კომენტარი

ქართველებმა იციან, ვინაა დამნაშავე ევროკომისიის დასკვნის გამო – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს

23 ივნისი, 2022 • 1179
ქართველებმა იციან, ვინაა დამნაშავე ევროკომისიის დასკვნის გამო – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში, ოპოზიციასთან ერთად, „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა გუშინ, 22 ივნისს, პარლამენტში სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მაიკლ გალერის თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის , ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რისი გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია.

„დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრაციას ახდენს, უკეთ იცის, ვინ არის დამნაშავე იმ ფორმულირების გამო, რომლის არჩევაც ევროკომისიას მოუწია, რათა სათანადოდ და სამართლიანად მოეგვარებინა საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული ამოცანები“, – დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოთვალა, ვინ იმუშავა, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, ადგილობრივი ოპოზიცია არის მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე ამ პროცესში. ღარიბაშვილის მტკიცებით, მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, რომ იმავე პირობებით მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ.


17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი