საზოგადოება

ევტუშენკოვი ივანიშვილთან ზარებს ადასტურებს და ამბობს, რომ ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენების“ საკითხზე შეხვდა

26 აპრილი, 2022 • 3834
ევტუშენკოვი ივანიშვილთან ზარებს ადასტურებს და ამბობს, რომ ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენების“ საკითხზე შეხვდა

ტელეკომპანია „ფორმულას” ცნობით, ვლადიმერ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მარტში ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა, თუმცა საუბრის საკითხი არ ყოფილა „პოლიტიკური“ და ბიზნესთან დაკავშირებული, ხოლო მისი წარმომადგენელი ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენებაზე“ ესაუბრა.

ფორმულას თანახმად, სატელეფონო ინტერვიუ ვლადიმერ ევტუშენკოვთან ასე წარიმართა:

  • „მინდოდა, დამეზუსტებინა, თქვენ ესაუბრეთ ბიძინა ივანიშვილს ალი უზდენოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით?
  • ბოლოს ბიძნა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე.
  • ამის შემდეგ არ გისაუბრიათ? რადგან გავრცელდა თქვენი საუბრის ჩანაწერი…
  • ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწრებიდან „ფეიკია“.
  • ალი უზდენოვი არ იყო საქართველოში, არ შეხვედრია პრემიერ ღარიბაშვილს?
  • საქართველოში იყო. პრემიერსაც შეხვდა.
  • მარტში?
  • არ მახსოვს, როდის. მგონი, მარტში.
  • მიზანი რა იყო?
  • არაფერი პოლიტიკური არ იყო. მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
  • საქმიანი მიზანი რა ჰქონდა მის ვიზიტს?
  • სჯობს, მას ჰკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი.
  • რამე საქმიანი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან გაკავშირებთ? 
  • საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული. და არც არასოდეს მქონია. მაშინაც კი, როდესაც ბიძიან ივანიშვილს ჰქონდა ბიზნესი, არ მქონდა კომუნიკაცია. ყოველთვის ვმეგობრობდით.
  • გუშინ გავრცელდა ჩანაწერი, რომ ალი უზდენოვი ჩამოვიდოდა საქართველოში და თქვენ ეუბნებით ბიძინა ივანიშვილს, რომ მას შეხვდეს.
  • არა… ა, კი, ვილაპარაკეთ დასვენების საკითხზე.
  • პრემიერთან დასვენების თემაზე ისაუბრა? 
  • ვფიქრობ, კი.
  • უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებით ესაუბრეთ ივანიშვილს? გთხოვთ, გაიხსენოთ და დაგვიდასტუროთ ან უარყოთ…
  • თქვენ რა, პროკურორი ხართ?“

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც,  საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა.

ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით  კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა –  ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის  წარმომადგენელს?

მასალების გადაბეჭდვის წესი