაზრეები… მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, მეორე მხრივ კი, კლანს, რომელიც სასამართლოებში მისთვის სასურველ კანდიდატებს ნიშნავს. ბევრი ისეთი ნიუანსია, მათი თანამშრომლობა რომ ჩანს ამ წლების განმავლობაში, ძალიან რთული იქნება მათი ერთმანეთისგან დაშორება.

ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ნაწილში ძალიან რთულად მესახება [ევროკომისიის რეკომენდაციის] ამის შესრულება, მაგრამ ვგულშემატკივრობ ამ რეფორმას, ცხადია. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ, რომ ერთ საქმეზე გაჩნდა ეს პრობლემა, ან ბოლო წელში დავინახეთ.

სასამართლოს ინსტიტუციური მეხსიერება ასეთია, რომ ის არის არა დამოუკიდებელი, არამედ დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, ორი ათეული წელი ისე გავიდა, რომ სასამართლო ყოველთვის დამოკიდებულია პოლიტიკურ ინტერესებზე.

თუნდაც ირაკლი კობახიძის გამოსვლა რომ გავიხსენოთ, მოსამართლის ტრენინგი რომ გახდება პოლიტიკური პარტიის ლიდერის სასაუბრო თემა, ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება მმართველი ძალის პოლიტიკური ლიდერი გამოდიოდეს და ამბობდეს, მოსამართლე ტრენინგზე უნდა წავიდეს თუ არა. მაგრამ გახდა [სალაპარაკო თემა], რადგან ტრენინგზე არწასვლა იყო შედეგი იმ გადაწყვეტილებისა, რაც იმ მოსამართლემ მიიღო [საუბარია ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმეზე. რედ]. შესაბამისად, როცა [სასამართლოს] დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, მახსენდება ეს განცხადებები, საქმეები და ცოტა მიჭირს იმის დაჯერება, რომ შეიძლება რეალური იყო [სასამართლოს დამოუკიდებლობა]. არ მინდა პესიმიზმი შევიტანო, ვგულშემატკივრობ ამ პროცესს და მინდა განხორციელდეს.

ვინ ან რამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, ეს ნაბიჯი გადადგას? სასამართლო რეფორმას ხომ ვერ განვიხილავთ როგორც განცალკევებულ საკითხს, რამდენად დიდია მისი პოზიტიური როლი ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებზე?

საზოგადოებამ უნდა იცოდეს კარგად, ჩვენ რომ ამდენი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში: სიღარიბის, სამუშაო ადგილების, ადამიანის უფლებების დაცულობის ხარისხის, პოლიტიკური მართლმსაჯულების თუ ხელისუფლების ჭარბი ძალაუფლების კუთხით – ყველა ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს სასამართლოს მიერ, თუ ის იქნება დამოუკიდებელი, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული. როცა ასეთი პრობლემებია სასამართლოში, ის ქვეყანაზე ახდენს გავლენას.

მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იციან, რომ ამ ქვეყანაში პრობლემაა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით და აქვთ ინფორმაცია თუნდაც იმაზე, დავები რომ დაიწყება, წლობით აღარ მთავრდება – ასეთ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება მათთვის არის რისკი.

ელემენტარული შრომითი დავა, რომელიც შეიძლება დასაქმებულთან წარმოიშვას, შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდხანს და უშედეგოდ, ისევე, როგორც სახელმწიფოსთან პატარა, მცირე დავები.

ამიტომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თუ ჩვენ გვექნება კარგი, დამოუკიდებელი ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სასამართლო – ეს ყველაფერზე დადებით გავლენას მოახდენს. ამიტომ კონსოლიდაციაა საჭირო  იმისათვის, რომ რაღაც შედეგი დადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი