საზოგადოება

რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

17 ივნისი, 2022 • 2157
რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი

ევროკომისიის ლიდერების დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ არაერთი შეკითხვა გაჩნდა.

  • რა სხვაობაა იმ სტატუსებს შორის, რომელიც, ევროკომისიის თანახმად, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა მიიღონ ევროინტეგრაციის გზაზე?
  • რას გულისხმობს თითოეული ქვეყნისთვის და საქართველოსთვის დასაწესებელი მოთხოვნები?
  • რა სიგნალს უგზავნის ეს საქართველოს ხელისუფლებას?
  • რა უნდა გააკეთოს მან იმისათვის, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს?

ანალიტიკოსთა  შეფასებით, ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ საქართველოს კვლავ აქვს შანსი გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის კი ყურადღება საზოგადოებაზე გადადის.

რა სხვაობაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა- პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს.

სამივე ქვეყნის პროგრესს ევროკომისია 2022 წლის ბოლოს შეაფასებს.

ევროკომისიამ წარსულში, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი  მონტენეგროს მიანიჭა. ამ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2008 წელს, სერბეთისგან გამოყოფიდან ორი წლის შემდეგ გააკეთა. 2010 წელს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მონტენეგროსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა გამოყო 7 მნიშვნელოვანი პირობა, რომელთა შესრულებაც იყო აუცილებელი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

მონტენეგროს დაევალა საარჩევნო კანონმდებლობის, საჯარო სამსახურისა და მართლმსაჯულების სფეროების გაუმჯობესება, ასევე, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კუთხით- ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მედიის თავისუფლების განმტკიცება, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება და პრაქტიკაში აღსრულება.

საბოლოოდ, რეფორმების შემდეგ, მონტენეგროს ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის 29 ივნისს დაიწყო და კვლავ გრძელდება.

მსგავსად მონტენეგროსი, რეფორმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირი დაიწყებს გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

საქართველო ამ მოცემულობით მოლდოვასა და უკრაინაზე 1 ნაბიჯითა და პოტენციურად რამდენიმე წლით უკანაა. ეს შემთხვევა ჰგავს ალბანეთის მაგალითს.

ტირანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს გააკეთა, რის შემდეგაც ევროკომისიამ თავის მოსაზრების დოკუმენტში განაცხადა, რომ მანამ, სანამ გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყებოდა, ალბანეთს უნდა დაეკმაყოფილებინა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, კერძოდ, უნდა დაკმაყოფილებულიყო 12 ძირითადი პრიორიტეტი, მათ შორის, იყო პარლამენტის გამართული მუშაობა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, ომბუდსმენისა და მოსამართლეების დროულად დანიშვნა, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარება, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაცია, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, ციხეებში შესაბამისი პირობების შექმნა და სხვა.

2013 წელს ევროკომისიამ ალბანეთის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მიღწეული პროგრესის შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმული იყო, რომ 2013 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში ჩატარდა შეუფერხებლად და მოწესრიგებულად.

საბოლოოდ ალბანეთმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2014 წელს მიიღო, ხოლო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროსაბჭომ გადაწყვეტილება 2020 წელს დააფიქსირა.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად ალბანეთმა განაცხადის გაკეთების შემდეგ დაახლოებით 5 წელი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად დამატებით 6 წელი, ჯამში კი, 11 წელი დაკარგა.

ევროკომისიის მოთხოვნები – რა უნდა შეასრულონ საქართველომ და დანარჩენმა ქვეყნებმა 

სამ ქვეყანას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნას ევროკომისია საქართველოს უწესებს.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების დოკუმენტის თანახმად, რომელზე დაყრდნობითაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საბჭომ, უკრაინამ უნდა შეასრულოს 7, მოლდოვამ – 10, საქართველომ კი 12 პირობა, ოღონდ ამის სანაცვლოდ, საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდება, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მოლაპარაკებების გახსნისთვის დაიწყებენ მუშაობას.

ევროკომისიის თანახმად, ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლის, ოლიგარქიის გავლენების აღმოფხვრის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისა და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის წახალისების მიმართულებით.

საქართველოსთვის წარმოდგენილ მოთხოვნებში ასევე წერია, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის დოკუმენტის“] სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით;
  • გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებზე და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და [მათზე თავდასხმების] შემთხვევაში.
  • ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოფილ იქნას ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ქვეყნებისთვის მოთხოვნილი პირობების შესახებ მეტის გასაგებად იხილეთ მასალები:

ევროკომისიის გადაწყვეტილება – სიგნალი საქართველოში

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის, კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილებით კვლავ დაუტოვა საქართველოსა და ქართულ საზოგადოებას ცვლილებების მოხდენის შანსი, თუმცა ახლა ჯერი უშუალოდ ამ საზოგადოებაზეა.

„საქართველოს შანსი დაუტოვეს, ეს არ არის პირდაპირი უარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანამ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, ერთი ნაბიჯი კი -უკან.

ამ თვალსაზრისით საქართველო კვლავ ინარჩუნებს შანსს, რომ გარკვეულწილად მოახდინოს ცვლილებები იმ სურვილების მიხედვით, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააჩნია, მაგრამ აშკარად ჩანს დღევანდელი გამოხმაურებებიდან,  რომ ხელისუფლება არაადეკვატურად აღიქვამს ამ დადგენილებას და ცალმხრივად, საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს, რომელიც აცდენილია რეალობას.

ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად მოახერხებს ქართული საზოგადოება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეები, სტუდენტები, მედია, გარკვეული წნეხის ქვეშ მოახვედროს ხელისუფლება“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ხელისუფლება საკუთარი ნებით არ განახორციელებს რეფორმებს.

„ეს მთავრობა უკვე ხელისუფლების შენარჩუნების რეჟიმშია. ეს მოთხოვნები ნიშნავს, რომ მთავრობას ნელ-ნელა გამოეცლება საყრდენი. ამიტომ ისინი ამაზე, ბუნებრივია, არ წავლენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შეძლებს ხალხი წნეხის განხორციელებას, რათა ხელისუფლებამ სწორად გაიგოს ბრიუსელიდან გზავნილები.

როცა საუბარია დეოლიგაქრიაზე, ხოლო გვესმის სულ სხვა რაღაც, აშკარაა, რომ მათ არ სურთ ამისი გაგება. განა ის, რომ არ ესმით, არამედ ის, რომ არ უნდათ გაიგონ, რადგან ეს დაკავშირებულია მათ ხელისუფლებაში ყოფნაზე.

ეს გზავნილი არ არის მხოლოდ ხელისუფლებისთვის. მთავარი გზავნილი არის ქართველი ხალხისთვის. ხალხი თავადაა ხელისუფლების წყარო, ამიტომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს ძირითადი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ხელისუფლების გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლება შეასრულებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წამოყენებულ ყველა პირობას.

კობახიძის თანახმად,  ხელისუფლება მოხარულია, რომ ევროკომისიამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა.

მისივე განცხადებით, დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე.

კობახიძის თქმით, საქართველოში ოლიგარქები მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი არიან და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ ოლიგარქებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.

მისივე თქმით, ხელისუფლება აღარ აპირებს “ფარდის ახდასაც” ევროკავშირისთვის.

„ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ევროკომისიის მოსაზრებებზე დაყრდნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს საკითხზე ევროპული საბჭო მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი