კომენტარი

ხიდაშელის თქმით, უზდენოვთან ხორბლის შემოტანაზე მუშაობს, თუმცა პრემიერი მათ არ შეხვედრია

26 აპრილი, 2022 • 3090
ხიდაშელის თქმით, უზდენოვთან ხორბლის შემოტანაზე მუშაობს, თუმცა პრემიერი მათ არ შეხვედრია

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია, ხოლო ალი უზდენოვთან რუსეთიდან ხორბლის შემოტანის იდეას ამუშავებს. ხიდაშელის თქმით, სწორედ ამ საკითხზე შეხვდა საქართველოში ალი უზდენოვს, ბიზნესმენებსა და მეხორბლეებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა არ გამართულა.

„ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი. რამდენიმე წლის წინ მთხოვეს ჩავრთულიყავი ერთ-ერთ ბიზნესსაკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა აღნიშნულ საკითხში არ ჩავრეულვარ. „რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია „სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი, ვინაიდან ეს საკითხი მე არ მეხება“, — ნათქვამია ხიდაშელის განცხადებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ალი უზდენოვთან დაკავშირებით, ხიდაშელი აღნიშნავს, რომ „ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან“.

„მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის კონსორციუმის შექმნა დავიწყე და გეგმაში მაქვს ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. გარდა ამისა, ვამუშავებ შესაძლებლობას, რომ რუსეთში ღვინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით მოხდეს ხორბლის შემოტანა რუსეთიდან, ვინაიდან საქართველოში არის ხორბლის საჭიროება. ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნესსექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნესსექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, — აცხადებს ხიდაშელი.

დავით ხიდაშელი წინააღმდეგობაში მოდის ვლადიმერ ევტუშენკოვის განცხადებასთან, რომლის თანახმადაც, ალი უზდენოვი შეხვდა პრემიერს, თუმცა არა საქმიან, არამედ „დასვენების“ საკითხზე.

ამასთან, ხიდაშელის განცხადებიდან ცხადი ხდება, რომ „დავითი“, რომელიც, სავარაუდოდ, ევტუშენკოვისა და ივანიშვილის ჩანაწერში ფიგურირებს, სწორედ დავით ხიდაშელია.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა.

ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი