ახალი ამბები

ღიად ვადებ ხელს, ვინ ითხოვდა, საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი — ღარიბაშვილი

22 ივნისი, 2022 • 1383
ღიად ვადებ ხელს, ვინ ითხოვდა, საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოთვალა, ვინ იმუშავა, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, ადგილობრივი ოპოზიცია არის მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე ამ პროცესში. ღარიბაშვილის მტკიცებით, მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, რომ იმავე პირობებით მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ.

„მართლა ამათი [ოპოზიციის] ბრალი კი არ არის ახლა სტატუსი… ერთ-ერთი მონაწილეები არიან ამ პროცესში, ამ მავნებლურ საქმიანობაში ესენი, ევროპის სახალხო პარტია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, — პირდაპირ, ღიად ვადებ ხელს. დიახაც, მე მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ისინი ითხოვდნენ დაჟინებით, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ესაა ფაქტი, რაც მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან და არა თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგან“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ჰკითხა ოპოზიციას, რა გააკეთეს, რომ “მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი” რეზოლუცია არ მიეღო მათ პარტნიორ ევროპის სახალხო პარტიას.

„პირიქით, თქვენ უკიჟინებდით და თქვენი დალობირებულია, თქვენი მომზადებული ტექსტი იყო ყველა ის ჩანაწერი, ის უსამართლო და სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქვეყანას. ამას ჰქვია მავნებლობა. როცა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ამ დროს ასეთი მავნებლური, მტრული გადაწყვეტილება გამოაქვს შენს ვითომ, ასე ვთქვათ, პარტნიორ პარტიას, სახალხო პარტიას, და შენ არაფერს აკეთებ, რომ გაანეიტრალო, დადგე შენს პირად ეგოზე მაღლა და რაღაც სახელმწიფოებრივი მაინც გააკეთო, ერთხელ მაინც, ამას ჰქვია მავნებლობა, მტრობა ჰქვია ჩვენი ქვეყნის, მეგობრებო“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ტყუილია, თითქოს „ქართული ოცნების“ პატნიორმა ევროპელმა სოციალისტებმა დაუჭირეს მხარი რეზოლუციას.

„სოციალისტურმა პარტიამ, რომლის ჯგუფშიც ვართ ჩვენ გაწევრიანებული, არ დაუჭირა მხარი, ასეა, მე მგონი, და სხვებმაც“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ პარტნიორი ევროპელი სოციალისტების პარტია თანაავტორია ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის, რომელშიც საქართველოში მედიის მდგომარეობას ეხება. „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ შესწორებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგორევას თქმით, სიცრუეა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ხელს უშლიდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ოპოზიცია გვევედრებოდა სტატუსს, ნუ ცრუობთ – ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი